გურიის მოამბე

კომისიის წინადადება უვიზოს შეჩერებაზე დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიაზე პასუხია – კოსი

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი წერს, რომ ევროკომისიის წინადადება ქართველი თანამდებობის პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით დემოკრატიული უკუსვლისა და ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივ რეპრესიებზე პასუხს წარმოადგენს.

ამის შესახებ კოსი X-ზე წერს და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიდენის განცხადებას აზიარებს, რომელშიც ის ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვების წარდგენაზე საუბრობს.

“კომისიის დღევანდელი წინადადება ქართველი თანამდებობის პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით განგრძობადი დემოკრატიული უკუსვლისა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის ძალადობრივი რეპრესიაზე პასუხს წარმოადგენს.

კომისიამ დაფინანსება ხელისუფლებისგან სამოქალაქო საზოგადოებისკენ უკვე გადაამისამართა და დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ჩვენი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერებას გამოიკვლევს.

ევროკავშირი ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლისთვის მათი არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება”. – წერს კოსი.

20 დეკემბერს, ევროპულმა კომისიამ ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ წინადადება წარადგინა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share