“მე ვთამაშობდი უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდის დედას და როგორ შემიძლია სხვას ვაჩვენო ეს ტრაგედია, თუ არ ვიქნები ასეთი ადამიანების გვერდში” – ამ სიტყვით მიმართა ანა ტყებუჩავამ მოსამართლე ნინო ენუქიძეს სასამართლო სხდომაზე, სადაც ამ წუთებში, მსახიობის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობს.
ტყებუჩავას, რომელსაც 9 იანვრის აქციაზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან ამბობს, რომ იმ დროს რუსთაველის გამზირზე საერთოდ არ იმყოფებოდა.
„პირველ რიგში ვიტყვი, რომ რუსთაველზე დგომა არის მნიშვნელოვანი, ვიცავ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და შემდეგ, სამწუხაროდ, ამას დაემატა უსამართლოდ დაკავებული ადამიანები და მათ გათავისუფლებას ვითხოვთ” – განაცხადა სასამართლო პროცესზე მსახიობმა.
ძალიან ფრთხილი ვარ კანონთან. საერთოდ აბსურდია, რომ მე გადავკეტე, გარემოებამ მოიტანა რომ ცნობილი სახე ვარ, ყოველთვის ვცდილობ, რომ კარგი მაგალითი ვიყო მოზარდებისთვის. საჯაროდ სიგარეტის მოწევასაც თავი დავანებე იმიტომ, რომ გაოცებული სახით მიყურებდნენ ბავშვები.
ჩემი, როგორც მსახიობის კავშირი ამ მოვლენებთან, პირველ რიგში არის ის, რომ 0 იქნება ჩემი, როგორც მსახიობის ფასი, ჩემთვის თუ სულერთი იქნება ამ ქვეყანაში კანონი თანაბრად იქნება თუ არა და როდესაც ამ პროფესიას ირჩევ, პირველ რიგში, ადამიანური მიზეზია, რომ გინდა შენი უსამართლობა უფრო ფართოდ მიაწოდო, შენი ხმა მოისმინონ, გაიგონ, შემდეგ ცხოვრება, სამწუხაროდ, გთავაზობს კიდევ სხვა უსამართლობებს, რაზეც შენ სცენიდან გამოდიხარ და ესაუბრები შენ მაყურებლებს.
ამიტომ მე არ ვიქნები მართალი, ძალიან არასწორი ვიქნები თუ ვისაუბრებ უსამართლობაზე და არ დავიჯერებ, რომ შეიძლება სიმართლემ გაიმარჯვოს, არ მქონდეს იმედი, იმიტომ რომ ეს არის ჩემი როგორც მსახიობის პირველი რიგში დანიშნულება, რომ სხვას მივცე იმედი და სხვას მოვუწოდო, რომ მის არასწორ საქციელს, შეიძლება ბევრი ცუდი რამ მოჰყვეს. ეს არის როგორც მსახიობის პოზიცია. ახლო წარსულში იყო ასეთი მაგალითი, მე ვთამაშობდი უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდის დედას და როგორ შემიძლია სხვას ვაჩვენო ეს ტრაგედია, თუ რა ხდება ასეთ დროს იმ ადამიანების ოჯახში, თუ კი მე გულგრილი ვიქნები და არ ვიქნები ასეთი ადამიანების გვერდში, არ გავიზიარებ მათ პრობლემებს“- მიმართა სასამართლოს ტყებუჩავამ.