საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავს აღნიშნავს, ღონისძიებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტი ერთად ესწრებიან.
სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წუთის წინ ,,ოცნების” მიერ ჩატარებულ ,,საერთო სახალხო შეკრებას” გამოეხმაურა.
პრეზიდენტის, თქმით, ქართველი ხალხი 30 წელია ერთი მიზნის მისაღწევად არის გაერთიანებული და ეს მიზანი ევროკავშირის წევრობაა: ,, 30 წელზე მეტია, რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული – ევროპული პერსპექტივა. როგორც ერთადერთი, ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა. ამ 33 წლის მანძილზე, არაერთი კრიზისი, ვნებათაღელვა, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს აქამდე არავინ აყენებდა კითხვის ქვეშ”.
ზურაბიშვილი კრიტიკული იყო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანშვილის საჯარო გამოსვლისადმიც.
,,დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო ომის პარტია, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში, თუ კონფრონტაცია. ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა. ჩვენ და, პირველ რიგში, თქვენ, ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი”,- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.