მთავრობა მეხორბლეების მხარდაჭერის პოლიტიკას აგრძელებს. ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე მოსაკრებლის ვადის გახანგრძლივებით ადგილობრივ წარმოებას მეტი შეღავათი მიეცემა და ფასსაც მეტნაკლებად დაარეგულირებს. ამ გადაწყვეტილებით რამდენად დაიცავს ბაზარს ხელისუფლება, მედლის მეორე მხარეა, რომელიც მაინც და მაინც მიმზიდველად არ გამოიყურება. მეხორბლეებს ფასისა და რეალიზაციის კუთხით წელსაც პრობლემა აქვთ. სტრატეგიული პროდუქტის მწარმოებლები პირდაპირ აცხადებენ, რომ არსებულ გამოწვევებს შეიძლება ამითაც ვერ ეშველოს.
რაც შეეხება მთავრობის გადაწყვეტილებას, ხორბლის ფქვილის, ქერისა და ქატოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მომსახურების საფასურების მოქმედების ვადა 2025 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ცვლილება შევიდა „სსიპ-შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2023 წლის 9 ოქტომბრის №388 დადგენილებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით ფერმერებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ და მათი მოლოდინიც ნაკლებად არის ოპტიმისტური. სექტორში პირდაპირ აცხადებენ, რომ ბაზარს ვერც მოსაკრებელი იცავს და ფერმერებს მოსავლის რეალიზაცია კვლავ უჭირთ.
შექმნილ სიტუაციაში მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე გამოსავალს სახელმწიფოს მხრიდან მიდგომაში ხედავს, რაც მისი შეფასებით, ფასის სტიმულირებას მოახდენს. მისი აზრით, მოსაკრებლის ოდენობა უნდა გაიზარდოს, სხვა შემთხვევაში, ადგილობრივ წარმოებაში ფასი გამოწვევად დარჩება.
ბენიაიძის შეფასებით, მოსაკრებლის ვადის გახანგრძლივება ფერმერებს ჯერჯერობით მხოლოდ არსებული ფასის შენარჩუნებაში დაეხმარება, რომ მარცვლეული უფრო მეტად არ გაიაფდეს.
„ხორბლის ფასი პირდაპირ ასტიმულირებს ფქვილის იმპორტს, პროდუქტი ისედაც დიდი რაოდენობით შემოდის და მუდმივად საჭიროა კონტროლი, რომ ჭარბი იმპორტი არ განხორციელდეს. კარგია, რომ გადასახადის მოქმედების ვადა გახანგრძლივდა. პარალელურად მეხორბლე ფერმერების მხარდამჭერი ღონისძიებები უნდა გააქტიურდეს. როგორიც არ უნდა იყოს მოსავალი, რეალიზაციის პრობლემა არ უნდა დადგეს. ამ ეტაპზე ქართული ხორბლის ფასი 55 თეთრია, წლებია უკვე ეს ფასია, წაგებით ჰყიდიან ფერმერები, არანაირი შეღავათი არ იგრძნობა. ელოდებიან რუსეთში როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან იქ ნაკლები მოსავალია. რაც შეეხება რეალიზაციას, დღეის მდგომარეობით, 17 ათასი ტონა მოსავალი გაიყიდა წისქვილკომბინატებზე, ჯამში 120 ათასი ტონის რეალიზაცია მოხერხდება. ქართული ხორბალი ძირითადად ადგილზე იყიდება, უმეტესწილად ეს არის დასავლეთ საქართველოში, მეფრინველეობა-მეცხოველეობის სეგმენტი. საექსპორტო პროდუქტი არ გვაქვს, ისედაც 20% ადგილობრივი ხორბლის წილი, ექსპორტზე საუბარი წარმოუდგენელია. მოსაკრებელი არის გასაზრდელი, რომ ცოტათი წამოიწიოს ფასმა, ხორბლის შემოტანა უნდა დაიბეგროს, რომ 70 თეთრს გაუთანაბრდეს. ბიუჯეტშიც ცალკე შევა თანხა, პური არ გაძვირდება და ფერმერებიც მოსავალს უკეთ გაყიდიან”, – განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ „რეზონანსთან”.
