გზები “აგენტების კანონის” წინააღმდეგ – „რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ“

28 მაისს საბოლოოდ დამტკიცებული „აგენტების კანონით“, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ევროინტეგრაციასთან შეუთავსებლად მიიჩნევენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეგისტრაცია ორ თვეში დაიწყება. ორგანიზაციები, რომელსაც კანონი მიზანში იღებს, ზიანის აცილების გზებს ეძებენ.

„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე“, – 30 მაისს, მესამე სექტორის ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

ისინი სამართლებრივ ბრძოლას საკონსტიტუციო სასამართლოდან იწყებენ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, რომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით შეაჩეროს კიდეც კანონის მოქმედება.

  • რას აპირებენ „აგენტების კანონის“ სამიზნე ორგანიზაციები?
  • რა შანსები არსებობს და რამდენად საიმედოა შერჩეული გზები?

არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმით

არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმა მხოლოდ ნაწილობრივ არის ცნობილი, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია, რომ: არ დარეგისტრირებიან და მუშაობას გააგრძელებენ – ვიდრე ამას შეძლებენ.

პარალელურად მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის კონკრეტული მუხლების მოქმედების შესაჩერებლად; ხოლო თუკი „საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში“, გამოიყენებენ ალტერნატიულ სამართლებრივ მექანიზმსაც.

„ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიას შეუძლია ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. არა რუსულ კანონს! კი ევროპას! – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 30 მაისს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

  • მესამე სექტორი ასევე ემზადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც „შესაბამის დროს“ მიმართავენ. სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია განიხილოს უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები და ასევე მის ხელთაც არის – კანონის ნორმების სწრაფი შეჩერების მექანიზმი.
  • “ქართული ოცნება” იმედოვნებს, რომ სტრასბურგის სასამართლო სწრაფი შეჩერების მექანიზმს ამ შემთხვევაში არ აამოქმედებს.

„სანამ შევძლებთ, ადამიანური რესურსის ფარგლებში, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და იმ საქმის კეთებას, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ეს იქნება რთული გზა, მაგრამ ღირსების შემლახავ რეესტრზე თანხმობას ჯობია ყველაზე რთული გზის გავლა“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას GDI-ის ხელმძღვანელი, ედუარდ მარიკაშვილი, რომელიც ერთობლივი განცხადების ხელმომწერთა შორის არის.

„მიზანია, რომ, როგორმე, ყველა საშუალებით ვიბრძოლოთ არჩევნებამდე, რომ დავაკვირდეთ არჩევნებს – რომ ხელისუფლებამ არჩევნები არ მოჰპაროს ქართველ ხალხს. არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად, გაყალბების გარეშე“, – „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი გვეუბნება, რომ გეგმა არსებობს იმ შემთხვევისთვისაც, თუკი მათ არ დაუშვებენ არჩევნების სამეთვალყურეოდ – იმის გამო, რომ უარი თქვეს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციაზე. ეს გეგმა ჯერჯერობით არ ხმაურდება.

კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ პრეზიდენტისა თუ დეპუტატების ჯგუფის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა იმ ორგანიზაციამ, რომელზეც ეს კანონი ვრცელდება. ასევე, იმ ფიზიკურმა პირებმაც, რომელთაც „უცხოეთის აგენტების“ გამოვლენისა და შემოწმების პროცესში, სახელმწიფომ შესაძლოა მოსთხოვოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები.

არსებობის გზები

რეგისტრაციისთვის თავის არიდება, „აგენტების კანონის“ თანახმად 25 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, რასაც ასევე, სხვადასხვა ეტაპზე, მოჰყვება სხვა სახის მაღალი ჯარიმები. ეს ტვირთი აშინებს ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას და განსაკუთრებით რეგიონებში.

რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ რეგისტრირების გარეშე, ჯანდაცვისა თუ განათლების პროგრამების შეჩერება მოუწევთ.

„საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 600-მდე ორგანიზაციამ უკვე განაცხადა უარი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსით რეგისტრირებაზე.

„გადასაჭრელია გზები, როგორ უნდა გააგრძელონ ორგანიზაციებმა არსებობა და მუშაობა. ჯერჯერობით შესათანხმებელია სტრატეგია სექტორის შიგნითაც. არსებობს რამდენიმე შესაძლო გზა და თავად ორგანიზაციის ასარჩევი იქნება – რომელ გზას მიყვება იმისთვის, რომ გადარჩეს. მაგრამ ჩვენ გვაქვს კოორდინაცია და დავეხმარებით, რომ არსებული შესაძლებლობები დაინახონ“, – გვეუბნება ნინო ლომჯარია.

ამ გზებზე არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერჯერობით ღიად არ ლაპარაკობენ. თუმცა ერთ-ერთი გზა – ორგანიზაციების საზღვარგარეთ დარეგისტრირებაა.

კანონი პრობლემებს უქმნის ასევე მედიაორგანიზაციებს.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად“ დარეგისტრირება სავალდებულოა ისეთი იურიდიული პირებისთვის, რომელებიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობენ ან/და იყენებენ მასობრივი ინფორმაციის გავრცელებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს. ორი დათქმით, ეს ინტერნეტრესურსი საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს, ხოლო ორგანიზაციის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი „უცხორი ძალიდან“ უნდა მიდიოდეს.

