2024 წლის ივნისში ნოვოსიბირსკელი მღვდელი და ხუთი შვილის მამა, ვადიმ პერმინოვი, გაათავისუფლეს სასულიერო თანამდებობიდან და აუკრძალეს ღვთისმსახურება იმის გამო, რომ უარი თქვა წაეკითხა უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერი ლოცვა.
იმავე თვეში და იმავე მიზეზით კრასნოდარელ მღვდელს, ანდრეი დრუგაისაც აუკრძალეს ღვთისმსახურება. დრუგაი სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხის გამო უკვე გაემგზავრა საზღვარგარეთ. პერმინოვი კი თავის ოჯახთან ერთად ჯერჯერობით რუსეთში რჩება.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის მსვლელობის დროს რუსეთში არაერთი სასულიერო პირი მოექცა მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან ზეწოლის ქვეშ ომის საწინააღმდეგო პოზიციების გამოხატვისთვის.
როგორც ისტორიკოსი და თეოლოგი, მამა ანდრეი კურაევი აცხადებს, ომის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სულ მცირე 40 რუსი სასულიერო პირი გახდა ხელისუფლების დევნის სამიზნე იმის გამო, რომ უარი თქვა ღიად მხარი დაეჭირა უკრაინაში შეჭრისათვის. ზოგიერთმა მათგანმა ქვეყანა დატოვა და ფაქტობრივად ნულიდან უწევთ საზღვარგარეთ ცხოვრების დაწყება.
“ყველაფერთან ერთად შენ ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებასაც ემხრობი?”
ნოვოსიბირსკის ოლქის ქალაქ კუიბიშევის კაინის ეპარქიის დეკანოზს ვადიმ პერმინოვს, ღვთისმსახურება 10 ივნისს აუკრძალეს და ფაქტობრივად სამსახურისა და საარსებო საშუალების გარეშე დატოვეს. ეპარქიის ხელმძღვანელი საერთოდ გულგრილი დარჩა თავისი ხელქვეითის მიმართ, რომელიც ხუთი შვილის, აქედან სამი არასრულწლოვნის მამაა.
მღვდლის გათავისუფლებას წინ უძღოდა უსიამოვნო საუბარი. აპრილში პერმინოვი სასაუბროდ გამოიძახეს ეპარქიის ახლად დანიშნულ ეპისკოპოსთან, ვისგანაც გაიგო, რომ იგი დაასმინეს იმის გამო, რომ უარი თქვა ომის მხარდაჭერაზე და არ აღავლინა უკრაინის ომში რუსეთის ჯარის გამარჯვების ლოცვა.
“მე არ მაჩვენეს „დანოსი“ და არ მითხრეს, თუ ვინ არის მისი ავტორი, მაგრამ კაინის ეპარქიის მდივანმა მიმახვედრა, რომ დასმენის წერილი არსებობს. მანვე მკითხა, ვკითხულობდი თუ არა ლოცვას წმინდა რუსეთზე. მე ვუპასუხე – „არა“. რაზეც მან „თვითმკვლელი“ მიწოდა. უკვე ამის შემდეგ გამომიძახა ეპისკოპოსმა თავის კაბინეტში“, – ამბობს ვადიმ პერმინოვი.
შედეგად, თითქმის 30-წლიანი ხელდასხმის და ანაფორის ტარების შემდეგ, უცნობი პირის დასმენის საფუძველზე, ყოველგვარი კანონიკური წესდებისა და წესების გარეშე, პერმინოვი გააძევეს მშობლიური მრევლიდან და ჯერ სოფლის ეკლესიაში გაამწესეს, შემდეგ კი მთლიანად აუკრძალეს ერთი წლის განმავლობაში მსახურება, ჯვრის ტარება და ღვთისმსახურების სწავლება.
„მე გამარჯვებისადმი მიძღვნილი ლოცვის წაკითხვაზე უარი იმიტომ ვთქვი, რომ ეს ეწინააღმდეგება ჩემს ქრისტიანულ რწმენას ომზე, როგორც ცოდვაზე, სისხლისღვრასა და ძმათაკვლაზე. როგორც ჩანს, ჩემზე „დანოსი“ აღდგომის დღეებში მოვიდა“, – ამბობს პერმინოვი და იხსენებს, თუ როგორ მიდიოდა ეპისკოპოსის კაბინეტში მასთან გასაუბრება.
