ვერ გატეხენ, ვერ დაიმორჩილებენ, ვერც დაასუსტებენ იმდენად, რომ ბრძოლაზე თქვას უარი-ალასანია სააკაშვილზე

ჩამოვედი,  თუ არა მოვითხოვე შეხვედრა მასთან და დღემდე პასუხი ვერ მივიღე. მესამე დღეა მოლოდინის რეჟიმში ვარ –  ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბიძამ  თემურ ალასანიამ  „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ალასანიას  თქმით,  მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის და გიული ალასანიას მხარდაჭერაა.

“მესამე პრეზიდენტის არაკანონიერი ციხეში ყოფნა, მისი პოლიტიკური დევნა, აწ უკვე დასაბუთებული, რომელიც არავისთვის უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს,  გარდა იმ ხალხისა, ვინც თავს იყრუებს.  მეორე – ეს იყო ჩემი ვალდებულება, ვყოფილიყავი არა მარტო ახლო მასთან, არამედ ჩემ დასთან. შემდეგი მიზეზი არის 21 დეკემბერი.   ჩვენ დაბადების დღეებს ოჯახში ტრადიციულად ერთად ვხვდებოდით, სადაც იყო,  იქ ჩავდიოდი.  მე ჩამოვედი  თუ არა მოვითხოვე შეხვედრა მასთან და დღემდე პასუხი ვერ მივიღე. მესამე დღეა, მოლოდინის რეჟიმში ვარ. იმედი მაქვს,  მიხვდებიან, რომ ეს არ არის პოლიტიკური დემარში, ეს არის მხარდაჭერა ადამიანისადმი, რომელმაც უდიდესი ღვაწლი გაწია საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობაში, რომლითაც მე ძალიან ვამაყობ”, – განაცხადა ალასანიამ.მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილის გათავისუფელება შესაძლებელია ხალხის აქტიურობით.

ალასანიას თქმით, მას არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა მდგომარეობაზე საუბარი, რაც შეეხება მის სულიერ მდგომარეობას, მიიჩნევს,  რომ მის გატეხას ვერ შეძლებენ.

 

“თუ თქვენ მეკითხებით  მის სულიერ მდგომარეობას, მის გაუტეხელობას, მას ვერ გატეხენ,  ვერ დაიმორჩილებენ, ვერც დაასუსტებენ იმდენად, რომ ბრძოლაზე თქვას უარი, ეს არ მოხდება”, – აღნიშნავს ალასანია.

 

კითხვაზე, იცოდა თუ არა რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში  ბრუნდებოდა, ალასანია პასუხობს, რომ ამის შესახებ არ ეტყოდა.

 

“მიშა გარდა იმისა, რომ არის მზრუნველი ადამიანი, ის არის იურისტი. მიშა არასდროს არ მეტყოდა ამას,  თუნდაც იმისთვის, რომ შემდეგ მე ცრუ ჩვენება არ მიმეცა”,  – განაცხადა ალასანიამ.

 

რაც შეეხება გარანტიებს, ალასანია აცხადებს,  რომ მისთვის ასეთი გარანტიების შესახებ ცნობილი არაა.

 

“ვის შეეძლო გარანტიები მიეცა, ან ვინ შეიძლება ასეთი გულუბრყვილო ყოფილიყო, რომ ასეთი გარანტიები დაეჯერებინა? მიშანაირი ადამიანის მოტყუება, შეცდენა საკმაოდ ძნელია, იმიტომ ის არის გამჭრიახი ადამიანი”- აცხადებს ალასანია.

 

კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილს  საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილისთვის დაერეკა, ალასანია პასუხობს, რომ ეს სრულიად გამორიცხულია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share