იარაღის წარმოება გურიაში
.
საქართველოში და მათ შორის გურიაში ხმლის და ხანჯლის საპირე მასალა შემოდიოდა ვეროპიდან ძირითადად ეს იყო ფერარას ფოლადი (ANDREA – Andrea Ferrara ვენეციელი მეიარაღე), ევროპული ფოლადისაგან მზადდებოდა გურიაში ე.წ. „გურული ხანჯლები“, რომლებიც ახლაც პოპულარულია კოლექციონერებში. ასევე ევროპიდან შემოდიოდა პისტოლეტების მექანიზმები, რომლიდანაც გურიაში აწყობდნენ კაჟიან ე.წ. „ფიშტოს“, რომლის დასახელებაც pistol -ის გურული ვარიანტია (ისევე როგორც დიდი ალბათობით “ფირალი” – pirat; pirata – ლათ.), ფიშტოს ძირითადად სნაიდერის ფირმის დეტალებიდან აწობდნენ (Snider–Enfield; Herman Ghiot; Peabody–Martini)..
.
მე-19 საუკუნის აღწერის მიხედვით გურიაში იყვნენ შემდეგი მეიარაღეები:
– კვაჭაძე ამბაკო – ოზურგეთი 1836-1887 წელი;
– ჩხარტიშვილი ლევან – ოზურგეთი 1886-1887 წელი;
– სალუქვაძე ამბაკო – ოზურგეთი 1886-1887 წელი;
– სალუქვაძე გიგო – ოზურგეთი 1886-1887 წელი;
– მინავა ბურდღუ – ლანჩხუთი 1886-1889 წელი;
– კვაჭაძე მიხეილ – ლანჩხუთი 1889 წელი; (Аствацатурян)
.
როგორც არაერთი წყაროდან ირკვევა 1878 წლამდე გურია ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის წარმოების (აწყობის) მნიშნელოვანი კერა იყო, 1877-78 წლების რუსეთ თურქეთის ომის შედეგად გურია მოსაზღვრე რეგიონი აღარ იყო, რამაც თავის მხრივ ადგილობრივ ცეცხლსასროლ იარაღზე მოთხოვნა შეამცირა, ხოლო ცივი იარაღის წარმოება პირიქით გაიზარდა, ხანჯლები გურიაში დიდი ოდენობით კერთდებოდა და გასაყიდად გადიოდა რუსეთის იმპერიაში. გ. ხელემსკის 1876-1890 წლების სამხრეთ კავკასიის მრეწველობის მიმოხილვის მიხედვით ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში მუშაობდა იარაღის დამამზადებელი სახელოსნო. სახელოსნოში დამზადებული უბრალო ხანჯალი ღირდა 1 მანეთი და 20 კაპეიკი, ხოლო ძვირფასად მოჭედილი 5 მანეთი
.
გურიის როგორც იარაღის დამზადების მნიშნელოვანი კერის არსებობის დამადატურებელი გახლავთ ის, რომ აქ დამზადებული როგორც ცივი ისე ცეცხლსასროლი იარაღის სახეობები მრავალფეროვანი და განსხვავებული დანიშნულების გახლდათ.
.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმ დროისათვის გურიაში ცეცხლსასროლი იარაღის ყველა დეტალის დამზადება ხდებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ევროპული დეტალებისაგან ცეცხლსასროლი იარაღის საკმაოდ მაღალი ხარისიხის აწყობა, ხის და მეტალების ზოგიერთი ნაწილის დამზადება, იარაღის ინკრუსტრირება და მოსევადება ხდებოდა.
.