„ტაბულას“ დამფუძნებელი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ „ტაბულა“ “ge დომეინს” იცვლის და “გადის ქვეყნიდან”, რომ მუშაობა გააგრძელოს.

ჩერგოლეიშვილი სხვა პოსტში ასევე აღნიშნავს, რომ შედეგად – „ქართულ ოცნებას“ „ნაკლები კონტროლი ექნება საძულველ არასამთავრობოებზე და მედიებზე“.

„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქართულ საქმეს ვერ მისწვდეს რუსული ხელი“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი, ლევან სუთიძე.

„ტაბულა არის ქართული მედია, დარჩება ქართულ მედიად და გააგრძელებს ქართული საქმის კეთებას პროფესიული ეთიკის პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებით და ამისათვის გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭირო გახდება, მათ შორის – დომეინის ცვლილებას, მათ შორის – ევროპაში რეგისტრირებას. იურიდიულად დაცული იქნება რუსული ხელისუფლების გავლენებისგან და ბერკეტებისგან“, – ლევან სუთიძე განმარტავს, რომ „ტაბულას“ აუდიტორიისთვის არაფერი შეიცვლება და მათ კვლავინდებურად ექნებათ წვდომა მედიასაშუალების ქართულენოვან კონტენტზე.

საზღვარგარეთ რეგისტრაცია იურისტებს ერთ-ერთ მთავარ გამოსავლად მიაჩნიათ, როგორც არასამთავრობო, ასევე მედიაორგანიზაციებისთვის. მხოლოდ დომეინის შეცვლა არასაკმარისი იქნება.

საზღვარგარეთ რეგისტრირების შემთხვევაში მედიასაშუალება იმოქმედებს იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ის რეგისტრირდება და გადასახადებსაც იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, იმ ქვეყნის ბიუჯეტში გადაიხდის.

და რა შანსებია საკონსტიტუციო სასამართლოში?

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლებელია ორი მოთხოვნის დაყენება:

  • კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა;
  • საქმის საბოლოო განხილვამდე შეჩერდეს კანონის გასაჩივრებული ნორმების მოქმედება.

 

არაკონსტიტუციურად ცნობის არგუმენტი მართლა ძალიან ბევრია. სამართლებრივად აქ რთული არაფერი იქნება, ყველაფერი ნათელი და გასაგებია და ყველაფრის დასაბუთება იოლად შეიძლება“, – გვეუბნება ვახუშტი მენაბდე და მიუთითებს ყველა იმ დასკვნასა თუ შეფასებაზე, რომლებიც [ჯერ კიდევ 2023 წლიდან] არაერთმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა.

უფლებების კუთხით დარღვევები შეეხება, მაგალითად: ღირსების ხელყოფას, დისკრიმინაციას, გაერთიანების, გამოხატვის თავისუფლების, პერსონალური მონაცემებისა თუ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფას.

ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მიერ 22 მაისს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ „აგენტების კანონი“ არ შეესაბამება „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ (ECHR) 4 მუხლს – გამოხატვის და შეკრების თავისუფლების, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და დისკრიმინაციის მიუღებლობის თაობაზე, ასევე „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის“ (ICCPR) სამ მუხლს და არ აკმაყოფილებს ლეგალურობის, ლეგიტიმურობის, დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროებისა და პროპორციულობის მოთხოვნებს.

ვენეციის კომისიის შეფასებები კომპასის როლს ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის; ხოლო „ქართული ოცნება“ კიმას პროფესიონალიზმს უწუნებს.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დროში შეიძლება გაიწელოს.

კანონის თანახმად, მაქსიმუმ 9+2 თვეა დადგენილი, მაგრამ როგორც ვახუშტი მენაბდე ამბობს, „დადგენილ ვადაში საქმის განხილვა არასოდეს დასრულებულა“ და თავადაც ერთ-ერთ საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე 8 წელია, რაც ელოდება.

შესაძლებელია სწრაფი შეჩერება?

რაც შეეხება კანონის ნორმების შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას, ვახუშტი მენაბდის თქმით, ამის გაკეთება 1-2 თვეშია შესაძლებელი, თუმცა რთული იქნება იმის დასაბუთება, რომ კანონის ამა თუ იმ ნორმას „გამოუსწორებელი შედეგის“ მოტანა შეუძლია.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის“ მიხედვით, ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში:

  • „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს”.

 

ასეთ დროს, კანონის მოქმედება შესაძლოა შეჩერდეს „საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით“.

ნდობის საკითხი

„აგენტების კანონის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის „ნათელი საფუძვლების“ მიუხედავად, ვახუშტი მენაბდისთვის ნაკლებად სარწმუნოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას გააკეთებს, რადგან მოსამართლეების ნაწილი დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“, ნაწილზე კლანის ძალაუფლება ვრცელდება”… “ხოლო დამოუკიდებელი მოსამართლეების ხმები არ არის საკმარისი მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მისაღებად“.

