„სექსუალური ძალადობის შესახებ რომ უნდა მელაპარაკა მოსწავლეებთან, პროგრამის ავტორებს ვთხოვე, მე თავად მერიდება, შევიდე კლასში და გამოვაცხადო, რომ აი, დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ სექსუალურ ძალადობაზე და მათი ნებართვით შევცვალე ეს სახელწოდება პირადი უსაფრთხოებით“, – მეუბნება ნინო ქვლივიძე. ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის დამრიგებელია.
ნინო ერთ-ერთია იმ მასწავლებლებს შორის, რომელმაც გაიარა სპეციალური გადამზადება და ჩაერთო საპილოტო პროგრამაში „ექიმის საათი“. საპილოტო პროექტი 2021-2022 სასწავლო წელს დაიწყო და 2023 წლის ჩათვლით, თბილისისა და კახეთის 18 სკოლა მოიცვა.
ნინო ქვლივიძე, სკოლის ექიმთან ერთად, ოთხი კვირის განმავლობაში, მეექვსეკლასელებს ელაპარაკებოდა მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, როგორ უნდა ამოიცნონ მოზარდებმა სექსუალური ძალადობის ნიშნები; გენდერული თანასწორობა; ბულინგი რეალურ სივრცესა თუ ინტერნეტში; გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული საკითხები; პირადი ჰიგიენა.
თითოეული გაკვეთილისთვის საგანგებოდ ემზადებოდა, აკეთებდა პრეზენტაციებს, აგროვებდა ვიზუალურ ინფორმაციას, რადგან იცოდა და იცის, რომ ის თემები, რა თემებსაც ბავშვებთან ერთად განიხილავდა, მოზარდების სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის, მათი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის და, რაც მთავარია, უსაფრთხოებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
„მოვიწვიე მშობელთა კრება და გავაცანი სახელმძღვანელო სტრუქტურა. მინდოდა, რომ ზუსტად და სწორად გაეგოთ ამ პროგრამის მთავარი არსი, რათა არ ჰქონოდათ არასწორი აღქმა და შიშები, რომ თითქოს მათ შვილებს რაიმე ისეთ ინფორმაციას მივაწვდიდით, რაც მათი ასაკისათვის არ იქნებოდა მისაღები. ჩემი მაგალითით დავიწყე. ვუთხარი, ჩემი შვილები მეოთხე და მეხუთე კლასებში არიან და როგორც წამალი, ისე მივიღე ეს სიახლე და პერსპექტივა-მეთქი, რადგან უკვე ვეძებდი ამ ტიპის ინფორმაციას სხვადასხვა წყაროში, რომ ბავშვებისთვის თუნდაც გარდატეხის ასაკთან, მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია მიმეწოდებინა. მშობლებს მშობლის პოზიციიდან დაველაპარაკე და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ეს ინფორმაცია მათი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ძალიან ხშირია ბავშვების მიმართ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის, სქესობრივი ხასიათის დანაშაულები“, – ამბობს ნინო.
რა არის „ექიმის საათი“?
ბავშვთა უსაფრთხოება, სქესობრივი დანაშაულის, ადრეული ქორწინებისა და ორსულობის პრევენცია, მოზარდთა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, გენდერული თანასწორობა, ბულინგი და კიბერბულინგი, ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც „ექიმის საათი“ პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებს ასაკთან შესაბამისი ინფორმაციის სახით სთავაზობს და რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ორგანიზაცია „თანადგომის“ ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა.
პროგრამა საპილოტო სახით სულ 18 სკოლაში შევიდა, საპილოტო ეტაპი უკვე დასრულებულია და როდის დაინერგება და დაინერგება თუ არა ის სკოლებში უკვე როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არც გაეროს მოსახლეობის ფონდს აქვს და არც პროგრამის ავტორებს, ორგანიზაცია „თანადგომის“ წარმომადგენლებს.
ამ კითხვაზე პასუხის მოძებნას რადიო თავისუფლებაც შეეცადა. თუმცა, განათლების სამინისტროს პრესსამსახურთან ორდღიანი კომუნიკაცია, უშედეგოდ, უპასუხოდ დასრულდა. უწყებაში ვერ მოიძებნა რესპონდენტი, რომელიც რამდენიმე კითხვაზე გაგვცემდა პასუხს.