გურიაში დამბაჩების და თოფების დეტალები ძირითადად ევროპიდან თურქეთის გავლით “პობედი-მარტინის” “სნაიდერის” და „ჰამერის“ ფირმის დამბაჩების ლულა და მექანიზმი დაშლილი შემოდიოდა, ასევე რუსების მიერ შემოტანილი იქნა “ბერდანის” სისტემის იარაღი და მათი დეტალები. გურიაში ხდებოდა ამ იარაღის აწყობა და ადგილობრივ გემოვნებაზე მორთვა და კაკლის ხის ტარის გაკეთება. ყველა შემთხვევაში ოზურგეთელი მეარაღეების მიერ კეთდდებოდა ზარნიში, მოსევადება, ოქროთი და ვერცხლით გაწყობა. გურიაში ასევე ხმარებაში და აწყობდნე იყო თურქულ დამბაჩებს ე.წ. „ტაბანჩა ჩახმახი“, რომელიც ასევე ევროპულ მექანიზმებზე იყო აწყობილი.
.
1878 წლის შემდეგ არაერთი იარაღის ექსპერტი გურიას, როგორც იარაღის მწარმოებელ მხარეს ცალკე აღარ მოიხსენიებს როგორც აჭარა-გურიის იარაღის წარმოების რეგიონს.
.
„1845 წელს გურიის მაზრაში რეგისტრირებული იყო 499 მეიარაღე, მათ შორის იყვნენ მჭედლები და ოქროსმჭედლები, 1859 წლისათვის მარტო ქალაქ ოზურგეთში რეგისტრირებული იყო 49 მუდმივად იქ მცხოვრები მჭედელი, სხვა მონაცემებით იმავე პერიოდში ოზურგეთი იყო 200 ოსტატი, რომელთა უმრავლესობა გახლდათ როგორც მჭედელი ისე დურგალიც, რომელთა მიერ დამზადებული პროდუქცია იყო იარაღი და მეტალის ნაწარმი. უნდა აღინშნოს, რომ აღრიცხვას ექვემდებარებოდა ქალაქსა და დაბებში მცხოვრები ოსტატები და არ იყო აღრიცხული სოფელის მეიარაღები, ასე რომ მჭედლებისა და იარაღის მწარმოებელთა ზუსტი მონაცემების დადგენა შეუძლებელია“ (С. В. Талантов; Л. Б. Двалишвили)
.
„ოზურგეთში ძალიან მაღალ ხარისხობრივ საფეხურზე იდგა ცეცხლსასროლი იარაღის წარმოება, იქ შეიძლება შეგხვდეს ძალიან საიმედო პობედი-მარტინის და ბერდანის სისტემის შაშხანები რუსეთ თურქეთის ომის (1877-78 წლები) შემდეგ ოზურგეთის მაზრაში ძალიან შემცირდა ცეცხლსასროლი იარაღის დამზადება, რადგანაც მაზრა უკვე აღარ ესაღვრებოდა თურქეთს“ (Пиралов). იგივეს წერს ა. ი. ხატისოვი (1894 წელი), რომლის მიხედვით ოზურგეთში მზადდებოდა ადგილობრივი ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე უთითებს, რომ გარდა ადგილობრივი სისტემის იარაღებისა ადგილობრივი მეიარაღეები ამზადებდნენ ზემოხსენებული უცხოური სისტემის მქონე ცეცხლსასროლ იარაღს.
.
ოზურგეთში ეწყობოდა იარაღის აუქციონები რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა გურულებში, რისი დასტურიც გახლავთ deutsche illustrierte Zeitung-ში გამოქვეყნებული ილუსტრაცია.
.
– Эмма Аствацатурян – “Указатель клейм мастеров оружейного и серебряного дела Северного Кавказа и Закавказья”
– «Оружейные реликвии дома Романовых» (Санкт-Петербург, 2012)
– (А. С. Пиралов – Краткий очерк кустарных промыслов Кавказа 1900 г.
– С. В. Талантов; Л. Б. Двалишвили – О производстве оружия в Аджаро-Гурийском регионе
– იარაღის აუქციონი ოზურგეთში (Auktion after Waffen in Oſurgeti) – გერმანული ილუსტრირებული გაზეთიდან – Über Land und Meer: deutsche illustrierte Zeitung #49 – 1877; Stuttgart;
– სხვა ღია წყაროები
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა