“მაყურებლებთან” გარიგებული ციხე – პატიმრის წერილი

ციხეში “კრიმინალური ავტორიტეტების” გავლენები იზრდება და არაფორმალური მმართველობა ძლიერდება. “შაბათის მთავარს” წყარო უყვება, როგორ თანამშრომლობენ ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის წევრები და ციხის ადმინისტრაცია.

ხელისუფლება ისევ ამტკიცებს, რომ ციხეებში დღეს პატიმართა უფლებები დაცულია და არ არსებობს არაფორმალური მმართველობა, თუმცა სულ სხვა რამეზე მიუთითებს ის წერილი, რომელიც მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან მივიღეთ.

ცემა, ფულის გამოძალვა, მსჯავრდებულთა მიმართ უთანასწორო დამოკიდებულება. ჩვენი რესპონდენტი კონკრეტულ ფაქტებს ყვება.

გლდანის ციხიდან მიღებულ წერილში, ბრალდებული, რომელიც უმძიმეს დანაშაულზე საუბრობს. ავტორის ვინაობას მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ.

“საკანში ბადრაგი შემოვიდა და მითხრა, რომ გავყოლოდი. უფროსობას უნდა შენი ნახვაო. ეს ბადრაგი ჩვენ სართულზე არ მორიგეობდა, კი გამიკვირდა მარა რას ვიზამდი, ავდექი და გავყევი. ღამე იყო გვიანი, ზუსტი დრო არ მახსოვს. სხვა კორპუსში გადამიყვანა , ერთ-ერთი საკნის კარი გამოაღო და მითხრა შედიო. კარი მოხურა თუ არა, ვინც იქ იყო , დაახლოებით 7-8 კაცი მეცა და ცემა დამიწყო. წინააღმდეგობა გავუწიე, მარა ბოლოს თავში ჯოხი ჩამარტყეს. რამდენიმე წუთში ისევ იგივე ბადრაგმა გააღო კარი და წამიყვანა ექიმთან. თავი შემიხვიეს და ისევ იგივე ტიპმა წამიყვანა საკნისკენ, იმ საკნისკენ სადაც ჩემზე თავდასხმა მოხდა. რო ვკითხე ისევ აქ რატო მომიყვანესთქო, მითხრა შედი ყველაფერი კარგად იქნება არ ინერვიულოო. შევედი და სულ სხვა ადამიანები დამხვდნენ იქ” – ნათქვამია წერილში.

გლდანის ციხეში პატიმართა უკანონო მეთოდებით დამორჩილების სქემა ასეთია: დაწესებულებაში შესახლებისთანავე, ახალ პატიმარზე ე.წ მაყურებლები ადმინისტრაციისგან დეტალურ ინფორმაციას იღებენ. ვინ არის, რას წარმოადგენს, რა ბრალდებით არის დაკავებული, აქვს თუ არა მას ან  მის ოჯახს ფული და ა.შ.  თუ ახალი პატიმარი  საინტერესო და სარგებლის მომტანი აღმოჩნდება, გაიცემა დავალება –  მიიყვანონ იმ საკანში სადაც ციხის უფროსის სადამსჯელო რაზმია, ანუ ის გავლენიანი პატიმრები რომლებსაც ყველაფრის უფლება აქვთ და რომლებიც მას ფიზიკური ძალადობითა და მუქარით აიძულებენ აზარტული თამაშის თამაშს. ახალი პატიმარი აუცილებლად წააგებს და დიდი ფულის  გადახდა მოუწევს. ე.წ მაყურებლებთან შეჰყავთ ისინიც,  ვისზეც  გარედან არის დარეკილი რომ ფიზიკური  ანგარიშსწორება უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა ფულის სანაცვლოდ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share