„დასაკარგი არაფერი გვაქვს…“ – ამის შესახებ საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.
”გაორებული გრძნობა დამრჩა – შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ ევროპირველობაზე პირველი ქულა მოვიპოვეთ. ეს სიამაყის გრძნობას გძენს. ამისათვის 3.5 წელი ვიშრომეთ, ”- დასძინა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთმელმა.
მან კონკრეტულ ფეხბურთელებზე საუბარი არ ისურვა და თქვა, მხოლოდ ის რომ კვარაცხელიას თამაშზე მისი გაანალიზების შემდეგ შეძლებს კომენტარის გაკეთებას.
მან იმედი გამოთქვა, რომ კიტეიშვილი მწყობრში ჩადგება.
“კვირკველია ინფექციის გამო ათი დღე საავადმყოფოში იყო. დაღლილობის გამო შევცვალე. გველესიანი კარგად ჩაერთო თამაშში.
ლობჟანიძეს მხარდაჭერა სჭირდება. გავამხნევე, ვინაიდან ვიცოდი, რასაც გრძნობდა. ვიცოდით, რთული შეხვედრა გველოდა. მეტოქემ ჩვენზე დიდი ზეწოლა განახორციელა. ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს, თუმცა ჩვენ ფანტასტიკური მეკარე გვყავს.
მიყვარს საქართველო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მოგების იმედი ნამდვილად არ მქონდა. დასაკარგი არაფერი გვაქვს, მთავარი გამოცდილების მიღებაა. ეს მომავალში გამოგვადგება. პორტუგალია ძალიან ძლიერია. ვეცდებით ძალები აღვიდგინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ. ეგებ უკეთაც ვითამაშოთ”- განაცხადა ვილი სანიოლმა, რომლის კომენტარს sportall.ge ავრცელებს.
ევრო 2024-ზე მესამე ტურის შეხვედრას საქართელოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს. გუნდი გელზერკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ჩეხეთს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.