„ჩვენი საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გამოდგა. მე მომიწია საკმაოდ იდუმალ კითხვებზე პასუხების გაცემა: თუ რატომ არ მსახურობენ ჩემი უფროსი ვაჟები ჯარში? რატომ იღებს ჩემი ოჯახი მრევლისგან თითოეულ წევრზე საარსებო მინიმუმზე მეტ თანხას? რატომ არ ვკითხულობ პატრიარქის ლოცვას ძმათამკვლელ ომში რუსეთის გამარჯვებაზე და ბოლოს, ვემხრობი თუ არა ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებას. რაღაც მომენტში მე უბრალოდ დავდუმდი“, – იხსენებს პერმინოვი.
„წმინდა რუსეთზე ლოცვა“, რომელსაც ასევე „გამარჯვების ლოცვასაც“ უწოდებენ, რუსეთის პატრიარქმა კირილემ პირველად 2022 წლის 25 სექტემბერს პერედელკინოში მდებარე ალექსანდრე ნეველის ტაძარში მიმდინარე ლიტურგიის დროს წაიკითხა. ეს ლოცვა, რომელიც ძველ სლავურადაა დაწერილი, როგორც თეოლოგები ამტკიცებენ, არ გვხვდება არცერთ საღვთისმეტყველო წიგნში. ლოცვის ავტორები უცნობია. ის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა ეკლესიაში გავრცელებულია წარწერით: „აუცილებლად წასაკითხავად“. ლოცვაში არის ასეთი ფრაზები „აღსდექ, უფალო, შენი ხალხის შემწედ და მოგვანიჭე გამარჯვება ძალითა შენითა“.
ვადიმ პერმინოვის უფროსი შვილები 23 და 25 წლისანი არიან. მაგრამ უმუშევრად დარჩენილი დეკანოზის ოჯახში კიდევ სამი არასრულწლოვანი შვილია, რომელთაგან უმცროსი 12 წლისაა. როგორც პერმინოვი ამბობს, ოჯახი არასრულწლოვან შვილებზე სოციალურ შემწეობას იღებს, გარდა ამისა, მცირე შემოსავალი – 22 ათასი რუბლი აქვს მის ცოლსაც, რომელიც ტაძარში არსებულ საქველმოქმედო საწყობში მუშაობს, თავად ყოფილი სასულიერო პირი კი ახლა სამუშაოს ეძებს.
ეპარქიაში ღვთისმსახურებამდე ვადიმ პერმენოვმა მოასწრო ასტრონომიის მასწავლებლად მუშაობა, მართლმადიდებლური კულტურისა და სამოქალაქო ეთიკის მასწავლებლის დიპლომი აქვს, იცის ძველი სლავური ენა და შეუძლია ასევე ავტომობილის მართვის ინსტრუქტორად მუშაობაც.
„მაგრამ ჩემი დღევანდელი ბეგრაუნდის გამო შეუძლიათ ყველგან დამიკეტონ კარები. სასულიერო წოდება ჯერ არ ჩამოურთმევიათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ შორს არც ეს არის. არ მოეწონებათ მათ მთელი ეს ხმაური“, – ამბობს ვადიმ პერმინოვი.
სხვა მღვდლების მსგავსად პერმინოვი საზღვარგარეთ წასვლას ჯერ არ აპირებს, თუმცა არც იმას მალავს, რომ „გულში შურს“ იმ ღვთისმსახურებისა, რომლებმაც რუსეთიდან წასვლა მოახერხეს.
დეკანოზი ამბობს, რომ უკრაინაში გაჩაღებულ ომს იგი დასაწყისიდანვე არ უჭერდა მხარს, მაგრამ მხოლოდ პირად საუბრებში და არა საჯაროდ.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში მე შიშითა და სიმძიმით ვხარშავდი ინფორმაციას და ვაკვირდებოდი. როდესაც დაიწყო კურაევის ამბავი (პროტოდიაკონ ანდრეი კურაევს რუსეთის პატრიარქმა კირილემ 2023 წლის აპრილში ჩამოართვა სასულიერო წოდება, თუმცა მას 2020 წლიდან დევნიან), უმინსკის (ალექსეი უმინსკის, სამების ტაძრის წინამძღვარს სასულიერო წოდება ჩამოართვეს 2024 წლის თებერვალში, რადგან უარი თქვა აღევლინა „წმინდა რუსეთის“ ლოცვა ლიტურგიის დროს) და სხვებსაც სასულიერო წოდებები ჩამოართვეს, მაშინ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჩემი გზაც ეს არის“, – ამბობს პერმინოვი.
როდესაც ეპარქიიდან მისი გათავისუფლების შესახებ გახდა ცნობილი, მრევლის წარმომადგენლებმა თავდაპირველად ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, ცოტა ხანი იხმაურეს, მაგრამ შემდეგ გაჩუმდნენ და ბედს შეეგუვნენ. ყოფილი კოლეგებიდან კი გათავისუფლების შემდეგ მას მხოლოდ სამმა მღვდელმა დაურეკა.
