ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანას მოსახლეობა რწმუნებულს იზა მათითაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. ადგილობრივების თქმით, სოფლის რწმუნებული მათ საკუთარი ოჯახის მიწის ნაკვეთებზე მუშაობას და სახლის დალაგებას აიძულებს. უარის თქმის შემთხვევაში კი სოციალური დახმარების მოხსნით და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება.
აღნიშნულ ფაქტს ეხმაურებიან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და ფრაქცია “ლანჩხუთის საქართველოსთვის” წევრები და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს საჯაროდ მიმართავენ:
”ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს.
მას შემდგომ, რაც საქართველოს პარლამენტმა “რუსული კანონი” დააკანონა, პროდასავლურმა პარტიებმა როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ბოიკოტის რეჟიმი გამოაცხადეს.
აქედან გამომდინარე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი ოპოზიციური ფრაქციების წევრებმა, ვერ გამოვნახეთ რა სხვა კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, გადავწყვიტეთ მას საჯაროდ მივმართოთ.
ბატონო ალექსანდრე, 27-28 ივნისს ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვებებში ჩვენი მუნიციპალიტეტის აცანის ტერიტორიულ ერთეულში სოციალურად დაუცველთა სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მიერ, გაჟღერდა ფაქტები, რომლებიც მოიცავს საჯარო მოხელის მხრიდან როგორც შესაძლო დანაშულის, ასევე ეთნიკურ-რელიგიური ნიშნებით მოსახლეობის დაყოფის შემაშფოთებელ ნიშნებს და ამ ყველაფერში ბენეფიციარები პირდაპირ ადანაშაულებენ თქვენს წარმომადგენელს აცანის ტერიტორიულ ერთეულში, იზა მათითაიშვილს.
ვინაიდან ამ ფაქტებმა გამოიწვია დიდი საჯარო ინტერესი, არა მარტო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენივე ინფორმაციით აღნიშნულ საქმეზე მოკვლევა აქვს დაწყებული სახალხო დამცველის აპარატს.
გვაინტერესებს, ხართ თუ არა საერთოდ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული და თუ ხართ, რა რეაგირება მოახდინეთ დღემდე და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გთხოვთ საჯაროდ დააფიქსიროდ თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ველოდებით როგორც ჩვენ, საკრებულოს წევრები, ასევე საზოგადოება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ლანჩხუთი საქართველოსთვის“. – ნათქვამია განცხადებაში.