დაკავებული პირების უფლებების დასაცავად ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცდა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქცია ამოქმედდა, რომელიც  ხელბორკილის და ძალის გამოყენების ფორმას, ზომას და შემთხვევებს განსაზღვრავს.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გიორგი კვარაცხელიამ, ოპერატიული დანაყოფის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე დოკუმენტის მნიშვნელობასა და დაკავების ღონისძიებების დროს პროპორციული ზომის გამოყენების წესებზე ისაუბრა.

ხელბორკილის გამოყენების ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება, დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის არამართლზომიერად გამოყენების რისკებს შეამცირებს, უფრო მეტად დაცულს გახდის დაკავებულ პირთა უფლებებს და აამაღლებს სამართალდამცავების პროფესიულ სტანდარტებს.

დოკუმენტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით შეიქმნა,და  დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზსა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას ეფუძნება.

ბორკილების გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებამდე შეფასებისთვის, სახალხო დამცველის აპარატის, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს წარედგინა. დოკუმენტი მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით დადებითად შეფასდა.

საჯარო განხილვისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ, დოკუმენტი სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცდა და შესასრულებლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის სავალდებულო  გახდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share