საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით გერმანიასა და ბელგიას მიმართა. მიმართვა საჯაროდ გაკეთებული გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
“საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა. აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით”, – აცხადებენ გამოცემასთან საქართველოს პროკურატურაში.
მანამდე კი დღეს, 11 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი დაიბარეს, რა დროსაც მათ ოფიციალურად გადაეცათ “ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო”.