უდაბნოს მონასტრის ბერი – ყოფილი ფირალი რომელიც მის მიერ მოკლული ბატონის საფლავზე ლოცვით ევედრებოდა უფალს შენდობას
.
გურიაში ერთერთი პირველი ფირალი სურებელი ალმასხან ბედინეიშვილი (ალმასხანე ბედინეშვილი) გახლდათ, არონიშიძის მიხედვით ბედინეიშვილი 50 წელი იყო ფირალად გავარდნილი – „ალმასხანი 1905 წელს ჩნდება სურების საზოგადოებაში და ხალხის გაკვირვებასაც საზღვარი არა აქვს. 50 წლის ფირალობა!“ გრიგოლ რამიშვილის მიხედვით კი იგი ფირალად 1854 წელს გავარდნილა.
.
ფირალად გავარდნის წინაპირობას არონიშიძე ასე აღწერს – „ხშირად მოვიდოდა მასთან მოურავი, გაიკეთებდა ღვინის მარანზე საწოლს და ბრძანებდა: მომართვი, მასვი და მაჭამეო და სამ დღეზე ნაკლებს არ დარჩებოდა ასეთ ყოფაში გლეხის მარანზე. დიდხან უთმენდა საწყალი „ალმასხანი“. ყოველი დღე მას უფრო მეტ ტანჯვასა და ტკივილს მატებდა. ღვინით გალეშილ მოურავის ვნება-აშლილ ნებას აინუნშიაც არ მოსდიოდა გლე-კაცის მგომარეობა.“ ასეთი ყოფით გამწარებულმა – „ალმასხანმა მარანშივე ჩაჰკლა თავის ბატონის მოურავი.“ ამის შემდეგ კი – „ღამით შეუვარდა ზურაბ ერისთავს და იმასაც ბოლო მოუღო ლოგინში მწოლიარეს.“
.
გაბრიელ რამიშვილის მიხედვით ალმასხანეს მამა ზურაბ ერისთავის შინაყმა ყოფილა, უფროს წორედ შინაყმაზე უფრო დაბალი და უკანსკნელი მოჯალაბე ყმა ყოფილა. მოჯალაბე ყმის სამსახურს კი ბედინეშვილები თაკილობდნენ. ერისთავს ალმასხანეს და მოჯალაბე ყმებში გადაუყვანია და ბატების მწყემსვა დაუვალებია, ალმასხანემ ეს ამბავი, რომ გაიგო მისი და ბატონის უკითხავად სახლში წამოუყვანია. ამაზე ზურაბ ერისთავი განრისხებულა და მისი ორი მოურავი გაუგზავნია ზემოსურებში – „ალმასხანე გათოკილი აქ მომგვარეთო“. მასთან გასათოკად მისული მოურავებიდან ალამასხანეს ერთი ხანჯლით მოუკლავს, მეორეს კი გაქცევით უშველია თავისათვის. ამის შემდეგ ალმასხანე ტყეში „გავარდნილა“ .
.
განრისხებულ ზურაბ ერისთავს უბრძანებია ალმასხანეს სახლკარი გადაწვით და მისი ცოლშივილი აქ მომგვარეთო, შემდეგში კი მისი ცოლშვილი იმერეთში გაუყიდნია. გამწარებული ალმასხანე დიდხანს ჩუმად უტრიალებდა ზურაბ ერისთავის სახლს და კარგად, რომ შეუსწავლია ყველაფერი სახლში შეპარულა, ზურაბ ერისთავს ჯერ ხანჯლით ორივე ხელები დააჭრა, შემდეგ კი მოკლა. ეს ამბავი რამიშვილის გადმოცემით 1854 წელს მომხდარა.
.
გაბრიელ რამიშვილი თავის მოგონებებში წერს, რომ ალმასხანე ბედინეშვილი მას 1911-1912 წლებში ზემო სურებისაკენ გზად მიმავალი უნახავს:
.