„ხალხის ძალიან დიდი ზეწოლა“ – მენაბდე ასე ხედავს ერთადერთ გზას, რამაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლოა ხელისუფლების პოზიციასთან ასე დაპირისპირებული ობიექტური გადაწყვეტილება მიაღებინოს.

ასევე ნახეთ

“აგენტების კანონის” ჩაგდება – ვენეციის კომისიის ერთადერთი რჩევა და დარჩენილი პროცედურები

ვახუშტი მენაბდე ურჩევს ყველას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვამდე რისკები კარგად შეფასდეს:

  • შეიძლება გამოიწვიოს იმედგაცრუება – „შესაძლოა უსაფუძვლო იმედი გააჩინოს და მერე იქნება ძალიან დიდი იმედგაცრუება და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, პროტესტისთვის ეს შეიძლება კარგი არ იყოს“;
  • შეიძლება დადგინდეს არასასურველი სტანდარტი – „ სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება არის კონსტიტუციის ნაწილი. ეს სარჩელი სასამართლოსა და „ქართულ ოცნებას“ მისცემს შესაძლებლობას, რომ არა მხოლოდ კანონის, არამედ კონსტიტუციის დონეზე დაგვიკანონოს უფლებების დარღვევა, რაც ახლა კანონში ჩაწერეს“.

 

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა შესაძლებელია მას შემდეგ, რაც კანონს ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე და ის ძალაში შევა.

გასაჩივრების პროცესისთვის თადარიგს უკვე იჭერს კონსტიტუციონალისტი, GIPA-ს სრული პროფესორი, თინათინ ერქვანია, რომელიც, როგორც გვეუბნება, ახლა სასამართლოს მეგობრების მოსაზრების (Amicus Curiae) ტექსტზე მუშაობს.

სასამართლოში არსებული გავლენების მიუხედავად, ის მაინც მნიშვნელოვნად თვლის, რომ სადავო კანონი საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს.

მიუხედავად იმისა, რა [გავლენების] კონტექსტია სასამართლოში, განსხვავებული აზრები დაიწერება, Amicus-ებიც მომზადდება და არგუმენტები გაშიშვლდება ორივე მხარეს. შესაბამისად, ეს გამოიწვევს მნიშვნელოვან გავლენას პოლიტიკურ პროცესებზეც რაღაც დოზით – გამოჩნდება ყველაფერი“, – გვეუბნება ერქვანია.

კანონის მოქმედების სწრაფი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების იმედი არც მას აქვს, მიუხედავად იმისა, რომ შეჩერების არაერთ საფუძველს ხედავს და მათ შორის – დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭებისა და ყველა იმ მახასიათებლის გამო, „რაც ამ კანონს რუსული სტილის კანონად აქცევს“.

ასევე ნახეთ

როგორ შეეხება “აგენტების კანონი” თითქმის ყველას – იურისტების განმარტებები

საერთაშორისო პარტნიორების ერთნაირი და უცვლელი პოზიციაა, რომ „აგენტების კანონი“ ძირს გამოუთხრის დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში, დაადუმებს კრიტიკულ აზრს და შეუძლებელს გახდის წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე.

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე გვეუბნება, რომ დასავლელი პარტნიორების სწრაფი რეაქციები წარსულის გამოცდილებით არის ნაკარნახები.

„[დასავლეთმა] ჭკუა ისწავლა. იცის, რა მოხდა რუსეთში, ბელარუსში, ყირგიზეთში რა ხდება. ეს არის რუსული ხრიკები. ზუსტად ის ნაბიჯებია და ის ინსტრუმენტებია, რომლებსაც რუსეთი იყენებს. თავიდან რომ დაიწყეს ამის გამოყენება, ჰიბრიდული ომის სიურპრიზები იყო, ახალი იყო, მაგრამ ახლა ხომ უკვე ნაცნობია ეს ყველაფერი დასავლეთისთვის. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, საით მიდის [საქართველოს] ხელისუფლება“, – მუჩაიძის თქმით, დასავლელი პარტნიორები ყურადღებას აქცევდნენ „ქართული ოცნების“ რიტორიკასაც, რომელიც წინასწარ ქმნის „მოღალატეების შავ სიას“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება უგულებელყოფს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას და აცხადებს, რომ არც აშშ-ის მიერ დაპირებული სავიზო თუ საფინანსო სანქციების „ეშინია“. თუმცა ექსპერტების შეფასებით, ეს სანქციები ადრესატებს საფუძვლიანად დააზარალებს.

„[დასავლელი პარტნიორების] კრიტიკის დიდი ნაწილი მოტივირებულია იმით, რომ კვლავ დაფარული დარჩეს ის თანხები, რომლებიც საქართველოში იხარჯება… საქართველოს პარლამენტი მოქმედებს ქართველი ხალხის მანდატით და არა სხვა ქვეყნების ხალხების თუ ხელისუფლებების მანდატით თუ მითითებით“, – უთხრა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე და “აგენტების კანონის” საბოლოოდ დამტკიცებამდე.

28 მაისს, ბოლო კენჭისყრაზე, კანონს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა.

რადიო თავისუფლება

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share