არადა, სულ რამდენიმე მონაცემზე თუ შევაჩერებთ ყურადღებას, ესეც აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროგრამის დანერგვა ეროვნულ სასწავლო გეგმაში და რატომ არ უნდა ამოიწუროს ეს კურსი მხოლოდ საპილოტო პროგრამით.
მაგალითად, თბილისის ადამიანით ვაჭრობის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში, სექტემბრის ჩათვლით, ცენტრში სქესობრივი დანაშაულის 97 არასრულწლოვანი მსხვერპლის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები. მსხვერპლთა უმრავლესობა გოგოა. სქესობრივი სახის დანაშაული განხორციელდა 11 ბიჭის მიმართ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2018-2022 წლებში არასრულწლოვნების 2564 მშობიარობა და 454 აბორტი აღირიცხა.
ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში 13,9%-ს შეადგენს და საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ბავშვობის ასაკში ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა.
იუნესკოს კვლევების თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც სკოლებში სქესობრივი განათლებაა დანერგილი, ახალგაზრდების 37% უფრო გვიან იწყებს სექსუალურ ცხოვრებას და 53%-ითაა შემცირებული სარისკო სექსუალური ქცევა.
„რა და როგორ იქნება, ბუნდოვანია, რეალურად, ახლა ვართ გაჩერებულები“ – „ექიმის საათის“ ავტორები
დღეს, „რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის“ შესახებ ინფორმაცია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით რამდენიმე საგანსა და სხვადასხვა კლასშია გაბნეული. მათ შორის, მესამე კლასში – „მე და საზოგადოება“ და მეშვიდე და მეცხრე კლასებში – „ბიოლოგია“ და „მოქალაქეობა“.
ფსიქოლოგები და პედიატრები ფიქრობენ, რომ ასაკთან შესაბამისად მიწოდებული ამ ტიპის ინფორმაცია ბავშვებმა დაწყებით საფეხურზევე, სრულყოფილად უნდა მიიღონ, რაც მათ საფრთხეების ამოცნობაში, პრობლემის იდენტიფიცირებაში დაეხმარებათ და რაც რისკების პრევენციისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.
სწორედ ამ იდეით დაიწყეს რამდენიმე წლის წინ „ექიმის საათის“ პროგრამაზე მუშაობა საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის, „თანადგომის“ თანამშრომლებმა. პროგრამა ოთხი ადამიანის, მათ შორის, ორი ფსიქოლოგის, პედიატრისა და მიწვეული პედაგოგის თანაავტორობით დაიწერა.
მაია ჯიბუტი, ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ფსიქოლოგი, გვეუბნება, რომ პროგრამა განათლების სამინისტროს დაკვეთით შეიქმნა და ავტორებმა 8-გაკვეთილიან ციკლში, რომელიც ერთ სემესტრს მოიცავს და პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვისაა შექმნილი, ყველა ის საკითხი გააერთიანეს, რომელიც დღეს განსაკუთრებით პრობლემურია და რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოზარდებსა და მშობლებში ინფორმაციული ვაკუუმია.
პროგრამის თანახმად, გაკვეთილებს სკოლის ექიმი და კლასის დამრიგებელი ერთობლივად უძღვებიან და ამისთვის მათ სპეციალური გადამზადებაც გაიარეს:
„ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი ტრაგიკული და დანაშაულებრივი შემთხვევა გახმაურდა, რაც ეხება ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს, სქესობრივი ხასიათის დანაშაულებს, პირადი უსაფრთხოების დარღვევას, სექსუალურ შევიწროებას. შესაბამისად, ვინაიდან ჩვენ განათლების სამინისტროსთან 2014 წლიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხების სასწავლო პროგრამაში დანერგვასთან დაკავშირებით, გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით შევქმენით ახალი პროგრამა.
თითოეულ კლასში გაწერილია რვა საგაკვეთილო სცენარი. ჯამში, 48 გაკვეთილი. ძალიან საინტერესო და სასარგებლო თემებია, ჯანმრთელობა, პირადი უსაფრთხოება, ურთიერთობები და შემდეგ ეს მთავარი თემები ჩაშლილი გვაქვს ქვესაკითხებად – პირადი სივრცის დაცვა, რა არის ცუდი და კარგი შეხება, რა არის ცუდი და კარგი საიდუმლო. მეექვსე კლასში ვსაუბრობთ სექსუალურ შევიწროებაზე. ჯანმრთელობის საკითხებში შედის ჰიგიენა, კვება, გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული რიგი საკითხები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გარდატეხის ასაკის ქვედა ზღვარი დაწია და ახლა ვამბობთ, რომ გარდატეხის ასაკი იწყება 9 წლიდან. 9 წლის ბავშვი მეოთხეკლასელია, შესაბამისად, ის მეტ-ნაკლებად მომზადებული უნდა დახვდეს ამ პერიოდს“, – მიხსნის მაია ჯიბუტი.