„დუქნის ეზოში, შარაგზაზე მომავალმა ღრმა მოხუცმა ამოიარა და შეუჩერებლივ ზემო სურებისაკენ წავიდა. მოხუცს, წელში მოკაკულს, თავი თითქმის მიწამდე ჰქონდა დატანილი. არაჩვეულებრივად გრძელი თეთრი წვერი გეგონებოდა თითქოს მიწას ეხებოდა; ასეთივე გრძელი, გაშლილი თმა ბეჭებზე ეყარა; ტანზე მოლურჯო ფერის გახუნებული ანაფორის მსგავსი სამოსი ეცვა, რომელის კალთების ყურები ქამარში ამოეკაპიწებინა; თავზე კახური ქუდის მსგავსი პაწაწინა ქუდი ეხურა; მარცხენა ხელით პატარა ჩანთას თითქმის მიწაზე მიათრევდა; მარჯვენაში უბრალო, კანგამოცლილი ჯოხი ეჭირა მაჯაშებრუნებით ისე, რომ ცერი ქვევით იყო და ნეკი ზევით.
.
მოხუცმა აიარა ისე, რომ არავისათვის ყურადღება არ მიუქცევია. დუქნის ეზოში მდგარმა ხალხმა მას თვალი გააყოლა.“
.
ეს მოხუცი 100 წელს გადაცილებული ალმასხანე ბედინეშვილი გახლდათ, ახალგაზრდობაში ალამასხანე მოუდრეკელი ვაჟკაცი ყოფილა, მისი ცხოვრებიდან 80 წელი „გავარდნილად“ გაუტარებია, ფირალობისას ხან სურების ტყეში ყოფილა, ხან სათათრეთში, ხანაც კი ლეკეთში. დიდი ხანი არ ყოფილა რაც დაბრუნებულა და უდაბნოს მონასტერში ბერად შემდგარა.“
.
ალმასხანე გულკეთილი კაცი და კაი მონადირე ყოფილა, ტყეში „გავარდნის“ შემდეგ ნანადირევს ხშირად აძლევდა თურმე გლეხებს. რაც მთავარია ალმასხანე ტყვეების მომტაცებელი ოსმალოების წინააღმდეგ დიდი მებრძოლი ყოფილა და ბევრი მომხდურიც მოუკლავს, ასევე დაუნდობელი ყოფილა და ავაზაკებისა და ხალხის ამწიოკებლების მიმართ. ალმასხანეს უძლეველობის ამბავი ოსმალეთშიც კი ყოფილა ცნობილი. ყველაფერი ამის გამო ალმასხანე დიდი პატივისცემით სარგებლობდა ხალში.
.
საინტერესოა არონიშიძის ინფორმაცია ბედინეშვილის სიცოცხლის ბოლო წლებზე – „ალმასხანი ცოდვების მონანიების წადილს შეეპყრო და ამიტომ ბერად შევიდა „სამების მონასტერში. აქ როგორც თვითმხილველები ამბობენ, ყოველ საღამოს თავის ბატონის ზურაბ ერისთავის საფლავზე მხურვალედ აღავლენდა ლოცვას და ხელაპყრობით ევედრებოდა ზეციერს მძიმე დანაშაულის პატიებასა და შენდობას. ღრმად მოხუცებული ალმასხანი გარდაიცვალა 1915 წელს და ხალხმაც ღირსეულად დაასაფლავა 95 წლის იშვიათი მოხუცი.“
.
– მომზადებულია გაბრიელ რამიშვილის „გიორგი ჯვრის კავალერის მოგონებების“ და დ. არონიშიძის (1916 წელი) თხზულების მიხედვით
– ფოტო (ფოტოს არა აქვს კავშირი ზემოხსენებულთან) იერუსალიმის ჯვრის მონასტერის ფრესკა „მგალობელი იოანე გურული“.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა