სახელების და გვარების ჩანაცვლებას რა მნიშვნელობა აქვს?! – ეს არის თვითაღიარებული მთავრობა, რომელსაც არავინ ართმევს ხელს და არავის უნდა მათ გვერდით ჯდომა, ესაა ფაქტი, – ასე შეაფასა ყოფილმა სახალხო დამცველმა და პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატად მაკა ბოჭორიშვილი წარდგენა.
მისივე თქმით, „ოცნებაში“ იქმნიან ილუზორულ გარემოს, ირგებენ პარლამენტის და მთავრობის როლს.“
მეცოდებიან, რადგან პირველ რიგში მათ იციან, რომ არჩევნები არ მოუგიათ და გააყალბეს. დღეს უწევთ ითამაშონ და საკუთარი თავი დაარწმუნონ, რომ მოიგეს. არჩევნები გაყალბდა სისტემურად, ორგანიზებულად, ის არ იყო თავისუფალი, თანასწორი დაფარული, ამიტომ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას”, – ამბობს ლომჯარია.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ჩანიშვნას – ყოფილი სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის შეცვლა სწრაფად იმიტომ უნდათ, რადგან ის ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც პარტიული კონტროლის ქვეშ არ არის.
მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და ვერ მოიწვიეს ვერცერთი ელჩი. სახლობანას თამაშობენ, როლები აქვთ გადანაწილებული. პრეზიდენტის ინსტიტუტი კი ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც არ არის პარტიული კონტროლის ქვეშ და იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, ამიტომ მათთვის დისკომფორტია, ყოველი დღე ზურაბიშვილის პრეზიდენტად ყოფნა“, -დასძინა მან.