USAID-ს სამენტორო პროექტში მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლე იღებდა მონაწილეობას

მენტორობის პროგრამა USAID-ს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ა(ა)იპ „ქალები ენერგეტიკაში“ თანამშრომლობით დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოში. მენტორობის ინიციატივა, რომელიც 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში განხორციელდა, ინოვაციური აქტივობაა, რომლის მიზანს მთელი ქვეყნის მასშტაბით უფროსკლასელ გოგონებში STEM-ისა (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) და განახლებადი ენერგიის დარგების მიმართ ინტერესის გაღვივება წარმოადგენდა. შეირჩა საქართველოს ენერგეტიკის დარგში მომუშავე მაღალი დონის პროფესიონალი 20 ქალი და 20 უფროსკლასელი მთელი საქათველოს მასშტაბით, მენტორები და მოსწავლეები დააწყვილეს ინტერესებიდან გამომდინარე და დაიწყო 6 თვიანი სწავლების პროგრამა, რომლის ფარგლებსიც მენტორები მოსწავლეებს უზიარებდნენ ცოდნას, გამოცდილებას, აძლევდნენ რჩევებს მომავლის პროფესიებთან დაკავშირებით. ისინი ასევე, ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში. მათ მოინახულეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), მზის ელექტროსადგური და ქართლის ქარის სადგური. არაერთმა მენტორმა დამატებით გაამდიდრა უკვე არსებული პროგრამა საკუთარი ინიციატივით შემოთავაზებული ვებინარებით. სამენტორო პროგრამამ მნიშვნელოვნად აამაღლა მონაწილეთა ცოდნა დარგის შესახებ, ასევე შესაძლებლობა მისცა მათ, გასცნობოდნენ დარგთან დაკავშირებულ ბევრ ნიუანსს და გაეგოთ, თუ რა კარიერული შესაძლებლობები არსებობს ამ დარგში.

სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ მენტორად ბახვი ჰესის ინვესტორი კომპანიის, CCEH-ის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების ხელმძღვანელი ნანა ბერძენიშვილი შეირჩა, ხოლო მოსწავლედ, მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლე, ნათია შავაძე.

მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლე – ნათია შავაძე

„ნანამ მთელი ჩვენი შეხვედრების და სამენტორო პროგრამის მიმდინარეობის დროს უამრავი რამ მასწავლა, როგორც პიროვნული ასევე, პროფესიული თვალსაზრისით. ამ პროგრამამ პროფესიის არჩევა გამიმარტივა, დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში და გამიფართოვა ხედვა. მნიშვნელოვანი გყავდეს ადამიანი, ვინც დაგიდასტურებს რომ სწორად იქცევი ან/და მოგცემს რჩევებს, რომ შემდგომშიც სწორი არჩევანი გააკეთო. მადლობა ნანას მხარდაჭერისთვის, ის არამხოლოდ მენტორი, არამედ ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემთვის ძვირფასი მასწავლებლიც კი გახდა. ასევე, დიდი მადლობა სამენტორო პროგრამის თითოეულ  ორგანიზატორს, რათა მომცეს შესაძლებლობა, მიღეღო ამ ძალიან საინტერესო და საფუძვლიან პროგრამაში მონაწილეობა”.

ნანა ბერძენიშვილი – CCEH-ის გარემოსდაცვისა და სოციალური პროექტების ხელმძღვანელი

„ჩემი აზრით, მოცემული პროგრამა 2 უმნიშვნელოვანეს რამეს შესძენს ახალგაზრდებს, პირველი იქნება გამბედაობა: გამბედაობა სურვილებში, მისწრაფებებსა და მიზნების დასახვაში და მეორე, გაზიარების კულტურის მნიშვნელობა და აუცილებლობის გაცნობიერება. მჯერა, რომ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ამ პროცესს შეუძლია ადამიანის ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლა. ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის – ახალზარდების ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლა. მჯერა, რომ მენტორობის პროგრამაში ჩართული ახალგაზრდებისათვის, ეს პროცესი იქნება უდიდესი მოტივაციის წყარო, რომელიც განავითარებს მათ, გახდის მეტად გაბედულებს აწმყოშიც და მომავალშიც. მჯერა, რომ გაუჩნდებათ ინტერესი ენერგეტიკის სფეროს მიმართ, ხოლო თავის მხრივ გაბედულებისა და ინტერესის სიმბიოზი, საოცარი ნაზავია წარმატებისათვის“.

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share