ერთ თვეზე ნაკლებ დროში ევროკავშირმა ჩვენთვის წევრობის კანდიდატის მონიჭება-არმონიჭების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დადებითი პასუხის მოლოდინში კი იზრდება ინტერესი, რას მოუტანს ის თითოეულ მოქალაქეს. პოლიტიკურთან ერთად, როგორ გაიზრდება ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობები და როგორ შეგვიძლია მოსალოდნელი სიკეთეების გამოყენება, ამ საკითხებზე ვესაუბრეთ “საქართველოს განვითარების პლატფორმის” (GeoDP) თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილს:
– ევროკავშირთან რაც უფრო ინტეგრირებული ხარ, რაც უფრო უახლოვდები გაწევრებას, მისი რესურსებიც სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, ოღონდ ევროკავშირის რესურსები დაკავშირებულია კონკრეტულ სექტორში გადასადგმელი ნაბიჯების ერთობლიობასთან, სხვადასხვა ამოცანასთან, რეფორმასთან და სხვა. თუ გადავხედავთ აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილებას, როცა მისი ქვეყნები გაწევრების წინა პერიოდში იყვნენ 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში, ისინი სხვადასხვა ინტენსივობით ახერხებდნენ რესურსების მოძიებასა და ათვისებას, რასაც დიდწილად განაპირობებდა ხელისუფლებების ქმედებათა ერთობლიობა. მაგალითად, კლასიკური მხარდაჭერის ფორმაა, როცა ახდენ კონკრეტული სფეროს რეფორმირებას და ამაში ითხოვ დახმარებას. განსაზღვრული აქვთ საშუალო და გრძელვადიანი ამოცანები, ასევე ამ ამოცანების გადასაჭრელი ნაბიჯები. ხშირად ამას ამოცანების მატრიცასაც უწოდებენ. შესაბამისად, გადმოსაცემი საგრანტო რესურსი განაწილებულია ტრანშებად. განსაზღვრული ამოცანების ერთობლიობის შესრულების შემდეგ ჩამოდის მონიტორინგის ჯგუფი, აფასებს შესრულების პროცენტს და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადმოირიცხება ტრანშის ის პროცენტი. არის ევროკავშირის რესურსების მიღების სხვა ფორმებიც, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ჩვენი სახელმწიფოსთვის ტიპური ფორმაა – ანუ ამოცანებზე მიბმული საგრანტო მხარდაჭერა.
პროცესი იწყება ამოცანების მატრიცების შემუშავებით და კონკრეტული სამინისტროს მენეჯმენტზეა დამოკიდებული, ამოცანების შემუშავებისას რას ჩათვლის საკმარისად და ექნება თუ არა ამბიცია, უფრო მეტი ამოცანა დასახოს და შესაბამისად, მეტ რესურსზე ჰქონდეს წვდომა.
– დღის წესრიგი, თუ რა არის გასაკეთებელი, ევროკავშირთან შეთანხმდება. ყველა უწყება თავის სფეროში ევროკავშირთან ერთად ადგენს საშუალოვადიან პერიოდში გადასაწყვეტ ამოცანათა ერთობლიობას, მერე ის შეიკრიბება და მთავრობა ევროკავშირთან შეთანხმებით მიიღებს, შემდგომ კი თავის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებად ანაწილებს. ეს არის დიდი პროცესი და ამ დროს ზოგიერთ უწყებას შეიძლება ჰქონდეს მინიმალისტური მიდგომა, ზოგს კი პირიქით – უფრო ამბიციური გეგმები. თუ გააკეთებს მაქსიმუმს ან მასთან მიახლოებულს ერთ ან ორ წელიწადში, მეტ რესურსსაც მიიღებს. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა ათი წელიწადიც მოენდომებინა იმავეს გაკეთებისთვის. იდეაში, მაინც მთავრობის პოლიტიკაზეა დამოკიდებული, რეფორმების შესრულების ტემპის როგორი ხედვა აქვს, მაგრამ მანევრირება უწყებებსაც შეუძლიათ.
