ისევ ტოლსტოი და გურიის გლეხთა მოძრაობა

გურიის გლეხთა მოძრაობა 1902 წლის გაზაფხულიდან იწყება, მაშინ როცა მთელ გურიაში გლეხთა დიდი თავყრილობები ეწყობოდა. ყველასათვის გასაკვირი იყო გურული გლეხების ერთმანეთისადმი სოლიდარობა და თანადგომა, განსაკუთრებით კი ყველას დაინტერესება გამოიწვია გლეხების მოთხოვნებმა ეკონომიკასთან, გადასახადებთან და მიწასთან დაკავშირებით. გურიის მოძრაობამ არამარტო რუსეთის იმპერიის საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და დიდი მორალური მხარდაჭერაც მოიპოვა.
ლევ ტოლსტოის დღიურებიდან ჩანს, რომ იგი გურიის მოძრაობას თვალყურს ადევნებდა და ინფორმაციას კრებდა 1903 წლიდან, მის არქივში არსებობს ილია ნაკაშიძის 1903 წლის 11 აპრილით დათარიღებული წერილი ტოლსტოისადმი, სადაც ნაკაშიძე გურიის მოძრაობის შესახებ ყვება. წერილი ძირითადად გურულების ეკონომიკურ პრობლემებს და ამ მხრივ მათ მიერ მთავრობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს ეხება და მაში არაფერი რევოლუციური არ გახლავთ, როგორც ჩანს გლეხების მხრიდან ასეთი ტიპის მოთხოვნები სასიამოვნო მოულოდნელობა იყო მწერლისათვის, რამაც მისი ინტერესი გააღვივა.
ასევე უნდა ითქვას, რომ ნაკაშიძე ტოლსტოისთან დაკავშირებული პირი იყო და მწერალი მისგან ხშირად იღებდა ინფორმაციას გურიის შესახებ. მწერლის არქივში ასევე არის ნაკაშიძის 1905 წლის სექტემბრის წერილი, რომელშიც ის პირდება მწერალს, რომ ჩავა გურიაში და იქედან მიაწვდი ამბებს, რის შესახებაც როგორც წერილის შინაარსიდან ჩანს ნაკაშიძეს თავად მწერალმა სთხოვა.
1905 წელს ტოლსტოის იასნო პოლიანაში მიხეილ ყიფიანი სტუმრობდა, რომლის წასვლის შემდეგ მწერალმა დღიურში ჩაწერა – „საოცარი ამბებია გურიიდან, როგორ გაამარტივეს მმართველობა და განთავისუფლდენენ, ამასთან ერთად, როგორ გაიუმჯობესეს ცხოვრება და უფრო თავისუფალნიც გახდნენ. უნდა ჩავიწერო ძალიან მნიშნელოვანია, მაგრამ მეყოფა თუ არა ძალა არ ვიცი“.
სავარაუდოდ გურიის ამბებთან დაკავშირებით ლევ ტოლსტოის უახლოესი მეგობარი და ერთერთი მდივათაგანი ვიქტორ ლებრენი 1905 წელს ბათუმშია, საიდანაც 20 ივნისის გაგზავნილ წერილში ის მწერალს წერს – „ყველაფერის სათავე ის იყო, რომ მათ დაიწყეს შპიონების და მემამულეების დახვრეტა. ეს მოძრაობა წარმოადგენს გაფიცვას, რომელიც პრაქტიკულად ეყრდნობა ტერორს და მასში არაფერი ქრისტიანული და რელიგიური არ არის.“ ასევე „მათ (გურულებმა) გაფიცვები ქალაქიდან სოფელში გადაიტანეს და გამოიყენეს მემამულეების მიმართ“. ლებრენი ასევე წერს, რომ მუშების გაფიცვის წესის სოფლად გადატანის შემდეგ ამ გაფიცვამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა, რის შედეგადაც გლხებმა თავადანაურობის და ყველა იმ პირის გაანდგურება დაიწყეს ვინც წინააღმდეგობას უწევდათ.
ტოლსტოი 1905 წლის წერილში „როგორ განთავისუფლდეს მშრომელი ხალხი“ წერს – „ძალიან კარგი გახდა ცხოვრება, მაგრამ გურულებმა ვეღარ გაუძლეს და შეცდნენ, მათ თავად დაიწყეს იმათი მოკვლა, რომლებსაც არ უნდათ მათი წესებით ცხოვრება. როგორც კი ეს გააკეთეს, მაშინვე მოვიდნენ რუსები ჯარით და დაიწყეს მათი ჩახშობა. ყველა მათი კეთილი საქმე კი უკვალოდ გაქრა.“
როგორც ჩანს გურულები ცდილობდნენ გურიის მოძრაობის შესახებ თავად მიეწოდებინათ ინფორმაცია მწერლისათვის, არსებობს გურიის სახლხო მასწავლებელთა 1906 წლის 11 მარტით დათარიღებული ერთობლივი წერილი, რომლითაც მასწავლებელები მწერალს სთხოვენ არ დაყრდნობოდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
გურიის მოძრაობისადმი რუსეთის იმპერიაში სერიოზული მორალური მხარდაჭერას იჩენდა განათლებული საზოგადოება. რის გასანეტრალებლად 1905 წელს ვრცელდებოდა უკიდეურესად უარყოფითი ინფორმაცია მოძრაობის შესახებ. ასევე ტოსლტოის არქივშიც გვხვდება ასეთი ხასიათის წერილები და ჩანაწერები. მთლიანობაში ისეთი შთაბეჭდილებაც შეიძლება დაგრჩეთ, რომ საზოგადოების მხარდაჭერის საწინააღმდეგოდ რუსეთის ოხრანკამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა და მათი აგენტურის ხელშეწყობით გურიაში სისხლიანმა ტერორმა დიდი მასშტაბები შეიძინა. მოძრაობის სახელით ხვრეტდნენ შპიონებს, ხალხის მტრებს, დამნაშავეს/უდანაშაულოს და ა.შ. რასაც ოხრანკის მიერ მისეული ყაჩაღები და ქურდებიც მიემატა, ამ ყველაფრის შესახებ კი ინფომაციაც უხვად გავრცელდა და საზოგადოების თვალში გურული რევოლუციონერები უკვე კრიმინალები გახდენენ, გურიის მოძრაობას კი ტერორისტიული მოძრაობის იარლიყიც მიეწერა.
სხვადასხვა მოძრაობის „კრიმინალიზაცია“ და კრიმინალების გამოყენება ხალხის წინააღმდეგ სწორედაც, რომ რუსეთის ოხრანკის ერთერთი მთავარი მეთოდი გახლდათ. სწორედ ასეთი ხერხი იხმარა რუსებმა 1841 წლის გურიის აჯანყების შემდეგ და მკვეთრად გამოხატული ეროვნულ განმათავისუფლებელი ხასიათის აჯანყება და მოძრაობა (მანამდე კი 1819-20 წლების საეკლესიო აჯანყება და 1828 წელს დედოფალ სოფიოს განდევნა) ე.წ. ფირალთა მოძრაობაში გადაზარდა, რითაც დაშალა სხვადასხვა ფენის ერთობა და ერთმანეთს დაუპირისპირა, რამდენიმე ფირალთან გამკლავება კი იმპერიისათვის გაცილებით უფრო ადვილი იყო ვიდრე ეროვნულ მოძრაობასთან.
ლია სვანაძის ნახატი – გურიის აჯანყება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share