120 ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რუსული კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია, ამიტომ, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიოს.
“14 მაისს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღეს. საქართველოში პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველა ჩვენი წინაპრისა და თანამემამულისა, ვინც ორასზე მეტი წლის განმავლობაში საქართველოს გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის. მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაგმობილი კანონპროექტის კანონად ქცევამდე პრეზიდენტის ვეტო რჩება, რომელიც პარლამენტმა არ უნდა დაძლიოს.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ქართველი ხალხი რუსულ კანონებს, ძალადობრივ მმართველობასა და დასავლური სამყაროსგან მოწყვეტას არ მივიღებთ. სრულად ვიზიარებთ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია და ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმად კანონი გაწვეულ უნდა იქნას. კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლოდ. სწორედ ამ ძალადობის და დასავლური ვექტორის შეცვლის შემაკავებელი კანონზომიერი შედეგი იქნება პერსონალური ფინანსური სანქციები, რომელიც მათ და მათი ოჯახის წევრებს დაუწესდებათ, ვინც ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა პირადი ინტერესი დააყენა.
ქართველი ხალხის ნება ურყევია. ჩვენი გემი ევროპისკენ დაძრულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს.
კი ევროპას!
არა რუსულ კანონს!” – ვკითხულობთ განცხადების ტექსტში.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების სრული სია იხილეთ ბმულზე.
რუსულმა რეჟიმმა 14 მაისს რუსული კანონი III მოსმენით მიიღო. პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს. პარტნიორებთან შეხვედრების შემდეგ, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში, “შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები”.