“რატომ ოცნებობს “ოცნება””-ზურაბ გურული

რატომ ოცნებობს “ოცნება”
—————————–
ძალიან კი ცდილობს “ოცნება”, რომ თავისი იმედები ტრამპს დაუკავშიროს, მაგრამ მწარედ ცდება.
დღეს სიხარულის ყიჟინა ისმოდა “ოცნების” მომხრეთა რიგებში, რადგან ტრამპმა ზელენსკი არ მიიწვია ინაუგურაციაზე. რეალურად, ზელენსკიმ ისედაც ჩაათავა თავისი პრეზიდენტობა. ზავი გარდაუვალია და ეს ზავი უკრაინისათვის ამჟამად სულის მოთქმა იქნება. მაგრამ, ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ტრამპი დაანებებს პუტინს, ისევ თავის გაზსა და ნავთობზე “შესვას” ევროპა. ტრამპის ევროპული დოქტრინა სწორედ ამას ეწინააღმდეგება.
უკრაინა შემდეგი 4 წელიწადი დაცული იქნება ომისაგან და ახალმა პრეზიდენტმა ეს დრო უნდა გამოიყენოს სამხედრო ინდუსტრიის გასაძლიერებლად; მძლავრი საჰაერო ძალებისა და თავდაცვის შესაქმნელად და საფრანგეთ-გერმანია-პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან ერთად სტრატეგიული გადამღობი ძალის ჩამოსაყალიბებლად საჭირო პოლიტიკური მანევრებისათვის. 4 წლის შემდეგ, ასეთ გაძლიერებულ უკრაინასთან ომის განახლებას უკვე შებერებული პუტინი ან გაბედავს და ან არა.
“ოცნება” ამ სცენარიდანაც სრულიად ამოვარდნილია. ბალტიელების და უკრაინელების მიერ დაწესებული სანქციები ამის გარანტიაა. “ენდემური უხსენებელი” იმედოვნებს ორბანის შუამდგომლობის გამოყენებას ტრამპთან, მაგრამ ლოგიკურად, ეს შუამდგომლობა ვერ იქნება ეფექტური, რადგან “ოცნებამ” უკვე ღიად დაადასტურა თავისი პრო-რუსულობა და ტრამპი არანაირად არ შეუწყობს ხელს საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის.
კიდევ ერთი მიზეზი, რისთვისაც პრო-დასავლური საქართველო ტრამპს დასჭირდება, თურქეთია.
სულ მალე, შეიძლება სერიოზული კონფლიქტი განვითარდეს ტრამპსა და ერდოღანს შორის.
თურქეთი დიდ სამხედრო ოპერაციას აპირებს სირიელი ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის შესახებ გუშინ ტრამპს ღია წერილი მისწერა ქურთების ერთერთმა ლიდერმა, ილჰამ აჰმედმა და სასწრაფო ჩარევა თხოვა, რადგან თურქული რეგულარული ნაწილების და პრო-თურქული ტერორისტული ჯგუფების დიდი კონცენტრაცია ხდება სირიის საზღვართან.
-მხოლოდ თქვენ გაგაჩნიათ იმის შესაძლებლობა, რომ ეს კატასტროფა შეაჩეროთ – მიმართავს ტრამპს აჰმედი.
მართლაც, თუ ეს ოპერაცია განხორციელდა, ქურთებისა და სირიელი ქრისტიანების ფაქტობრივ გენოციდს ექნება ადგილი, რაც ისევ გააძლიერებს ისლამური ხალიფატის საზარელ ორგანიზაციას.
თუ ერდოღანი ვა-ბანკზე წავიდა, თურქეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბება. ცხადია უაღრესად საინტერესოა, აიღებს თუ არა თავზე ხელს ერდოღანი. რამდენიმე დღეში იქნება პასუხი ამ შეკითხვაზე.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სირიის ამჟამინდელმა დე-ფაქტო მთავრობამ, ანუ პრო-თურქულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა მოულოდნელად მოლაპარაკება დაიწყეს რუსებთან და მათთან ურთიერთობის აწყობას ცდილობენ. ცხადია, ამ დაჯგუფებების საშუალებით ერდოღანი ესაუბრება პუტინს. როგორც ჩანს, თურქეთი მზად არის რუსეთთან ერთად გაიყოს სირია; თანაც ისე, რომ ამერიკელები, რომლებიც ამჟამად ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, სრულიად განდევნონ.
არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ასეთ ვითარებაში ამერიკის პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ შეუწყობს ხელს საქართველოში რუსული რეჟიმის განმტკიცებას.

Zurab Guruli

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share