გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება – 65 000-ლარიანი ჯარიმა იზრდება და 100 000 ლარი ხდება.
*შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების უმეტესობა ჩადენილია საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ გასულ წელს გამოვლენილი 63 სამართალდარღვევიდან, 21 სწორედ გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტია. 2023 წელს კი, დღეის მონაცემებით, გამოვლენილია 65 სამართალდარღვევა. მათგან 16 შემთხვევაში ზღვა გემებიდან დაბინძურდა.
ასევე, შამუგიას ცნობით, იზრდება ჯარიმა გემებიდან, სხვა მცურავი საშუალებებიდან, პლატფორმიდან, მილსადენებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა, სხვა გარემოსდაცვით კანონმდებლობის დარღვევებთან მიმართებაში პრევენცია. სწორედ აქედან გამომდინარე გვიწევს გარკვეული ზომების მიღება სანქციების გამკაცრების მიმართულებით. ძალიან აქტიურად ვახორციელებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გადაიარაღებასა და ტექნიკურ აღჭურვას, რათა მათი მუშაობა იყოს უფრო ეფექტიანი”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.