ჟუჟუ ერთი ახალგამდიდრებული კაცის ბაღს უვლიდა ზემო ვერაზე, დიდი სახლის ძალიან ლამაზი, ტერასებიანი ეზო მან გააშენა, არაფერი სჯობდა იქაურობის ნახვას, საოცრად ყვაოდა ბროწეულის ხეები, მაშინ იშვიათი ლავანდას, როზმარინის და სანტოლინას ბუჩქები გადმოფენილი იყო ყორეებზე, საუცხოო ხვიარა ვარდებით და კოლხური სუროთი იყო დაფარული ღობეები. გაზაფხულობით და შემოდგომობით მთხოვდა დახმარებას, მეც სიხარულით ვეშველებოდი, მეორე კურსის სტუდენტი ვიქნებოდი. გვიან შემოდგომას საყვავილე თარგებში და შამუთის ვაზონებში მიწას ვცვლიდი, ვაფხვიერებდი და საგაზაფხულოდ მოყვავილე ბოლქვოვნებს, ზიზილებს და ფურისულებს ვრგავდით. დასარგავი მცენარეების ჩამონათვალს და ფასებს ჟუჟუნა ყოველთვის აძლევდა სახლის მეპატრონის დედას, რომელსაც ხშირად ვხვდებოდით, სახლის მეპატრონე სულ რამდენჯერმე გვყავდა ნანახი, არ ცხოვრობდა საქართველოში და იშვიათად ჩამოდიოდა.
თითქმის მორჩენილი ვიყავით დარგვას, სახლიდან დამხმარე ქალი გამოვიდა ჟუჟუნას სიით და დარგული ნერგების დათვლა დაიწყო, ფანქრით აღნიშნავდა ფურცელზე ციფრებს და ფორიაქობდა საქმიანად. ორჯერ მცენარის სახელების ამოკითხვაში დახმარებაც მთხოვა. მე ვბარავდი, ჟუჟუნა რგავდა. ჟუჟუნა წელში გაიმართა, ბარულას პირი გაუწმინდა, წინსაფარი მოიხსნა ბარულა გაახვია და ჩანთაში ჩადო, დავიბენი, ამინდი ირეოდა და მოსწრებას ვეშურებოდით.
ქალთან მივიდა და მშვიდად, დაბალ ხმაზე უთხრა: “ქალბატონ ნანულის სთხოვეთ ძვირფასო..”
რამოდენიმე წუთში ქალბატონი გამოვიდა და იკითხა რამე ხომ არ გვჭირდებოდა.
ჟუჟუმ აქაც აუღელვებლად და დაბალ ხმაზე : ” ქალბატონო ნანული, ჩვენ მივდივარ!!!!” ეს ორი სიტყვა ისე თქვა ვერავინ ვერაფრის შეკითხვა ვერ გაუბედა.
ხელიც არ დაგვიბანია, ისე წამოვედით შინ. გასამრჯელო და მცენარეების საფასური არ იყო ჩვენთვის მაშინ ცოტა მარა ამაზე ხმას ვინ ამომაღებინებდა, უკან არც მას და არც მე მიგვიხედავს. დაღლილები ვიყავით და ჟუჟუნას სახლთან მისასვლელად ნახევარი საათი მაინც დაგვჭირდა. არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ისე ავიარეთ აღმართი, სევასტოპოლის ქუჩაზე, ვერის სასაფლაოსთან ცხოვრობდა.
სახლთან, რომ მივედით მიხვდა, რომ ასე უსიტყვოდ არ გამოვიდოდა, ჭიშკართან ხის სკამზე ჩამოვჯექით.
-ქალი დავბერდი და დარგული ჩითილი დაეთვალოს ჩემთვის, ადამიანს არ უკადრებია ზურიკო შვილო.
თავმოყვარეობას გაუფრთხილდი, ქვიშასავით შეიძლება გაგეპაროს მუჭიდან და მერე უიმისოდ ძნელი დარჩება.
მხოლოდ იმის კითხვა მოვახერხე:
-და ჟუჟუ დარჩენილ ჩითილს ვინ დარგავს, ვინ მოუვლის აწი იქაურობას?
-მოახერხებს ნანულა რამეს!!
ამ ამბავზე და “ნანულას” ბაღზე აღარასდროს გვილაპარაკია.
ლამის ოცდაათი წელი გავიდა მას მერე, დღეს ვინ იცის მერამდენედ მომიხდა ჩემი მასწავლებლის ჟუჟუნა ავალიშვილის სიტყვების გამეორება: “მოახერხებს რამეს”
მადლობა ჟუჟუ, დიდხანს მინდა მყავდე, შენგან მხოლოდ მებაღეობა არ მისწავლია!