„ექიმის საათის“ ფარგლებში მოზარდები ეცნობიან ინფორმაციას გენდერული თანასწორობის შესახებ. სწავლობენ რა არის პირადი ინფორმაცია, ვის შეიძლება გაუზიარონ ის და ვის არა. სხვადასხვა ტიპის საჭიროების შემთხვევაში, სად უნდა დარეკონ და რომელ უწყებას უნდა მიმართონ.
მაია ჯიბუტი ამბობს, რომ „ექიმის საათის“ კურსის სკოლებში საპილოტო რეჟიმით შეტანამდე, ისინი ჯერ მშობლებს შეხვდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია პროგრამით გათვალისწინებული საკითხებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ.
მისი თქმით, მხოლოდ ერთეული შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც მშობლებმა პროგრამის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატეს, თუმცა, იმ შემთხვევაშიც, საუბრისა და საკითხების დეტალური გაანალიზების შემდეგ, მათი დამოკიდებულება „ექიმის საათის“ მიმართ რადიკალურად შეიცვალა:
„მშობლებსაც არ აქვთ სწორი ინფორმაცია და ამიტომ ვმუშაობთ მათთანაც. როდესაც ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას, რა და რატომ უნდა ისწავლონ მათმა შვილებმა, თან 21-ე საუკუნის ბავშვებმა, რომელთათვისაც ვირტუალური სამყარო და საინფორმაციო წყაროები აბსოლუტურად გახსნილია და ძალიან ბევრ დამახინჯებულ ინფორმაციაზე აქვთ წვდომა. ალოგიკურია, რატომ არ უნდა უნდოდეს მშობელს, რომ მისმა შვილმა სწორედ სკოლაში მიიღოს ეს ინფორმაცია. როდესაც ავუხსენით, მადლობა გადაგვიხადეს, ჩვენც გვინდა ამ თემებზე საუბარი, მაგრამ არ ვიცით, როგორ ველაპარაკოთ და თუკი ამ ტიპის ინფორმაციას სანდო წყაროებიდან, სკოლის კედლებში მიიღებენ ბავშვები, პირიქით, მივესალმებითო. მშობლებმა უნდა გაიაზრონ, რომ ის, რასაც ბავშვები “ექიმის საათის” ფარგლებში ისწავლიან, მათი შვილების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, მენტალური მდგომარეობის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი – ამას მოიცავს ეს საგანი. ზოგიერთ მათგანს რატომღაც აქვს შიში, რომ ეს საგანი სექსზე საუბარია, რაც ასე ნამდვილად არ არის – აქ ლაპარაკია ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, პრევენციაზე“.
რას გეგმავს განათლების სამინისტრო საპილოტო პროგრამის დასრულების შემდეგ, ეს ინფორმაცია მაია ჯიბუტისთვის, ამ ეტაპზე, უცნობია. პროგრამა ნოემბრის დასაწყისში დასრულდა და ახლა უკვე ჯერი განათლების სამინისტროზეა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, შეიტანს თუ არა „ექიმის საათს“ ეროვნულ სასწავლო გეგმაში და გახდება თუ არა ის სავალდებულო ყველა სკოლის დაწყებითი კლასებისთვის:
„ექიმის საათმა“ გაიარა პილოტირების ყველა რეჟიმი და ახლა შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არაფერი ხდება და ამის გამო გაბრაზებულიც კი ვარ. მთავრობა ძალიან იწონებს თავს, რომ ეს პროგრამა არსებობს, მაგრამ ახლა რას აპირებს? პროგრამა გამზადებულია, დავატრენინგეთ და გადავამზადეთ პედაგოგები და სკოლის ექიმები, მაქსიმალური გავაკეთეთ, მაგრამ ახლა არ ვიცით, როდის დაინერგება, როგორ, ამაზე პასუხები აღარ გვაქვს. ამას სჭირდება გარკვეული რესურსი, საგაკვეთილო ბადეში მოქცევა, ასეც გვპირდებოდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო სავალდებულო პროგრამა, რომელსაც აბსოლუტურად ყველა ბავშვი გაივლიდა. ახლა უკვე უნდა მიმდინარეობდეს დანერგვის პროცესი, რაშიც სამინისტრო მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული, მაგრამ ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, ბუნდოვანია, რა და როგორ იქნება. რეალურად, ახლა ვართ გაჩერებულები“.
