“საზოგადოების ნაწილი არაფრის კეთებაში იღებს ფულს, ზოგი კი წელებზე ფეხს იდგამს და ბანკში მიაქვს”
ბოლო ერთ წელიწადში მომხდარმა მოვლენებმა, სტრესმა და ჩაკეტილობამ ბავშვები ძალიან შეცვალა. ფსიქოლოგების თქმით, მოზარდებში გახშირდა დეპრესიის ნიშნები. ჩვენი სტუმარია მოცეკვავე თეა დარჩია, რომელიც ჩვენი მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვან, მტკივნეულ პრობლემებზე გვესაუბრება:
ცუდად აისახა პანდემია მომავალ თაობაზე. დაერღვათ რეჟიმი, გახდნენ ასოციალურები, ეზოშიც კი აღარ სურთ ჩასვლა. იღვიძებენ შუადღის საათებში და ტელევიზორის, გაჯეტებისა და ტელეფონის გარდა, აღარაფერი აინტერესებთ. მოზარდებმა პირადი კომფორტი შეიქმნეს, რაც შინ ჯდომით და ტახტზე გორაობით გამოიხატება.
ერთმანეთთან ურთიერთობას მოითხოვდა, ახლანდელ ბავშვებს კი უმოძრაო ცხოვრება აქვთ, რაც უკიდურესად საზიანოა. რატომ? – მოზარდობის ასაკში იწყება ხერხემლის ფორმირება, მათ აკლიათ მოძრაობა, სუფთა ჰაერი, ვეღარ ახერხებენ ენერგიის, ემოციების გაცვლას. ცოტა ხანში შეიძლება სახლიდან გასვლაც დაეზაროთ.
ჯერ კიდევ არ ვიცით, ჩვენს შვილებს ამ ცხოვრების წესით რამხელა ზიანი მიადგებათ. ახალი თაობა იზრდება არაბუნებრივ, არაადეკვატურ, უსიყვარულო და უსიცოცხლო გარემოში – სამწუხარო რეალობა ასეთია!
სახლში სიტყვა “კორონას” ხსენებაც კი ავკრძალე და ახალი ამბების მოსმენისას მაქსიმალურად ვცდილობ ბავშვები ოთახში არ იყვნენ. პანიკას და შიშს ყველაზე მტკივნეულად სწორედ ბავშვები აღიქვამენ, რატომ? – ჩვენ გაჭირვებაც ნანახი გვაქვს და არაადამიანური ყოფაც. ასეთ დროს თავდაცვის მექანიზმი გვერთვება, რაც ბავშვებს ჯერ არა აქვთ. ჩემმა შვილებმა რომ არ იფიქრონ, ასეთი ცხოვრება ნორმაა, ვცდილობ უარყოფითი ინფორმაცია მათგან დავბლოკო და ისე ვიცხოვროთ, თითქოს არდადეგებია, ოღონდ თან ვმეცადინეობთ, რომ ტვინმა იმუშაოს. ყველანაირად ვცდილობდი, რომ ბავშვებს ეს ტრავმა მთელი ცხოვრების გზაზე არ გაჰყოლოდა და წარმოიდგინეთ, მოვახერხე.
განსხვავებული აზრის მშვიდად მიღება უნდა ვისწავლოთ. დავუშვათ, მე წითელი ფერი მიყვარს, შენ – შავი, რატომ უნდა მაძალებდე, რომ აუცილებლად შავი მიყვარდეს? ვისაც სურს მისი შვილი სკოლაში წავიდეს, ამის უფლება უნდა ჰქონდეს, ვისაც ონლაინსწავლება ურჩევნია, კი ბატონო, ინტერნეტით ისწავლოს. ვისაც სურვილი აქვს, რესტორანშიც იაროს, რადგან ზოგი ამას მიჩვეულია. იქნებ მისთვის ეს ენდორფინების მიღების ერთადერთი საშუალებაა, რადგან თავის სამზარეულოში ყოფნას სულ სხვა სიტუაციაში ყოფნა ურჩევნია?
მე არ ვამბობ, რომ სიფრთხილე საჭირო არ არის, პირიქით, აუცილებელია, მაგრამ არა ისე, რომ ფიზიკურად გადავრჩეთ და ცხოველური აზროვნება ჩამოგვიყალიბდეს. რა არის ჩვენი მთავარი საზრუნავი – სმა-ჭამა და ძილი? თუ ასე გავაგრძელებთ, ჩვენი შვილები თანამედროვე ლუარსაბ თათქარიძეებად გადაიქცევიან.
თუ ავად გახდები, შიში და დეპრესია გეწყება, რომელიც გღრღნის, და თუ ავად არა ხარ, იმის შიში გკლავს, რომ ვირუსი მომავალში შეგეყრება – აი, ეს არის უბედურება. ამიტომ შიში როგორმე უნდა დავძლიოთ – ჩვენ ამ ცხოვრებაში რაღაც მაინც ვნახეთ და ბავშვებს რაღას ვერჩით? ჩვენი მოსახლეობის 10 პროცენტს შეუძლია შვილები აგარაკზე, სუფთა ჰაერზე წაიყვანოს და იქ დაასვენოს, სანამ აქ შიმშილი, უბედურება და მარაზმი ტრიალებს, მაგრამ ეს 10 პროცენტი საქართველოს ვერ გადაარჩენს. ამიტომ ერთმანეთი ისევ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ: თუ საჭიროა, ჩვენი ლუკმა სხვას ვუწილადოთ – მარტო თანადგომა და სიყვარული თუ გადაგვარჩენს, სხვა საშველი აღარ გვაქვს. აბსოლუტურად დაუცველი ვართ – სწორედ ეს დამანახა ამ ერთმა წელმა.
– სამწუხაროა, მაგრამ საზოგადოების ერთი ნაწილი არაფრის კეთებაში იღებს ფულს, მეორე კი წელებზე ფეხს იდგამს და რასაც შოულობს, ბანკში მიაქვს. ეს ცხოვრებაა?! როგორმე ეს სიტუაცია უნდა გამოსწორდეს, თორემ ეს თაობაც დაიღუპება!