– რას ნიშნავს ამბიციური და არაამბიციური ხედვა? ევროკავშირი რამე ჩარჩოს არ ადგენს?
– მაგალითად, ვარ განათლების სამინისტრო და განსაზღვრული მაქვს, რომ პროფესიულ განათლებაზე რამდენიმე დოკუმენტი უნდა მივიღო. ამაზე დაწყებული მაქვს მუშაობა, მეხმარებიან სხვა დონორებიც. შევეცდები, ამოცანების მატრიცაში ჩავდო ისეთი პუნქტები, რომელთაც ვიცი, რომ დიდი ალბათობით შევასრულებ. მონიტორინგიც რომ ჩამოვა, შესრულებულად შემიფასებს. ეს არის მინიმალისტური ანუ არაამბიციური მიდგომა. არსებობს ისეთი მიდგომაც, როცა ევროკავშირს ეუბნები, რომ მზად ხარ უფრო მეტი ამოცანის შესრულების ვალდებულება აიღო, თუ იქნება უფრო მეტი რესურსი. ევროკავშირსაც შეზღუდული აქვს რესურსები, მაგრამ მას გაცხადებული აქვს ამ სექტორულ მხარდაჭერაში ყველა ქვეყნისთვის Mორე ფორ მორე ანუ “მეტი მეტისთვის” პოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტს აკეთებ, მით გეზრდება ხელმისაწვდომობა რესურსებზე. დღევანდელი მოცემულობით, როდესაც სტატუსი არ გვაქვს და მხოლოდ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებთ, ევროკავშირიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად 120-150 მილიონი ევრო მოდის.
– სტატუსის მიღების შემდეგ ეს რამდენი შეიძლება გახდეს?
– ჯერ ვთქვათ ის, რომ ჩვენ გვქონდა პოტენციალი, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რომ არა 120-150 მილიონის, არამედ საშუალოდ 200 მილიონი ევროს ფარგლებში ყოფილიყო. ამიტომ, ვფიქრობ, ზოგიერთი მიმართულებით შესაძლებლობები დაკარგულია.
– რა მიმართულებას გულისხმობთ და რატომ დაიკარგა ეს შესაძლებლობები?
– 2000-იანი წლების დასაწყისშიც გაცილებით უკეთ ირჯებოდა პოლონეთი, ვიდრე ჩეხეთი. მერე ჩეხეთს შიდა რეფორმები დასჭირდა, რათა მეტი რესურსი მოეზიდა. მათ მოზიდვას კი შიდა ინსტიტუციების შექმნა სჭირდება… არის ქვეყნებს შორის კონკურენციაც და უნდა იცოდე, რისი გაკეთება როგორ შეიძლება. ჩვენთან ის პრობლემაა, რომ არ ჩამოყალიბდა დახმარების ყოველწლიური ზრდის ტენდენცია. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი დონის ქვეყნებში იყო მნიშვნელოვანი ზრდა, იქაც იგივე მდგომარეობაა, მაგრამ თუ შევადარებთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრების წინა პროცესებს, იქ გაცილებით მეტი აქტიურობა იყო. მაგალითად, პირადად მაქვს ნანახი 2000-იანი წლების დასაწყისში პოლონეთში ყველა დონეზე, ყველა უწყებაში, დაწყებული პატარა მუნიციპალიტეტით და სამინისტროთი დამთავრებული, რომ მართავდნენ ვორკშოპებს, ტრენინგებს, ქმნიდნენ განვითარების სააგენტოებს და ზოგიერთ შემთხვევაში ინგლისური ენის გაძლიერებაზეც მუშაობდნენ, რათა განაცხადები შეედგინათ სწორად, შეემუშავებინათ სწორი სტრატეგიები ევროკავშირიდან მეტი რესურსის მოსაზიდად.
