თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე ბოლო სალიცენზიო ტურნირზე პარიზის ოლიმპიადის საგზურებისთვის ბრძოლას საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 3 წევრი აგრძელებს. ესენი რამაზ ზოიძე (67 კგ.), იური ლომაძე (77 კგ.) და ლაშა გობაძე (87 კგ.) არიან.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ტურნირამდე ქართველ “კლასიკოსებიდან” ოლიმპიადაზე წასვლა მხოლოდ რობერტ კობლიაშვილს (97 კგ.) ჰქონდა განაღდებული, ამდენად, თურქეთში ჩვენი ნაკრების წარმომადგენლები 6-დან ხუთ წონით კატეგორიაში ვიხილეთ.
ზოიძემ დილის სესიაში გზიდან ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე რუსი ასლან ვისაიტოვი (2:1), შვედი ნიკლას ოელენი (5:0) და ყაზახი დინ კოშკარი (9:4) ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი ჩინელ ლეი ლის გაეჯიბრება.
ლომაძემ დანიელ ოლივერ კრუგერს (3:0), ინდოელ ვიკაშ ვიკაშს (8:0) და სერბ ვიკტორ ნემესს (10:1) დამაჯერებლად სძლია და ნახევარფინალში ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის რანგში მოასპარეზე რუსი სერგეი კუტუზოვი ელის.
გობაძემ კუბელი დანიელ ეჩავარია (1:1-ზე ბოლო ქულის წყალობით), სომეხი გევორქ ტადევოსიანი (5:4) და ნიდერლანდელი მარსელ შტერკენბურგი (3:3-ზე ბოლო ქულის წყალობით) დაამარცხა, ხოლო ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს შეხვდება.
ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ ფრიდონ აბულაძე (60 კგ.) და იაკობ ქაჯაია (130 კგ.). აბულაძემ პოლონელ მიხალ ტრაჩთან 5:6 წააგო, ხოლო ქაჯაია ფინელ ელიას კუოსმანენს ვერ გაუმკლავდა – 1:5.
ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს. შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ტურნირზე ოლიმპიადის ლიცენზიებს წონების სამ-სამი საუკეთესო მიიღებს. საუბარია ფინალისტებსა და საუკეთესო მესამედგილოსნებზე, რომლებიც ბრინჯაოს მედლების მფლობელების დამატებით შეხვედრებში გაირკვევა.