რატომ უნდა გაკეთდეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩანაწერი „ექიმის საათის“ შესახებ
გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, 2022 წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ, რომელიც ეხებოდა ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადად, საგნობრივი სტანდარტების მიერ დარეგულირებული სქესობრივი განათლების საკითხებს საქართველოში, აჩვენა, რომ ქვეყანას, ამ მხრივ, მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს.
ამის შესახებ გველაპარაკება მარიამ ბანძელაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის პროგრამის ანალიტიკოსი და იმ ორ მთავარ გამოწვევას ასახელებს, რომელიც დღეს ქვეყნის განათლების სისტემის წინაშე დგას:
„პირველი – ამ საკითხების შესახებ სწავლება მიმდინარეობს იუნესკოს ტექნიკური სახელმძღვანელოს მიხედვით. სახელმძღვანელო მოიცავს სხვადასხვა კლასებში, ასაკზე მორგებული ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ანალიზმა გამოაჩინა, რომ შედარებით უფრო სენსიტიური თემები, როგორიცაა იდენტობა, სექსუალობა, საერთოდ არ არის არცერთ საფეხურზე დაფარული. და მეორე – დაწყებითი განათლების საფეხურზე განსაკუთრებით მწირი იყო ინფორმაცია მაშინ, როდესაც სწორედ დაწყებითი საფეხურის ბავშვები არიან განსაკუთრებით მოწყვლადები სხვადასხვა ტიპის ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის მხრივაც“.
სწორედ ამიტომ, გაეროს მოსახლეობის ფონდს, როგორც განათლების სამინისტოს ერთ-ერთ პარტნიორ ორგანიზაციას, მიაჩნია, რომ დროულად უნდა შევიდეს ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში და „ექიმის საათი“ სასწავლო ბადეში სავალდებულო პროგრამად უნდა დაინერგოს:
„ჩვენ გვაქვს საუბარი განათლების სამინისტროსთან, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. განათლების სტრატეგია, რომელიც 2022-30 წლებს მოიცავს, არ ახსენებს ამ თემას, როგორც მიზანს ან ამოცანას, თუმცა, თუკი “ექიმის საათი” ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაჩნდება, ეს უკვე განაპირობებს მის სავალდებულო პროგრამად ქცევას. ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებობს “დამრიგებლის საათი”. სწორედ ასეთი ჩანაწერი უნდა გაჩნდეს “ექიმის საათის” შემთხვევაშიც“.
მარიამ ბანძელაძის თქმით, იმ სკოლებში, სადაც „ექიმის საათი“ საპილოტო პროგრამის სახით შევიდა, მიუხედავად თავდაპირველი სკეპტიციზმისა, საბოლოოდ, მას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა:
„ეს სკეპტიციზმი ჰქონდათ მშობლებსაც, დირექტორებსაც, რადგან თითქოს, თემატიკიდან გამომდინარე, შიშით და სიფრთხილით უდგებოდნენ. თუმცა, საპილოტე პროგრამის დასრულების შემდეგ, ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. ამას ამბობენ მშობლები, ამას ამბობენ პედაგოგები, სკოლის ექიმები, ამაზე მეტყველებს მოსწავლეების ინტერესი და ჩართულობა“.
„ორი წლის წინ მიღებულ ცოდნას, ბავშვები დღესაც ავლენენ“
ნინო ჯინჭარაძე, თბილისის 182-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების დამრიგებელია. „ექიმის საათს“ სკოლის ექიმთან ერთად, პირველი კლასელებისთვის უძღვებოდა:
„მიუხედავად იმისა, რომ პირველკლასელების საგაკვეთილო პროცესში ჩართვა რთულია, ეს იყო გაკვეთილები, რომელშიც ბავშვები დიდი ინტერესით ჩაებნენ“, – მეუბნება ის და ამბობს, რომ საკითხები, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში და კლასის კედლებში განიხილება, სამომავლოდ არაერთი პრობლემის პრევენციის საწინდარი უნდა იყოს.
