“ჩვენ ვცხოვრობთ სტიქიიდან სტიქიამდე” – ნინო ჩხობაძე

“ჩვენ ვცხოვრობთ სტიქიიდან სტიქიამდე” – ამის შესახებ “საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ დასავლეთ საქართველოში გამძვინვარებული სტიქიური მოვლენების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად არაერთი ტრაგედიისა, გაუმართავი სახელმწიფო პოლიტიკის გამო, ქართველი ხალხი სტიქიის წინაშე უსუსურია. ნინო ჩხობაძის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს სწრაფი რეაგირების სისტემები და კონკრეტული გეგმა, რომელიც საზოგადოებას სერიოზულ პრობლემებს თავიდან ააცილებდა.

ჩვენ აღმოვჩნდით სტიქიასთან აბსოლუტურად უსუსურები, რადგან მიუხედავად იმისა, რომ შოვის ტრაგედიიდან, ვერის ტრაგედიის შემდეგ ვიძახდით, რომ სწრაფი რეაგირების სისტემები უნდა არსებობდეს და იყოს დამუშავებული სახელმწიფოში, კოორდინირება მაინც არ ხდება, ბოლომდე არ გვაქვს დამუშავებული არცერთი გეგმა და სქემა, შესაბამისად ძალიან სერიოზული პრობლემები შეიქმნა.

ჩვენ ვცხოვრობთ სტიქიიდან სტიქიამდე. მერე გვავიწყდება, რომ სტიქია მოხდა, ამას მომზადება და უკურეაგირება სჭირდება. დღეს უკვე უნდა დაიწყოს მუშაობა, თუ დიდი ნალექის მოსვლის შემდეგ რა მოხდება, როდესაც ტემპერატურა აიწევს. რისკების შემდეგ უნდა მოხდეს ანალიტიკა, როდის რა მოხდა, როგორი პრობლემა მოხდა. უნდა მოხდეს შესწავლები. რა აკლდა მუნიციპალიტეტს, რა ტექნიკა იყო საჭირო. ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ გეოგრაფიული მონაცემებით, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში უნდა იყოს სამაშველო ვერტმფრენი, სამაშველო სამსახურები, მოხალისეების ბრიგადები და ჯგუფები. ხალხი უნდა იყოს მომზადებული”. – განაცხადა ნინო ჩხობაძემ. 

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. დილიდან გურიის სოფლებში ისევ თოვს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

“ქართული ოცნების” ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში, დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში, არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share