რა შემთხვევაში შევლენ “რესპუბლიკელები” პარლამენტში

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნება”  პარლამენტში უბარიერო საარჩევნო სისტემას დაარეგისტრირებს, რესპუბლიკური პარტიის წევრები კანონპროექტის კენჭისყრის დროს, 3 მოსმენით პარლამენტში შევლენ.

“რესპუბლიკური პარტია არის წარმოდგენილი 2 მანდატით, ჩვენ ვრჩებით ჩვენი კოლეგების გვერდით, ვამბობთ, რომ ამ მანდატებს არ გამოვიყენებთ და კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, გააუქმოს ჩვენი მანდატები.

როცა გვესმის მეორე მხრიდან, რომ ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემაზე, იმ შემთხვევაში თუ სხვა პარტიები მზად იქნებიან, შემოვიდნენ პარლამენტში და დისკუსია გამართონ, აქ მინდა, მათ მივმართო, რომ წინაპირობებით არ უნდა ელაპარაკებოდეს ხელისუფლება დღეს ოპოზიციას.

თუ ის ბედავს და მზად არის, შემოგვთავაზოს ჩვენ უბარიერო პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ, რესპუბლიკელები მზად ვართ, ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს 3 მოსმენით, მხარი დავუჭიროთ და მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა”,– ამბობს სამნიძე “ტვ პირველის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ უბარიერო საარჩევნო სისტემის დამტკიცების შემთხვევაში პარლამენტში შესვლას აპირებს პარტია “გირჩი”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share