პირველკლასელები, რომლებიც „ექიმის საათს“ 2021 წელს ესწრებოდნენ, ახლა მესამე კლასში არიან. ნინო ჯინჭარაძის თქმით, ამ პროგრამის დახმარებით, ორი წლის წინ მიღებულ ცოდნას, ბავშვები დღესაც ავლენენ:
„ბავშვებისთვის აუცილებელი საკითხები, იქნებოდა ეს ჯანმრთელობა, ჰიგიენა თუ უსაფრთხოება, იმდენად სახალისოდ, საინტერესოდ და ასაკის შესაბამისად იყო შედგენილი, რომ მოსწავლეების დაინტერესება, ერთი მხრივ, მარტივი იყო და, მეორე მხრივ, გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ახლა, როდესაც ჩემი მოსწავლეები მესამე კლასში არიან, მაშინ მიღებული ცოდნა წინ გვხვდება, რაც ამ პროგრამის დამსახურებაა“.
ფიქრია გრიგორაშვილი მესამე კლასის მოსწავლის დედაა. მისი შვილი იმ სკოლაში სწავლობს, რომელშიც „ექიმის საათი“ საპილოტო პროგრამის სახით 2021-2022 სასწავლო წლებში შევიდა. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან, მისი აზრით, თემები, რომლებსაც „ექიმის საათის“ ფარგლებში მოსწავლეები, მასწავლებელი და სკოლის ექიმი განიხილავენ, მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია:
„ჩემი შვილი ახლა მესამე კლასშია. წელს დაიწყო საგანი “მე და საზოგადოება“. რომ არა “ექიმის საათი“, მესამე კლასამდე არსად არაა ნახსენები, მაგალითად, ელემენტარული ჰიგიენის დაცვის, პირადი სივრცის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია. ვფიქრობ, ამ თემებზე პირველივე კლასიდანვე საუბარი ასაკისთვის შესაბამისი ტერმინებითა და მასალებით, მეტად ჯანსაღ თაობას მოგვცემს. როცა ვიცოდი, რომ “ექიმის საათი” ჰქონდათ, სკოლიდან რომ ბრუნდებოდა, აუცილებლად ვეკითხებოდი, რა თემაზე ილაპარაკეს. ერთ-ერთ გაკვეთილს მეც დავესწარი. ბავშვები ჩართულები იყვნენ მთელ პროცესში, მსჯელობდნენ“.
2021 წელს, მაშინ, როდესაც დღევანდელისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, მათ შორის, განათლების სამინისტროდან ამა თუ იმ რესპონდენტის ჩაწერა, რადიო თავისუფლება ბავშვთა უსაფრთხოების, მათ შორის, სქესობრივი განათლების საკითხების დანერგვის მნიშვნელობაზე ელაპარაკა სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, მარიამ ჩიქობავას.
მაშინ ის გვეუბნებოდა, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის გახშირებული ფაქტები აჩვენებდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ საკითხებზე დაწყებით კლასებშივე საუბარი და ამბობდა, რომ მიმდინარეობდა მუშაობა საპილოტო პროგრამაზეც, სახელწოდებით „ექიმის საათი“. მისი თქმით, კურსს არა სავალდებულო, არამედ არჩევითი ხასიათი ექნებოდა. თუმცა, იმასაც ფიქრობდა, რომ მას შემდეგ, რაც სკოლები სათანადოდ აუხსნიდნენ მშობლებს, თუ რა საკითხებს მოიცავდა სასწავლო კურსი და რისგან დაიცავდა ამ ინფორმაციის ცოდნა მათ შვილებს, „ექიმის საათზე“ მოთხოვნა გაიზრდებოდა.
გასული წლებისგან განსხვავებით, ახლა ფსიქოლოგები და ბავშვთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ მშობლების დიდ ნაწილში, მიდგომა, მაგალითად, სკოლებში სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხების სწავლის მიმართ, შეცვლილია – დღეს, გაცილებით ნაკლები მშობელი თვლის, რომ სკოლის სივრცეში სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე საუბარი მათი შვილებისთვის დამაზიანებელია. ამბობენ, რომ სახელმწიფომ ეს დრო სწორად უნდა გამოიყენოს და იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რის წინაშეც დღეს ბავშვები დგანან, იქნება ეს მათ წინააღმდეგ ჩადენილი სქესობრივი ხასიათის დანაშაულები, ადრეული ქორწინება, სქესობრივი ჯანმრთელობა, არასრულწლოვანთა აბორტი თუ სხვა, სკოლებში დროულად უნდა დანერგოს სასწავლო კურსი, რომელიც მოზარდებს ცოდნით შეაიარაღებს და დაიცავს.
რადიო თავისუფლება