რაც შეეხება წლევანდელ მოსავალს, დაახლოებით 150 000 ტონის ფარგლებშია. ამდენივე შეადგინა მან 2022-2023 წლებში, რაც მთლიანი მოხმარების 20%-ია.
რა ელის პურის ფასს გრძელვადიან პერსპექტივაში, პროგნოზი ჯერჯერობით ადრეა, თუმცა უახლოეს თვეებში პრობლემა ამ მხრივ მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ,,პურის მრეწველთა კავშირის” თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.
„ჩვენ პირობა დავდეთ, რომ პურის არ გავაძვირებთ, ამის შესაძლებლობა ჯერჯერობით არის, მაგრამ როგორც კი ფასი გადასცდება ზღვრულ მაჩვენებელს, დავიწყებთ ფიქრს, რა უნდა ვქნათ. ჯერჯერობით, რა ფასიც არის, პურზე არ აისახება, ფასს შევინარჩუნებთ, მაგრამ არ ვიცით რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს, მთავარი მაინც ხარისხია. როგორც ამბობენ, რუსეთში მოსავალი იმდენი არ არის, რაც წინა წლებში იყო, თუმცა ეს ბაზარი ჩვენთვის შედარებით იაფი ფქვილის იმპორტის წყაროდ რჩება. ყველაფერს ტენდენცია გამოაჩენს, ზრდისკენ თუ წავიდა ფასები, მოსაკრებელს გააუქმებენ, მაგრამ სხვა შემთხვევაში შენარჩუნდება. პური სოციალური პროდუქტია და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას არ გაუძვირდეს. ამას მწარმოებლებიც გაგებით ეკიდებიან. პურის მცხობელები მუშაობენ როგორც შემოტანილ ფქვილზე, ასევე საქართველოში დამზადებულ ნედლეულზეც. სიმართლე ითქვეს, რუსული ფქვილის წებოვნება მაღალია, ამიტომ ხდება შერევა, რომ კარგი პროდუქცია მივიღოთ. ეს ნიშნავს ხარისხიან პურს, ცხადია, ყველას აინტერესებს, როგორი იქნება პერსპექტივა. არსებობს გარკვეული ნაშთები, რაც იძლევა შესაძლებლობას, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ფასი შენარჩუნდეს”, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.
მისი განცხადებით, თუკი პურის გაძვირების საფრთხე მაინცდამაინც გამოიკვეთება, ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება დღგ-ს გადასახადი გადაიხედოს, რის გადაწყვეტილებაც ზოგიერთმა ქვეყანამ მიიღო და გაამართლა.
„საქართველოში ხორბლის მოსავალი წელს ნორმალურია, ხარისხზე შეიძლება ვიდავოთ, თუმცა რაოდენობის კუთხით კლება არ არის, პირიქით, მცირედი ზრდაა. მთავარია, მეწარმეებისთვის ხარისხი მისაღები იყოს, რაც ასე არ არის. ამ მხრივ არის გარკვეული გამოწვევა, რაც ქართულ წარმოებას ახასიათებს. როდესაც ფასზეა საუბარი, დღგ-ს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთან დღგ 18%-ია, რუსეთში 10%, ხოლო აზერბაიჯანმა საერთოდ მოხსნა. იმისთვის, რომ პური არ გაძვირდეს, საგადასახადო შეღავათს დიდი როლი აკისრია. გადამწყვეტ მომენტში, ამის საჭიროება თუ გამოიკვეთება”, – დასძინა „რეზონანსთან” საუბრისას დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ფქვილის იმპორტზე საიმპორტო გადასახადი 250 ლარია. კანონით, მისი მოქმედების ვადა 2024 წლის 1-ელ მარტამდე იყო. განხორციელებული ცვლილების მიხედვით, 2025 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების” 156-ე, 157-ე და 158-ე გრაფებით გათვალისწინებული, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის, ქერისა და ქატოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმების მომსახურების საფასურების მოქმედების ვადა.
2025 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა ასევე 156-ე – 158-ე გრაფების მიხედვით მომსახურების გაწევისას, მთავრობის N96 დადგენილების 123 მუხლის მე 3 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათების და შეზღუდვების ვადა.
რეზონანსი