საქართველოში, ცენტრალურ ხელისუფლებას რომ თავი დავანებოთ, მუნიციპალიტეტებისთვის არის ცალკე შესაძლებლობები, რომ ცალკეული საკითხების მოსაგვარებლად, როგორიც არის, მაგალითად, საბავშვო ბაღების აშენება. საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან, ალბათ, 10-15-ს არ აღემატება იმათი რიცხვი, ვისაც ასეთი რესურსები მოუპოვებია. თითქოს ეს არ არის დიდი გრანტი, მაგრამ 200-300-ათასევროიანი პროექტი 64-დან, პირობითად, გამოიყენა 10-მა. დაახლოებით 40-მა რომ ვერ გამოიყენა, ეს ხომ არის დაკარგული შესაძლებლობა?
– რატომ ვერ გამოიყენეს?
– ევროკავშირი რთული სისტემაა. არის ფონდები, ბევრი საბიუჯეტო მუხლი და იმასაც ცოდნა უნდა, ვის რისთვის მიმართო და როგორ. მაგალითად, ევროკავშირს რეგიონულ პოლიტიკაზე თავისი მიდგომა აქვს – დიდი, საშუალო და მცირე, რომელსაც NUTS1-ს, NUTS2-სა და NUTS3-ს უწოდებენ. საქართველოში, ჩვენი ზომიდან გამომდინარე, არის NUTS3 დონის რეგიონები. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად ასეთი დაყოფა არა გვაქვს, შეგვიძლია ფული მოვიპოვოთ ამ სექტორისთვის გამოყოფილი ფონდიდან.
გარდა ამისა, ჩვენ ხომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც კონკრეტული სექტორული თვალსაზრისით გვაქვს, მაგალითად, აღმოსავლეთი საქართველო და დასავლეთი საქართველო, ანდა თბილისი და დანარჩენი საქართველო. ამ შემთხვევისთვის უკვე NUTS2-ის ფონდიდანაც შევძლებთ რამის აღებას და კონკრეტულ სეგმენტებს განვავითარებთ. რაც უფრო მაღალი სტატუსი გაქვს გაწევრებამდე, მით მეტად მიგიწვდება ხელი ასეთ ფონდებზე და მეტი სტრუქტურული ფონდის კარი იღება შენთვის.
ამიტომ სავსებით რეალისტურია, რომ სტატუსის მოპოვების შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯების დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ უკვე გაწევრების მოლაპარაკების ფაზაში შევედით, ეს რესურსები მკვეთრად გაიზარდოს. პირველ ეტაპზე, ვიდრე მოლაპარაკებას დავიწყებთ, მიზნად შეიძლება დავისახოთ წლიურად მოზიდული რესურსების 150 მილიონიდან თუნდაც 250-300 მილიონამდე გაზრდა. თუმცა, ვფიქრობ, გადამწყვეტი ზრდა, როდესაც ფიზიკურად დავინახავთ შედეგს, ძველის ადგილას ახალაშენებულსა და გაკეთებულს, ეს უკვე მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც მოლაპარაკების პროცესზე გადავალთ. აქვე უნდა აღვნიშნოთ მნიშვნელოვანი საკითხი – ფულის მოცულობა რაც უფრო იზრდება, მით მეტად იზრდება ე.წ. ხელშესახები შედეგების წილი. ყველა გრანტს მოჰყვება ტექნიკური დახმარება, პირობითად, ექსპერტებისთვის გადასახდელი თანხა. ვთქვათ, 30-მილიონიან დახმარებაში 5-მილიონიანი ტექნიკური დახმარების წილი დიდია, დახმარებების საერთო მოცულობის ზრდისას კი ტექნიკური დახმარება პროპორციულად აღარ იზრდება და ხელშესახები შედეგებისთვისაც მეტი რჩება – ანუ დახმარებების მოცულობის ზრდას დამატებით ეს სტიმულიც ახლავს.
– კანდიდატის სტატუსის მიღებიდან მოლაპარაკებების დაწყებამდე პერიოდში ხელშესახები რა იქნება ჩვენთვის?