ვადიმ პერმინოვი ფიქრობს, რომ მისი ნაბიჯი მრევლს მაინც კარგ სამსახურს გაუწევს.
„არ შევცდები, თუ ჩავთვლი, რომ ჩემი ამ ისტორიის გახმაურებით და გარედან რეაქციის გამოწვევით, მე ჩემი მრევლისთვის უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე მხოლოდ ჩუმად და ან ღიად რომ მელაპარაკა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავადმყოფობაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ ცნობიერებაში მოხდეს შემობრუნება – ტელევიზორიდან სახარებისკენ ან თუნდაც მაცხოვრის მიერ მთაზე ქადაგებისკენ“, – ამბობს ვადიმ პერმინოვი.
“ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს პატრიარქ კირილეს მიერ ამ უაზრო ომის გამართლება”
ყუბანელ დეკანოზ ანდრეი დრუგაის, რომელიც ასევე ილაშქრებდა უკრაინასთან ომის წინააღმდეგ, სასულიერო წოდება 2024 წლის ივნისში ჩამოერთვა. ივლისში მან გადაწყვიტა ამ სასჯელის გასაჩივრება და შესაბამისი წერილით მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიმართა. მანამდე ბართლომემ სასულიერო წოდებაში აღადგინა უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგე დეკანოზი ანდრეი უმინსკი და პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი.
ანდრეი დრუგაის ამბავი ცნობილი გახდა ივნისის ბოლოს, როდესაც სამწყსოსთან მისი დამშვიდობება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილმა პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევმა გამოაქვეყნა.
ჩანაწერში დეკანოზი ამბობს, რომ არ მიიღებს ძალადობას და მკვლელობას, როგორც არ უნდა ცდილობდნენ „ჩვენი პოლიტიკოსები და საეკლესიო მოღვაწეები მის გათეთრებას“. დრუგაიმ გაილაშქრა უკრაინაში შეჭრისა და მისი ტერიტორიების ანექსიის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ აღშფოთებულია ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებითა და კოლონიაში მისი მკვლელობით.
როგორც დრუგაი ახლა აცხადებს, ის ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის (ასე უწოდებს კრემლი ფართომასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ – რედ.) დასაწყისიდანვე „მშვიდობას ქადაგებდა და არა ომს“, რის გამოც „გაფრთხილებებს“ იღებდა. 2024 წლის 21 იანვარს დეკანოზმა შეიტანა შუამდგომლობა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რიგებიდან გათავისუფლების შესახებ, მაგრამ რეაქცია არ ყოფილა.
„ღმერთი სიყვარულია, გესმის?“ – ის მთავარი არგუმენტი მოჰყავს დრუგაის, რომელსაც დეკანოზი მრევლთან ომის განხილვისას იშველიებდა. „უპირველეს ყოვლისა, ეს არის ახალი აღთქმის წმინდა წერილების სიტყვები. მე ავუხსენი მათ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საეკლესიო სპიკერები, ისევე როგორც თავად პატრიარქი კირილე, ამახინჯებენ ღვთის სიტყვას და ამახინჯებენ ახალი აღქმის ციტატებს, რომლებსაც ომის გასამართლებელ არგუმენტებად წარმოადგენენ. იესო ქრისტეს არავის სიცოცხლე არ წაუღია. ზოგადად, ის მოევლინა ამ სამყაროში, რათა ჩვენთვის სიცოცხლე მოეცა, რათა ყველა მორწმუნე არ დაიღუპოს და მარადიული სიცოცხლე მოგვეცეს. პირიქით, მოციქული ღვთისმეტყველი ეპისტოლეში ამბობს: “თუ ვინმეს უყვარს ღმერთი და სძულს თავისი მეზობელი, მაშინ ის მატყუარაა. იმიტომ, რომ შეუძლებელია გიყვარდეს ღმერთი და ამავე დროს გძულდეს შენი მეზობელი”. ამიტომ, პატრიარქ კირილეს მიერ უაზრო, ჭეშმარიტად ეშმაკური ომის გამართლება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რადგან ღმერთი არ ამართლებს მკვლელობას“, – ამბობს დრუგაი.
