მაკარ თავდუმაძე – კიდევ ერთი საინტერესო პიროვნება გურიის წარსულიდან
.
მაკარ თავდუმაძე ოზურგეთში ბასრის უბანში ცხოვრობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემი მეზობლები ხშირად იხსენებდნენ მას როგორც ძალიან განათლებულსა და კარგ ადამიანს. ბოლო პერიოდში სამეცნიერო ისტორიულ/არქეოლოგიური ლიტერატურის გაცნობისას ძალიან ხშირად შემხვედრია მისი სახელი და გვარი, რა დროსაც ყოველთვის ხაზგასმულია მისი დიდი ღვაწლი გურიის სიძველეთა შეგროვება/კვლელვასთან დაკავშირებით.
.
იური სიხარულიძე მოგონებისას ამბობს – „ბატონი მაკარი პროფესიით აგრონომი ბრძანდებოდა და ამ დარგსაც თვალსაჩინო კვალი დაატყო, მაგრამ უფრო დიდხანს დასტრიალებდა თავს ქართულ საისტორიო საუნჯეს. მის მაღალ კაცურ თვისებებს დავიწყება არ უწერია. ვინ მოთვლის რამდენჯერ ვყოფილვართ მის დიდებულ ოჯახში ბასრას.“
.
სწორედ მაკარ თავდუმაძის მიერაა 1956 წელს სოფელ ქაქუთში ჩაწერილი (და სავარაუდოდ რედაქტირებული) ცნობილი ლექსი – ელიას ციხეზე.
.
„ელიას მთაო მაღალო, წმინდა ელიას სახლკარო.
რას იბურები ღრუბლებში, მაშინებ, „ვერ გადახვალო“
ჩაჩუტად სიო მოგზავნე, ყურში ჩამძახის „ტყვე ხარო“
წმიდა გიორგი მწყალობს და გული მიჩივა ჩახვალო.
.
რისთვის ირჯები, რას მერჩი, „ფეხშებორკილი მყავხარო“
ერთი ყელამდე ამიშვი, ქვემოთკენ თავი დავხარო,
ვეღარ დამიჭერ თუ გინდა თავს რისხვა გადამაყარო
ელჭექით – ჭექა-ქუხილით, რომ შეძრა მთელი სამყარო,
.
თოვლში ბუჩქები ჩახერგო, თავს სეტყვა გადამაყარო
ხოშკაკლით, თოვლის ზვავებით, სავალი გზები დაფარო.
ყელამდე თოვლში ჩაფლული, გეგონოს „ვერ წამიხვალო”,
მოგიკვდე თვარ გათქმევინო, ვაჟკაცი დევსა გავხარო“.
.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მაკარ თავდუმაძის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის ხელნაწერების ნაწილი ინახება ოზურგეთის მუზეუმში, ასევე შესაძლებელია გარკვეული მასალის მოგროვება სამეცნიერო ლიტერატურაში და კარგი იქნება თუ ადგილობრივი თვითმმართველობა იზრუნებს მათ შეგროვებასა და გამოქვეყნებაზე.
.
– იური სიხარულიძე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა (ისტორიული გეოგრაფია – ქვემო გურია) წიგნი II (1959 წელი);
– გაზეთი ალიონი #29; 18.07.2011 წელი; სტატია ამაგდარი მუზეუმელი მაკარ თავდუმაძე (იური სიხარულიძე);
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა