სტრატეგიული პროექტების და წევრი ფედერაციების მმართველობის საკითხებში ფიფას დირექტორი, ნოდარ ახალკაცი ხვალინდელ მატჩს “გამორჩეულ” დღეს უწოდებს და აცხადებს, რომ ისტორიულ თამაშს მთელი საქართველო ელოდება.
“მეც და მამაჩემსაც ეს გვამოძრავებდა, რომ ამ დღეს მოვსწრებოდით” – ამბობს ნოდარ ახალკაცი და იქვე დასძენს, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
”გამორჩეული დღე არის. როდესაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი ეს მამოძრავებდა, მამაჩემსაც ეს ამოძრავებდა, რომ ამ დღეს მოვსწრებოდით. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა ყველაფერი დადონ მოედანზე, თუმცა მთავარი მოსახდენი მოხდა, ჩვენ გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ამ დღისკენ მოვდიოდით მთელი საქართველო. დღეს ჩვენ ბიჭებს პატივი ხვდათ წილად, რომ საქართველოს ნაკრებით გავიდნენ და დადონ მოედანზე ყველაფერი. თაობები ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს დღე დადგებოდა, მაგრამ ჩვენ ამას მოვესწარით. უბედნიერესი მოვლენაა, რომ ჩვენ ამის მომსწრე გავხდით. რა ბედნიერები იქნებოდნენ ის ძველი ფეხბურთელები, რომლებიც ყოველ შაბათ-კვირას 70 ათას გულშემატკივარს აგროვებდა დინამოს სტადიონზე და ქმნიდა მიკროკოსმოსს, სადაც ეროვნული თვითმყოფადობის გამოხატვა ხდებოდა. იქ, იმ სტადიონზე, ყველა საქართველოს შვილი იყო და ეს დავინახეთ 26 მარტს, როდესაც არავის უკითხავს, თუ ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს”, – ამბობს ნოდარ ახალკაცი.
18 ივნისი, დორტმუნდი, 20:00 საათი – ეს ქართული ფეხბურთის ისტორიული თარიღია. საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში პირველ შეხვედრას ევროპის ჩემპიონატზე გამართავს. ბრძოლას ჩვენი ფეხბურთელები თურქეთთან შეხვედრით იწყებენ. სტადიონზე კი მათ მხარდასაჭერად ათასობით ქართველი გულშემატკივარი იქნება. მატჩის ყველა ბილეთი დიდი ხანია გაყიდულია.