– ეს უნდა იყოს არა მარტო მთავრობისა და სამინისტროების ხელმძღვანელების, არამედ ხშირად სამინისტროების საშუალო რგოლების დონეზეც კი ბრიუსელში “კარის ატალახება”, რათა რაც შეიძლება მეტ სექტორში, მეტ ქვესექტორში მიმდინარეობდეს შეთანხმება, თუ რა არის საჭირო, რათა ევროკავშირთან ჩვენი თავსებადობა გაიზარდოს. შედეგს მოიტანს ასეთი მცდელობები და არა სტატუსის მიღების მერე დინებას მიყოლა. ეს არის პირველადი პროცესი, ის ზეგავლენას ახდენს საკრედიტო რესურსებზეც და ინვესტიციებზეც, როდესაც ევროკავშირს უახლოვდები. ფულის გაზრდის დინამიკა დაახლოების ტემპებზეც მეტყველებს – რაც უფრო მაღალია ტემპი, მით საინტერესო ხდები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვისაც. თუ რომელიღაც აზიური ქვეყნის წარმომადგენელმა იცის, რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრი და მისი დღეს დაბანდებული ინვესტიცია პერსპექტივაში შესაძლოა ევროკავშირის ტერიტორიაზე აღმოჩნდეს, ეს სრულიად ცვლის ინვესტირების მოტივაციასაც.
– გაქვთ მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამ პროცესს დააჩქარებს?
– ეს უკვე პოლიტიკური საკითხია და ამაზე კომენტარი არ მინდა. თუმცა აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილის დროს, როდესაც დომინირებდა ე.წ. ლიბერტარიანული მიდგომა, მაშინ ჩვენი უწყებების ევროკავშირთან თავსებადობა აღიქმებოდა როგორც დამატებითი რეგულაციები. ზოგიერთი პირად საუბრებში ევროკავშირს საბჭოთა კავშირსაც კი უწოდებდა და უწოდებს. მაგრამ რადგან იმ ხელისუფლებას ვესტერნიზაციის ვექტორი ჰქონდა აღებული, ევროკავშირზე ღიად უარს ვერ ამბობდნენ, რადგან ვესტერნიზაციის მთავარი ინსტრუმენტი სწორედ ევროკავშირია და ძალაუნებურად ამ ვალდებულებების შესრულება უწევდათ. თუმცა ბევრი წინააღმდეგობაც იყო, ანტიმონოპოლიურ სამსახურზე, შრომის რეგულაციებზე და ა.შ.
“ოცნების” ხელისუფლება თავიდან უფრო დიდი ენთუზიაზმით მოეკიდა ამ საკითხს, მითუმეტეს, რომ უწევდა ასოცირებისა და ვიზალიბერალიზაციის ამოცანების შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ “ოცნება” თავიდანვე ვესტერნიზაციის ნაკლებად მომხრედ აღიქმებოდა, ამ ნაწილში გაცილებით დიდი ნაბიჯები გადაიდგა, მითუმეტეს, რომ არ უნდოდათ ასოცირების ფერხულს ჩამორჩენოდნენ. აქაც კი თუ რამე წინააღმდეგობა არსებობდა, სხვადასხვა უწყებაში “ნაცების” დროინდელი ხედვებიდან მოდიოდა. ცხადია, შემდგომში ამას პოლიტიკური წინააღმდეგობაც დაემატა, მაგრამ სექტორული მიმართულებით ჩვენ ახლა გაცილებით მყარად ვდგავართ ფეხზე, ვიდრე ევროკავშირთან პოლიტიკურ ნაწილში დაახლოების მიმართულებით.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, კანდიდატის სტატუსის მონიჭება არის ჩვენი ევროკავშირისკენ სვლისთვის ახალი იმპულსის შეძენა. თუ კანდიდატის სტატუსის მონიჭებიდან მოლაპარაკებების დაწყებამდე პერიოდი ძალიან არ გაიწელება და თან მოლაპარაკებების დაწყების დროს საქართველოს ბევრი ის ნეგატივი ჩამოშორდება, რაც ჩვენ გარშემო ღრუბელივით არის თავმოყრილი, და ჩვენც ეს პროცესი დავაჩქარეთ, მაშინ შეიძლება ყველანაირი მხარდაჭერის ძალიან მკვეთრი ზრდა გვექნეს, მათ შორის, ფინანსურიც.
კვირის პალიტრა