გურიის სახალხო სასამართლოში განხილული ორი აპელაცია
.
ცოლის მოღალატე ოზურგეთელი ვაჭარის საქმე
.
ლუიჯი ვილარი გურიაში იმყოფებოდა 1905 წელს, მის თხზულებაში “ცეცხლი და მახვილი კავკასიაში” (Fire and Sword in the Caucasus), საკმაოდ ვრცლადაა საუბარი გურიაზე და განსაკუთრებით გურიის სასამართლოზე (სახალხო ტრიბუნალზე).
.
ვილარის აღწერით იგი ესწრებოდა სახალხო სასამართლოს, რომლიც ოზურგეთში ექადიაზე გაიმართა, მისი აღწერის მიხედვით ექადიაზე შეკრებილი იყო დაახლოებით ორასი ადამიანი, უმტესობა გლეხები იყვნენ თუმცა მათ შორის ასევე იყვნენ „ინტელიგენტებიც“.
.
ვილარის თქმით სასამართლო გაიმართა ფორმალური ატრიბუტების გარეშე, სასამართლო სხდომაზე არ იყო არც მოსამართლეები, არც პრკურორები და არც ადვოკატები. სასამართლო განხილვაზე მოსულმა ხალხმა პირდაპირ აირჩია სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული ძალაუფლება არ ჰქონდა. საქმის განხილვისას ყველა მსურველს ჰქონდა სიტყვის თმის და ხმის მიცემის უფლება.
.
სასამართლოზე რომლისაც ლუიჯი ვილარი დაესწრო იხილებოდა ოზურგეთელი ვაჭარის საქმე, ვაჭარი წინა სხდომაზე დამნაშავედ ცნეს ცოლის ღალატში და მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – უვადო ანუ სამუდამო ბოიკოტი. ასეთი სასჯელი ვაჭრისათვის ძალიან მძიმე ყოფილა და რამდენიმე კვირის შემდეგ განაჩენი გაუსაჩივრებია.
.
ვილარის აღწერით ვაჭარი იყო ძალიან მაღალი, წვერში ჭაღარაშერეული დაახლოებით 40 წლის მამაკაცი, რომელიც ძალიან დამწუხრებულად გამოიყურებოდა – „მე ვაღიარებ, რომ შევცოდე“ განუცხადა დამნაშავემ შეკრებილ ხალხს. ვაჭარი სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაში დარწმუნებული იყო და ძალიან განიცდიდა და ინანიებდა თავის საქციელს და იქვე შეკრებილი ხალხის წინაშე პირობა დადო, რომ ამის შემდეგ წესიერად იცხოვრებდა. როგორც აცხადებდა უვადო ბოიკოტი მისთვის ძალიან მკაცრი სასჯელი იყო და სიკვდილით დასჯაზე უფრო მძიმედ მიიჩნევდა.
.
მას შემდეგ რაც ხალხმა ყურადღებით მოისმინა ვაჭარის მონანიება დაიწყო დისკუსია. ვიღაცამ შეახსენა ვაჭარს ადრინდელი ცოლის ღალატი და ამტკიცებდა, რომ დანაშავეს სხვანაირად ცხოვრება არ შეეძლო. სხვები მხარს უჭერდნენ აპელაციას და ვილარის თქმით ციტირებდნენ ფრაზებს გერმანელი ფილოსოფოსების და სოციალისტი ავტორების ნაშრომებიდან, რომელნიც შეეხებოდნენ ადამიანურ ცოდვებს და მათ მონანიებას. ერთ საათიანი განხილვის შემდეგ საკითხი დადგა კენჭისყრაზე, რომლის შედეგადაც ვაჭარის აპელაცია დაკმაყოფილებული იქნა.
.
სასმართლოს დამთავრების შემდეგ ვილარისათვის მის თანმხლებ მეგობარს უთქვამს – „რა თქმა უნდა სჯობია როცა ხალხის გასამართლებს და არა სამი მანტია მოსხმული ნაძირალა“.
.
ქალაქ ოზურგეთის თავის ვასილ ხუნდაძის საქმე
.
1905 წლისათვის ოზურგეთში ერთი აფთიაქი ყოფილა, რომლის მეპატრონეც მაშინდელი ქალაქის თავი ვასილ ხუნდაძე ყოფილა. უკონკურენტო ხუნდაძის წამლის ფასები ოზურგეთლებს არ მოსწონდათ – „ხუნდაძეს, ხალხმა დეპუტაცია მიუგზავნა და მოსთხოვა: ,,ან ფასები დაუკელ წამლებზე ან არა მეორე აფთიაქის დაარსების წინააღმდეგი ნუ იქმნებიო,,. ხუნდაძეს დეპუტაციისათვის უარი უთქვამს, რის შემდეგაც სასმართლომ ხუნდაძეს განაჩენად ბოიკოტი გამოუტანა.
.
ხუნდაძეს გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია და განუცხადებია, რომ ჩემთვის ფასების დაკლება არავის არ უთხოვიაო. საჩივრის შემდეგ ხალხს საქმის გამოძიებისა და გამოკვლევის მიზნით კომისია შეუქმნია – „დაინიშნა კომისია, რომელმაც მოახდინა გამოკვლევა და 1 ოქტომბერს და წარუდგინა სახალხო კრებას, რომლიდანაც სჩანს, რომ ბ. ხუნდაძეს ხალხის მოთხოვნილებაზე ნამდვილად უარი უთქვამს“.
.
სასამართლოზე ხუნდაძემ აღიარა რომ მასთან ნამდვილად იყო დეპუტაცია, მოინანია საქციელი და პირობა დადო ხალხის მოთხოვნას შეასრულებდა, რის შემდეგაც სასამართლომ ხუნდაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი – ბოიკოტი მოხსნა.
.
P.S. გავრცელებული ინფორმაცია თითქოს გურიის სახალხო სასამართლო მოღალატე ცოლს ან ქმარს გააშიშვლებდა და ვირზე უკუღმა შემჯდარს ჩამოატარებდა არასწორია. ვილარი ასეთ შემთხვევას თავის თხზულებაში აღწერს შორაპანში და არა გურიაში.
ბოიკოტის შემთხვევაში პიროვნებასთან არავინ არ ურთიერთობდა და გარიყული იყო საზოგადოებისაგან.
.
– ლუიჯი ვილლარი “ცეცხლი და მახვილი კავკასიაში” (Fire and Sword in the Caucasus).
– გაზეთი ივერია 1905 წელი 8 ოქტომბერი #18
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა