საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც 2024 წელს დემოკრატიის ინდექსი ყველაზე მეტად გაუარესდა | Economist Intelligence Unit

2024 წლის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდა. ქვეყანა რეიტინგში 94-ე ადგილზეა 4.7 ქულით. Economist Intelligence Unit-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველო  2023 წელთან შედარებით 5 ადგილით ჩამოქვეითდა და ჯერჯერობით, კვლავ ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში გადის. 

დემოკრატიის ინდექსი, რომელიც 0-10 სკალაზე ფასდება ეფუძნება ხუთ კატეგორიას: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, ხელისუფლების ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლებები. ამ კატეგორიის ფარგლებში ინდიკატორების ქულების მიხედვით, თითოეული ქვეყანა კლასიფიცირდება, როგორც რეჟიმის ოთხი ტიპიდან ერთ-ერთი: „სრული დემოკრატია“, „ნაკლოვანი დემოკრატია“, „ჰიბრიდული რეჟიმი“ ან „ავტორიტარული რეჟიმი“.

საქართველოს მაჩვენებლები ასეთია:

საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი 5.67, ხელისუფლების ფუნქციონირება 3.21, პოლიტიკური მონაწილეობა 5.56,  პოლიტიკური კულტურა  3.75, სამოქალაქო თავისუფლებები 5.29

საქართველო იმ ქვეყნების ათეულში შედის, რომლის ინდექსმაც ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა.

კვლევაში საუბარია საქართველოსთან მიმართებით რუსეთის ფაქტორზეც.

2024 წელს რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს პოლიტიკაში, თუმცა ირიბი გზით და არა პირდაპირი ჩარევით. გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენების კონტრავერსიული კანონპროექტის მიღებამ, დიდი საპროტესტო აქციები გამოიწვია. ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის მომავლის შესახებ ორი განსხვავებული შეხედულებების დაპირისპირების საგნად იქცა – ან რუსეთისკენ – ან ევროკავშირისკენ, როგორც ეს წარმოადგინეს დაპირისპირებულმა მხარეებმა, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა. არჩევნებზე  ხმის მიცემის პროცესი დააზიანა არანორმალურმა გარემოებებმა, მათ შორის ზეწოლამ ჟურნალისტებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე ცნობებმა ხმების სავარაუდო მოსყიდვის შესახებ და საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრამ. ოპოზიციამ ყურადღება გაამახვილა მმართველი პარტიის გავლენებზე ორგანიზაციებზე, რომლებსაც არჩევნებს ზედამხედველობენ. მმართველმა გუნდმა მოიგო არჩევნები და 2024 წელი მასშტაბური ქუჩის პროტესტებით დასრულდა.

Economist Intelligence Unit-ის დემოკრატიის ინდექსი ასახავს დემოკრატიის მდგომარეობას 165 დამოუკიდებელ სახელმწიფოსა და ორ ტერიტორიაზე. ეს მოიცავს მსოფლიოს თითქმის მთელ მოსახლეობას და მსოფლიოს სახელმწიფოების აბსოლუტურ უმრავლესობას (მიკროსახელმწიფოები გარდა).

როგორც კვლევაშია ნათქვამი 2024 წელს ქვეყნების ინდექსის ქულების გაუმჯობესებაზე მეტი გაუარესება დაფიქსირდა, ყველაზე დიდი ცვლილებები, როგორც წესი, ინდექსის რეიტინგის ქვედა ნახევარში, „ჰიბრიდულ რეჟიმებსა“ და „ავტორიტარულ რეჟიმებს“ შორის მოხდა. ბოლო ტენდენცია ქულების დაღმასვლაა, რადგან ავტოკრატია იჭრება და უფრო მეტად იმკვიდრებს ფესვებს. ქვეყნები, რომლებიც „ნაცრისფერი ზონაში“ არიან, ე.წ ჰიბრიდული რეჟიმები დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის, განიცდიან რყევას დემოკრატიზაციის მომხრე და მოწინააღმდეგე ძალების ზეწოლის შესაბამისად –  აღნიშნულია კვლევაში.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share