ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ – ამის შესახებ ჩეხეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ პირველ კომენტარში ისაუბრა.
მან ქართველ მგულშემატკივრებს მადლობა გადაიხადა და აღნიშნა, რომ “სტადიონზე თავს ისე გრძნობდა, თითქოს, საკუთარ მოედანზე, საქართველოში თამაშობდა”.
”რაც შეეხება თამაშს, ძალიან ახლოს ვიყავით მოგებასთან, ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომ არის ის საუკეთესო მეკარე. რაც შეეხება დანარჩენს, ბოლოსაც გამოჩნდა, რომ მოგება შეგვეძლო.
ჩვენ ეს ყველაფერი არა მხოლოდ ამ ევროპის ჩემპიონატზე ვაჩვენეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ყველა გუნდთან თამაში შეგვიძლია. სანამ არის შანსის 1%-იც კი, გუნდს მნიშვნელობა არ აქვს, გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია,“- დასძინა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არის თუ არა ის ოპტიმალურ ფორმაში, ეროვნული ნაკრების წევრმა თქვა, რომ “აკეთებს ყველაფერს, რასაც ავალებენ”.
ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ. ვცდილობ გავაკეთო. იმის მიუხედავად, რომ ჩემს პოზიციაზე არ მიწევს თამაში, მაგრამ ბედნიერი ვარ.
კმაყოფილი არასდროს ვარ, უფრო მეტი შემიძლია… მაგრამ რასაც მავალებენ, ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთო…“ – დასძინა კხვიჩა კვარაცხელიამ.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.