“ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა ჩამოაგდო”

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ ირანის მიერ გაშვებული დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა ჩამოაგდეს.

როგორც ჰაგარმა თქვა, ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, სხვადასხვა სახეობის დრონი გაუშვა, რამაც მცირე ზიანი მიაყენა ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზას. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანული დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა შორი მანძილის Arrow საჰაერო თავდაცვის სისტემებით ჩამოაგდეს (ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის ფარგლებს მიღმა).

ჰაგარის თქმით, დარტყმებით შედეგად ერთი ახალგაზრდა გოგო დაშავდა ნეგევში, ჩამოგდებული რაკეტისა და დრონის ნამსხვრევებით.

“ჩვენი თვითმფრინავები ჯერ კიდევ ცაში არიან და სამიზნეებს აგდებენ, და ჩვენი მზად ვართ ნებისმიერი საფრთხისთვის, რომელიც ისრაელში მოვა. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა, რათა ისრაელის სახელმწიფო დავიცვათ,” – ამბობს ჰაგარი. 

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ გაიმარჯვებენ.

“მოვიგერიეთ, შევაკავეთ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ,” – წერს ნეთანიაჰუ X-ზე.

მანამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმის დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. დანიელ ჰაგარის თქმით, მცირე ზიანი მიადგა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება, რათა განიხილოს ირანის მიერ ისრაელზე მიმდინარე თავდასხმა – ინფორმაციას ისრაელის მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ აშშ ისრაელის ოფიციალურ პირებთან მუდმივ კონტაქტზეა.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ თქვა: ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ არის რკინასავით მტკიცე. შეერთებული შტატები დადგება ისრაელის ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს მათ დაცვას ირანის ამ საფრთხეებისგან“, – დასძენს თეთრი სახლი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე და განაცხადა, რომ ისრაელს მათი მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების ჩამოგდებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ. მისი თქმით, აშშ-მა უპრეცედენტო თავდასხმამდე, რეგიონში დრონები და ხომალდები გადაიტანა.

“ვგმობ ამ თავდასხმებს მაქსიმალურად მკაცრად. ჩემი მითითებით, ისრაელის თავდაცვის მხარდასაჭერად, აშშ-ის სამხედროებმა, გასული კვირის განმავლობაში, რეგიონში საჰაერო ხომალდები და ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი გამანადგურებლები გადაიტანეს. ამ განლაგებისა და ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების არაჩვეულებრივი ოსტატობის წყალობით, ჩვენ დავეხმარეთ ისრაელს ჩამოეგდო თითქმის ყველა დრონი და რაკეტა,” – განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის მტკიცე ვალდებულება.

“კიდევ ერთხელ დავადასტურე ამერიკის რკინისებრი ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. მე ვუთხარი მას, რომ ისრაელმა აჩვენა შესანიშნავი შესაძლებლობა, დაეცვა თავი და დაეძლია უპრეცედენტო თავდასხმები და მკაფიო გზავნილი გაუგზავნა თავის მტრებს, რომ არ შეუძლიათ ეფექტურად დაემუქრნენ ისრაელის უსაფრთხოებას,” – თქვა ბაიდენმა.

ის თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა და ირანის მიერ ისრაელზე მიმდინარე თავდასხმა განიხილა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმის დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. დანიელ ჰაგარის თქმით, მცირე ზიანი მიადგა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას.

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი მადლიერებას გამოხატავს სამხედროებისა და ისრაელის მოკავშირეების მიმართ, ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული თითქმის ყველა რაკეტისა და დრონის მოგერიებისთვის.

“დალოცვილები იყავით ძვირფასო ჯარისკაცებო, ისრაელის თავდაცვის ძალებო. გლოცავთ ერების კოალიციავ, რომელსაც აშშ და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელმძღვანელობს. დაგლოცავთ თქვენ, ისრაელელო ხალხო, განსაკუთრებული გამძლეობის გამოვლენისთვის. სიკეთის ძალები ერთად დაამარცხებენ ბოროტ ძალებს,” – წერს ისრაელის პრეზიდენტი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმის დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი (ბავშვი). დანიელ ჰაგარის თქმით, მცირე ზიანი მიადგა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ.

CNN-ს ცნობით, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მკაცრად დაგმო ირანის ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელზე.

“მკაცრად ვგმობ სერიოზულ ესკალაციას, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელზე ამ საღამოს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმა წარმოადგენს. მოვუწოდებ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ღრმად შეშფოთებული ვარ რეგიონის მასშტაბით გამანადგურებელი ესკალაციის ძალიან რეალური საფრთხით. მოვუწოდებ ყველა მხარეს, მიმართონ მაქსიმალურ თავშეკავებას, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ფრონტზე დიდ სამხედრო კონფრონტაციებამდე მიყვანა შეუძლია. არაერთხელ მითქვამს, რომ არც რეგიონს და არც მსოფლიოს არ შეუძლია კიდევ ერთი ომი დაუშვას,” – ამბობს გუტერეში.

The Times of Israel-ის ცნობით კი, ისრაელის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს. სხდომა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩაინიშნა.

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარების მოთხონით, საბჭოს პრეზიდენტს წერილი გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გაუგზავნა. წერილში ერდანმა საბჭოს სთხოვა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.

ცნობისთვის, მანამდე გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და “საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს.”

უცხოეთი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share