ამაღლობელს მიმდინარე კვირაში კვლევები ჩაუტარდა, შედეგები გამოვითხოვეთ – ომბუდსმენი

სახალო დამცველის ინფორმაციით, მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე მე-19 დღეა შიმშილობს, მიმდინარე კვირაში სამედიცინო კვლევები ჩაუატარდა, რისი შედეგებიც ომბუდსმენის აპარატს გამოთხოვილი აქვს.

როგორც განცხადებაში წერია, 27 იანვარს სახალხო დამცველის აპარატის ექიმი პენიტენციურ დაწესებულებაში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დაკავებულ დირექტორს გაესაუბრა. მათი ინფორმაციით, “იმ დროისთვის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.”

“სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ მზია ამაღლობელს მიმდინარე კვირაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, რომლის შედეგები აპარატს უკვე გამოთხოვილი აქვს. სამედიცინო მასალებს კვლავ გაეცნობა და შეაფასებს აპარატში დასაქმებული ექიმი ასევე, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ ვიზიტს განახორციელებს.

ის სამედიცინო მასალები, რომლებიც ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია, უკვე მიწოდებული აქვს მზია ამაღლობელის კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია).

გარდა ამისა, მზია ამაღლობელის მდგომარეობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მზია ამაღლობელის მხარე მუდმივ რეჟიმში იღებს, დისტანციურად თუ პირადი შეხვედრებისას.

სახალხო დამცველის აპარატისთვის ასევე ცნობილია, რომ ადვოკატმა გამოითხოვა მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, რაც ჯერჯერობით არ მიუწოდებიათ. აპარატმა, ამ პროცესის დაჩქარების მიზნით, დაუყოვნებლივ, წერილობით მიმართა პენიტენციურ სამსახურს. აპარატი მიადევნებს თვალს, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან მასალების მიწოდება დაცვის მხარისთვის არ შეფერხდეს.” – წერია განცხადებაში.

მათივე ცნობით, “დაკავების დღიდან, სახალხო დამცველმა და მისმა რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, მედიცინის დოქტორმა, შვიდჯერ მოინახულეს ჟურნალისტი.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share