“პოლიტიკა ბინძური საქმეა!.. სახელმწიფო მანქანას კი ვერ მოერევი. ამიტომ, იყავი შენთვის, აკეთე შენი საქმე კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად და პოლიტიკა და სიბინძურე შენ არ შეგეხება..” – ბევრჯერ მსმენია ასეთი რჩევა, თუმცა ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს მცდარი და მეტიც, ცუდი რჩევაა.
სინამდვილეში პირიქითაა: როდესაც საქმეს თავდადებით, ენთუზიაზმით და პროფესიონალურად აკეთებ, სწორედ მაშინ მოდიხარ “ბინძურ პოლიტიკისათან” შეხებაში და მმართველობის მანკიერ სისტემასთან სრულ წინააღმდეგობაში. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომლებიც ორი ათწლეულია საქართველოს საზღვრების დემარკაციაზე მუშაობდნენ, სწორედაც რომ პროფესიონალიზმისა და პრიციპულობის გამო მოხვდნენ საპატიმროში. რა არ გააკეთა ოცნების ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მათ არარსებული დანაშაული ეღიარებინათ ან სხვისთვის დაებრალებინათ. ხელი დაედოთ მათზე ზემდგომების, ქვემდგომებისა თუ ერთმანეთისთვის. შეშინებაც სცადეს, ღირსების შელახვაც, სამშობლოს და ეკლესიის მტრებად და გარეჯის გამყიდველებადაც გამოაცხადეს, 4 თვე საკანშიც გამოამწყვდიეს, მაგრამ ვერ გატეხეს. მათ პრინციპულობას ვერაფერი მოუხერხეს. პრინციპულობისა და გაუტეხლობის გამო მოუწია 2 თვის ცხინვალის ციხეში გატარება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს მკურნალობდა, როდესაც ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს. ალბათ მალევე გამოუშვებდნენ, რომ არა მისივე პრინციპულობა. აქ არანაირი საზღვარი არ გადისო, თქვა და მორჩა. ოკუპანტებმა კი ვერ გატეხეს, მაგრამ სამაგიეროდ თავად გახდა ოცნების ხელისუფლების თავსატეხი. რას არ გაიღებდა ოფიციალური თბილისი, რომ გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლოზე ე.წ. დანაშაული ეღიარებინა და სახლში გატეხილი და შერცხვენილი დაბრუნებულიყო. მან კი ხელისუფლებაში მყოფი მედროვეების არმიისთვის წარმოუდგენელი პრინციპულობა და სიმამაცე გამოიჩინა, ოცნების ხელისეფლებას საკუთარი უსუსურობა ბოლომდე აგრძნობინა და წელგამართული და გამარჯვებული დაუბრუნდა ოჯახს.
თუმცა მსგავს ისტორიებს ყოველთვის ტრიუმფალური დასასრული არ აქვს. პრინციპულობისა და პროფესიონალიზმის გამო ამოქმედდა მახინჯი მმართველობითი სისტემა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერძაიას წინააღმდეგ, როდესაც მას საარჩევნო კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მონაწილეობას უკანონოდ აიძულებდნენ. პრინციპული უარის შემდეგ ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. რის შემდეგაც კერძაიას ინსულტი განუვითარდა. სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დღეს ეს ადამიანები თუ მათი ოჯახის წევრები ტელევიზიიდან ტელევიზიაში მიჰყავთ, სოციალურ ქსელებში მუდმივად მათზე საუბრობენ, მათ ყველა სიტყვას აკვირდებიან, აქებენ, ადიდებენ, ლანძღავენ, გმობენ, გმირებად და ტიტანებად ან საერთოდ ქვეყნისა და ეკლესიის მტრებად ნათლავენ. არადა დიდი ალბათობით მათ არც ტელეეთერებში ყოფნა, არც პოლიტიკოსობა, არც დეპუტატობა თუ მინისტრობა, არც გმირობა თუ ანტიგმირობა, არც ამდენი მადლობა და განდიდება და არც ლანძღვა-გინება და თავზე ლაფის დასხმა სურთ. უბრალოდ, როგორც ალბათ ახალგაზრდობაში ურჩევდნენ, თავისთვის ყოფნა და საკუთარი საქმის კეთება უნდათ. მაგრამ ეს ძველებურად შეუძლებელია, რადგან მათ ცხოვრებას უკვე შეეხო “ბინძური პოლიტიკა”. ისინი საკუთარი სურვილის წინააღმდეგ გახადეს გმირები, რაც მათ ავტომატურად ჩვენი მმართველობითი სისტემის მოსისხლე მტრებად აქცევს და რის შემდეგაც გარდაუვლად ირთვება ხელისუფლების ულმობელი პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს მათ იმიჯს, რეპუტაციას და მთლიანად ცხოვრებას.
აქაფებული ბინძური დემაგოგიის ფონზე ალბათ ბევრს გაგვახსენდა რეზო თაბუკაშვილის სიტყვები: “პატრიოტობა პროფესია არ არის, პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი”. დიახ, სწორედ პატიოსნად, ენთუზიაზმითა და მაღალპროფესიონალურად საკუთარი საქმის კეთებაა ჭეშმარიტი პატრიოტიზმი, თუმცა ასევე უდიდესი საფრთხის მატარებელიც, რადგან ასეთი პატრიოტები წინააღმდეგობაში მოდიან იმ მანკიერ, პოსტ-საბჭოთა მმართველობით სისტემასთან, რომლის შეცვლაც სამწუხაროდ დღემდე ვერ მოვახერხეთ. ამიტომაც, როდესაც პატიოსან საჯარო მოხელეს, ან სხვა სფეროში მყოფს გგონია, რომ შენთვის ხარ და შენს საქმეს კარგად აკეთებ, სწორედ მაშინ, გაუფრთხილებლად, პოლიტიკა წიხლით გინგრევს კარს, გიტბორავს ცხოვრებას და იძულებულს გხდის იმ ადიდებულ მდინარეში, რასაც მახინჯი სახელმწიფო სისტემა ჰქვია, თვითგადარჩენისთვის ცურვა ისწავლო. და თუ გვინდა, რომ ასე არ მოხდეს: ან ხელი უნდა ავიღოთ ამბიციაზე, ენთუზიაზმზე, პრინციპულობაზე, დავწიოთ ჩვენი პროფესიული თამასა და გავხდეთ “საშუალო” სტატისტიკური ელემენტი, იმისთვის, რომ სისტემისთვის საფრთხეს აღარ წარმოვადგენდეთ. ან გავაქტიურდეთ, არ შევუშინდეთ, არ შევეგუოთ სტატუს კვოს და სწორედაც რომ პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით შევცვალოთ უძრაობაზე, ფსევდო-პატრიოტიზმსა და ვაზელინის დიდ დოზაზე დამყარებული მანკიერი პოლიტიკური სისტემა, ისეთით, რომელთანაც პროფესიონალიზმზე დაფუძნებული პატრიოტიზმი წინააღმდეგობაში კი არ მოვა, არამედ მისი განუყოფელი ნაწილი გახდება. ამ ორ გზას შორის ჩვენი არჩევანი დღეს, განსაზღვრავს იმას თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ჩვენს შვილებთან ერთად ხვალ!
“როდესაც საქმეს თავდადებით აკეთებ, მაშინ მოდიხარ მანკიერ სისტემასთან სრულ წინააღმდეგობაში”