საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ მესამე სექტორი ყველა იმ ინსტიტუტს, რომელიც “რეჟიმს მოქალაქეების წამებასა და მოძალადეებისთვის ხელის დაფარებაში ეხმარება”, ამხელს.
სამოქალაქო პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული “რეპრესიების” შესახებ საქართველოს პარტნიორებს სრული ინფორმაცია გააჩნიათ.
”ჩვენ ვამხელთ თითოეულ ინსტიტუტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც როგორც მოქალაქეთა წამებაში, ასევე ამ ფაქტების ხელის დაფარებაში და მიჩქმალვაშია ჩართული. დაწყებული პოლიციით, დამთავრებული სასამართლოთი, ყველა ინსტიტუტი არის ამ ყველაფრის ხელის დაფარებასა და დაუსჯელობის სინდრომის რეალიზებაში ჩართული. ჩვენ არა მარტო ამ უწყებებს, არამედ რეჟიმის ყველა დამხმარე სფეროს, რომ აწამონ ადამიანები, ვამხელთ. თითოეული ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას პარტნიორებს ვაწვდით, ვადოკუმენტირებთ და ისინი მუდმივად საქმის კურსში არიან”, – ამბობს ნინო ლომჯარია.