ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის ახალი ვადის დაწყებას სოციალურ პლატფორმა X-ზეც ულოცავს.
პატივი იყო მის ინაუგურაციაზე დასწრება და ქართველი ხალხის წარმოდგენა – წერს პრეზიდენტი.
„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის ახალი ვადის დაწყებას. პატივი იყო მის ინაუგურაციაზე დასწრება და ქართველი ხალხის წარმოდგენა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა დაიბრუნოს“, – წერს ზურაბიშვილი.
ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.
„მარკო რუბიო, გილოცავთ თანამდებობაზე დამტკიცებას. საქართველოს რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიის სასარგებლოდ თქვენი ჩართულობის იმედი აქვს. რუსეთისა და ჩინეთის ინტერესებს რეგიონში წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა – ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე ფიცი დადო.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან.
ინაუგურაციის ცერემონიას ასევე ესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი ცივი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.
ცნობისთვის, ამერიკის ისტორიაში ტრამპი მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლი ერთი ვადის გამოტოვებით დაიკავა და ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.