არმიაზე ფეიკების ბრალდებით მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი დევნის თავიდან ასაცილებლად, დეკანოზმა დრუგაიმ დანაზოგი თანხით ბილეთები შეიძინა და ცოლ-შვილთან ერთად უცხოეთს შეაფარა თავი. ჟურნალისტებს დეკანოზმა სთხოვა, რომ არ გაემხილათ, თუ სად ცხოვრობს ამჟამად მისი ოჯახი. პარალელურად იგი მსოფლიო პატრიარქთან აწარმოებს მოლაპარაკებას სასულიერო წოდებაში აღსადგენად, რაც, როგორც ამბობს, მას ადგილობრივ ეპარქიაში მუდმივი სამუშაოს არავითარ გარანტიას არ აძლევს.
„უცხოეთში ტაძარში წირვა, მხოლოდ უქმე დღეების სამუშაოა. ამიტომ ოჯახის სარჩენად სამოქალაქო პროფესია უნდა ვეძებო. ძალიან ვნანობ, რომ თავის დროზე არ შევისწავლე ისეთი საქმე, რაც მრევლის დაკარგვის შემთხვევაში, ულუკმაპუროდ არ დამტოვებდა. მაგრამ რას ვიზამ, ახლა მომიწევს“, – არ კარგავს იმედს სასულიერო პირი.
პროტოდიაკონ ანდრეი კურაევის თქმით, რომელმაც რუსეთი 2023 წლის ოქტომბერში დატოვა, რუსი მღვდლების არა უმეტეს 1% მეტ-ნაკლებად საჯაროდ ილაშქრებს უკრაინაში ომის წინააღმდეგ
„ნუ. შესაძლოა, ეს იყო 200 ადამიანი, მაგრამ რუსეთის ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირების საერთო რაოდენობის დაახლოებით 1%-ია. მეტიც, თავდაპირველი პეტიციის შემდეგ (2022 წლის მარტში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა გამოაქვეყნეს ღია მიმართვა ხელისუფლებისადმი, რომელიც დაზავებისა და უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდებდა) მე აღარ მიწარმოებია სტატისტიკა, მაგრამ ბევრ მათგანს ჰქონდა გარკვეული პრობლემები: ვიღაცას უფროსმა დაურეკა, ეპისკოპოსმა. და შედეგად, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც საკუთარი აზრი საჯაროდ შეიცვალეს“, – ამბობს კურაევი.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლების უმეტესობის პროსახელისუფლებო და მილიტარისტულ პოზიციას კურაევი მარტივად ხსნის.
„ესაა შიში. და ასევე ძნელია ადამიანისთვის დინების წინააღმდეგ წასვლა. და მისთვის უფრო ადვილია ყოველთვის იმის თქმა, რომ “შეუძლებელია, რომ ყველა ცდებოდესო”. ამიტომ, უმჯობესია საკუთარ თავს უფლება მისცე აშკარა ტყუილი დაიჯერო, ვიდრე აღიარო, რომ ტელევიზორი იტყუება“, – დასძენს კურაევი.
ნოვოსიბირსკელმა მღვდელმონაზონმა იოანე კურმოიაროვმა ეს შიში 2 წლის წინ დაძლია.
„ჩემი საყვარელი ქვეყანა იქცევა აბსოლუტურად არაქრისტიანულად, არაადამიანურად, ფაქტობრივად, აკეთებს იმავეს, რასაც ნაცისტური გერმანია აკეთებდა 1930-40-იან წლებში“, – თქვა იოანე კურმოიაროვმა რუსეთის მიერ გაჩაღებული ომიდან 4 თვის შემდეგ.
კურმოიაროვი 2022 წლის 7 ივნისს სანქტ-პეტერბურგის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დააკავეს რუსული არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელების მუხლით.
2023 წლის აგვისტოში სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ მღვდელმონაზონ იოანე კურმოიაროვს რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. „ფეიკების“ გავრცელების საქმეზე კოლონიაში სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
„მშვიდობისმყოფელები სამოთხეში იქნებიან, იცით? და ისინი, ვინც აგრესია გააჩაღა, სამოთხეში ვერ მოხვდებიან, რაც არ უნდა იღონონ“, – ამბობდა, კერძოდ, მღვდელი ვლადიმირ პუტინის მისამართით, რომელმაც განაცხადა, რომ „ჩვენ, როგორც მოწამეები, სამოთხეში წავალთ და ისინი კი უბრალოდ ჩაძაღლდებიან“.
სასამართლოში 55 წლის კურმოიაროვმა აღიარა დანაშაული და თქვა, რომ მან პუბლიკაციები „როსკომნადზორის“ თხოვნით წაშალა. თავისი განცხადებები კი იმით ახსნა, რომ ტრავმირებული იყო იმ იდეით, რომ მართლმადიდებლები „უკრაინის ომის ორივე მხარეზე იღებენ მონაწილეობას და იტანჯებიან“.
რადიო თავისუფლება