აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მიერ დუმილისთვის ფულის გადახდის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 5 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოიტანს. გადაწყვეტილება ნიუ-იორკის კრიმინალური სასამართლოს მოსამართლემ დღეს, 6 სექტემბერს გამოაცხადა.
განაჩენი 18 სექტემბრის ნაცვლად, 26 ნოემბერს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებიდან 21 დღის შემდეგ დადგინდება.
როგორც გამოცემა Associated Press წერს, ტრამპის დაცვის მხარემ განაჩენის გამოტანის გადადების შესახებ განაცხადი შეიტანა, რომელიც მოსამართლე ხუან მერჩანმა დააკმაყოფილა.
2024 წლის 31 მაისს ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო 34-ვე ბრალდებაში, რომლებიც ბიზნესის ჩანაწერების გაყალბებასა და პორნოვარსკვლავი სტორმი დანიელსის გაჩუმებისთვის ფულის გადახდას უკავშირდებოდა.