ქართულ თხილზე მოთხოვნა და ფასიც გაიზარდა. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, ექსპორტმა, წინა წელთან შედარებით, 21%-ით მოიმატა. საბაზრო ფასის ცვლილებაც ამას უკავშირდება. ექსპორტიორები ადასტურებენ, რომ მოთხოვნის ზრდა თხილის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება, თუმცა ახლა სეზონური ფაქტორიც მოქმედებს.
ზოგადად ფასი ახალი წლის პერიოდში იმატებს. თხილის გადამამუშავებელთა და ექსპერტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ქარდავას თქმით, ექსპორტის ზრდა შესამჩნევია თანხობრივ ჭრილში. ქართული პროდუქტი, ძირითადად, ევროპის ქვეყნებში გადის.
,,ექსპორტი რაოდენობრივად მნიშვნელოვნად არ არის გაზრდილი. სხვაობა უფრო თანხობრივ შემოსავალშია. ამაზე სავალუტო ცვლილებამაც მოახდინა გავლენა. შარშანდელთან შედარებით ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 20-25%-ით მოიმატა. საშუალო ხარისხის თხილს თუ ავიღებთ, 1 კგ-ს ფასი 5 ლარიდან 8-9 ლარამდე მერყეობს, ხარისხს გააჩნია.
გლობალურ ბაზარზე თხილის ძირითადი მომხმარებელია ევროკავშირი. ჩვენც შესაბამისად წარმოების ძირითადი ნაწილი – 80%-ზე მეტი ამ მიმართულებით გაგვაქვს. პირველ ადგილზეა იტალია, მას მოყვება გერმანია და მერე უკვე დანარჩენი ქვეყნები, დინამიკა ცვალებადია. მეზობელი ქვეყნებიდან, თხილი, ძირითადად, სომხეთში გადის. სომხეთი საახალწლოდ დიდი რაოდენობით მოიხმარს და იქაც გაგვაქვს.
მოთხოვნაზე დიდწილად ხარისხიც მოქმედებს. თუ თხილს მოუვლის ფერმერი, შედარებით მაღალი ხარისხი გვექნება, რითაც მეტი სარგებელი გაჩნდება. მომავალი მოსავლის ფასთან დაკავშირებით პროგნოზი ნაადრევია, სანამ აგვისტო არ დადგება ვერაფერს ვიტყვით. ვინც თხილის პლანტაციებს უვლის, მოსავალი მეტი აქვს და ფასითაც კმაყოფილია”, – განაცხადა ლევან ქარდავამ.
აღსანიშნავია, რომ მოსავლის 97% ექსპორტზე გადის. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მერაბ ჭითანავა აქცენტს ქართული პროდუქტის ხარისხზე აკეთებს, თუმცა საუბრობს გამოწვევებზე, რაც მისი თქმით, ფაროსანას გავრცელებას უკავშირდება და მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, რისკი ჯერ კიდევ არსებობს.
,,ევროპულ ბაზარზე ქართულ თხილზე მოთხოვნა მაღალია. ევროპულ ბაზარს პროდუქტს ინტენსიურად ვაწვდით. ამ მხრივ ყველაზე აქტიური წინა სადღესასწაულო პერიოდი იყო. მოსავლის ძირითადი ნაწილი საექსპორტოა. შესაბამისად, გაზრდილია როგორც მოთხოვნა, ასევე შემოსავალი, რასაც “საქსტატის” მონაცემებიც ადასტურებს.
საქართველოდან თხილი, ძირითადად, გერმანიისა და ისრაელის ბაზრებზე გადის. პროდუქტი ასევე ჩინეთსა და დუბაიში იყიდება. თხილზე მოთხოვნა დაბალია ადგილობრივ ბაზარზე, სწორედ ამიტომ მოსავლის უდიდესი ნაწილი ექსპორტისკენ მიიმართება. მთავარი ბაზრები ჩვენთვის არის იტალია და გერმანია. თუმცა ინტენსიურად შევდივართ ჩინეთის ბაზარზე, ასევე ისრაელსა და ლიბიის ბაზარზეც გამოვჩნდით”, – განაცხადა ჭითანავამ.
თხილის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციას დადებითად აფასებენ ფერმერები, რომელთა განცხადებითაც, თხილის ფასთან დაკავშირებით სტანდარტი საკმაოდ მკაცრია და სასურველია, რომ ის დაკორექტირდეს.
ხონელი ფერმერი ლევან რუხაძემ ,,რეზონანსთან” აღნიშნა, რომ არსებული სტანდარტის მიხედვით, 100%-იანი მოსავლის მიღება წარმოუდგენელია.
,,პირადად მე ყვველწლიურად კარგი მოსავალი მაქვს და შესაბამისად ფასიც ნორმალურია. გარჩეული ხარისხიანი თხილის ფასი, საშუალოდ, 18-20 ლარია. სექტემბერ-ოქტომბერთან შედარებით, ახალი წლის შემდეგ ყოველთვის მატულობს და ფასის მხრივ ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი აპრილ-მაისის დასაწყისი. ამ მხრივ მიმდინარე სეზონი ერთ-ერთი საუკეთესოა”, – განაცხადა ფერმერმა.
ოკუპირებულ აფხაზეთს რაც შეეხება, იქ თხილის ფასი გაცილებით დაბალია. მოსახლეობა დღემდე ინახავს შემოსავალს,მაგრამ ენგურს გაღმა გადმოტანა დამატებით ხარჯებს უკავშირდება. ე.წ. მესაზღვრეები კილოგრამ თხილზე გადმოტანის საფასურს თითო კილოგრამზე 0,30-0,35 ლარს აწესებენ. ეს საკმაოდ დიდი ხარჯია. ამიტომ მოსახლეობას არ უღირს ზუგდიდში მოსავლის რეალიზაცია.
,,საქსტატის” მონაცემებით, საქართველომ 2024 წელს თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტიდან 105 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 21%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. თხილი და კაკალი საქართველოს საექსპორტო კალათის პირველ ათეულში შედის და მისი წილი ექსპორტში 3.5%-ს შეადგენს.
ექსპორტიორ ქვეყნებში იტალია, ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საერთაშორისო ბაზარზე (ჩატანილი) თხილის ფასი 7 ევროს ფარგლებშია.
ქვეყანაში მოყვანილი თხილის 97% უცხოეთში გადის, ხოლო 3% ადგილობრივ ბაზარზე რჩება.