მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დოს.
ნათლისღება ერთ-ერთია შვიდთაგანი წმინდა საიდუმლოდან ახალი აღთქმის მიხედვით. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში, სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.
მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე, როგორც უცოდველი, იგი განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.
ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
ამ დღეს, ძალიან ბევრი ნათლობა იმართება და ასევე ხდება ტაძრებში მოძღვრების მიერ წყლის კურთხევა- წყალკურთხევა, რის შემდეგაც ეკლესიის მრევლსა და ყველა მსურველს ენიჭება უფლება სახლში წაიღოს ეს “განწმედილი” წყალი და მიზნობრივად მოიხმაროს.
ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს.
ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება. წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმიდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: “ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”.