„რიტორიკულად მივდივართ დასავლეთისკენ, მსოფლმხედველობრივად – რუსეთისკენ, ფული კი გვინდა ჩინეთში ვიშოვოთ“, – ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი. ჩინეთმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო.
რამდენიმე დღეში საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ გამგზავრება შეეძლებათ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო.
საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ დარჩენას 30 დღე შეძლებენ. ცოტა ხნით ადრე, 2023 წლის 11 სექტემბერს, უვიზო მიმოსვლა საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დააწესა.
სავიზო რეჟიმის ორმხრივი გამარტივება საქართველოსა და ჩინეთს შორის დადებული სტრატეგიული ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია.
„ვინც დადიოდა ჩინეთში, ისევ ის ივლის, უბრალოდ უფრო გაუმარტივდება. ჩინეთთან წვრილი და საშუალო ბიზნესი ძალიან აქტიურად მუშაობს. 30 დღე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ რაღაც იყიდონ, დატვირთონ და გამოაგზავნონ“, – ამბობს ეკონომისტი გია ხუხაშვილი.
საქსტატის მონაცემებით, 2021-2022 წლებში ჩინეთი ექსპორტის თვალსაზრისით, პირველი ქვეყანა იყო, იმპორტით კი – მესამე, თურქეთისა და რუსეთის შემდეგ.
2023 წლის მონაცემებით, ჩინეთთან საქართველოს წლიური ბრუნვა 1 639 850 780 დოლარს შეადგენდა, იმპორტი – 1 328 977 650 დოლარს, ექსპორტი კი – 310 873 140 დოლარს.
მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინეთისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, ჩინეთიდან ჩამომსვლელების რაოდენობა რადიკალურად გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში ჩინეთიდან 15 290 ადამიანი შემოვიდა. ეს კი წინა წლის პერიოდთან შედარებით, 626 პროცენტით მეტია.
„ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია საქართველოსი. ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ჩინეთში მიემგზავრებოდა, მაგრამ ეს არ იყო ასეთი მარტივი. ვფიქრობთ, რომ უვიზო მიმოსვლა ამას ხელს შეუწყობს, გაამარტივებს და საქართველოდანაც მეტი ვიზიტორი იქნება ჩინეთში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და დაამატა ისიც, რომ ეს სიახლე ჩინეთში პირდაპირი ავიარეისების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, საქართველოს უკვე ახლაც აქვს ჩინეთთან პირდაპირი ფრენები.
კომპანია „ტრეფიკ ტრეველის“ მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, რომ ჯობდა ხელისუფლებას პირდაპირი რეისების აღდგენაზე ჯერ დასავლეთის ქვეყნებთან ეფიქრა.
„რაც მეტი ქვეყანა დაუწესებს საქართველოს უვიზო რეჟიმს, მით უფრო მეტი ალტერნატივა ექნება ქვეყანას მოგზაურობისთვის თუ ვაჭრობისთვის. მაგრამ აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახლა მთელი მსოფლიო ორ ნაწილად არის გაყოფილი, ერთი მხრივ, ცივილიზებული სამყარო, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს და, მეორე მხრივ – ჩინეთი, რუსეთი, ირანი… იმის მაგივრად, რომ ლონდონთან პირდაპირი რეისების აღდგენაზე ვმუშაობდეთ, რაც იყო კიდევ პანდემიამდე, თბილისიდანაც და ქუთაისიდანაც, მაჰაჩყალასთან და რუსეთის ქალაქებთან გვაქვს რეისები. პირდაპირი რეისების აშშ-სთან დანიშვნაზეც საუბრობდნენ, მაგრამ არც ეს გაკეთებულა“, – ამბობს ცოტნე ჯაფარიძე. ის არ ვარაუდობს, რომ უვიზო რეჟიმის გამო საქართველოდან ჩინეთში სამოგზაუროდ ბევრი წავა, – „ქართული მენტალიტეტისთვის უფრო მიმზიდველია, მაგალითად, მოგზაურობა იტალიაში (ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა), ახალგაზრდებისთვის – გერმანია, ახალდაქორწინებულებისთვის – პარიზში. ამასთან, საქართველო არაა მდიდარი ქვეყანა. მოგზაურობისას უყურებენ ფასს და არა პროგრამას. ამიტომ არა მგონია, რომ ქართველებმა მასობრივად დაიწყონ ჩინეთში მოგზაურობა“.
განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისში გამოაქვეყნეს. ანალიტიკოსების ერთმა ნაწილმა ეს ფაქტი საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებად შეაფასა.
რადიო თავისუფლება