გურიის 1905 წლის აჯანყება

გურიის 1905 წლის აჯანყება – „განმათავისუფლებელი საერთო ფონდი“
.
ნასაკირალის ბრძოლის (1905 წლის 20-21 ოქტომბერი) შემდეგ კავკასიის მთავარმართებლის 28 ოქტომბრის ბრძანებით, გურიისკენ დაიძრა საკმაოდ დიდი რუსული სამხედრო შენაერთი, რომელიც შედგებოდა შვიდი ბატალიონისაგან, 4 კაზაკთა და ერთი მეტყვიაფრქვევეთა ასეულისაგან, ასევე სამი ბატარეა ოცამდე ზარბაზანით. მთლიანობაში ჯარის ოდენობა 8000 ჯარისკაცს აღემატებოდა, ეს შენაერთი გურიის საზღვართან დაბანაკდა. ამასვე ემატებოდა გურიაში 1905 წლის თებერვალში შეყვანილი 4000-ზე მეტი ჯარისკაცი ათამდე ზარბაზანით და საველე ლაზარეთი, ამ ყველაფერს ასევე ემატებოდა ბათუმში მდგარი საკმაოდ მოზრდილი რუსული სამხედრო შენაერთი. ფაქტი იყო, რომ ნასაკირალის ბრძოლის შემდეგ რუსები გურულებზე სასტიკ ანგარიშწორებას აპირებდნენ.
.
ყველა ზემოხსენებული შენაერთი გურიიდან გავიდა 1905 წლის 7 ნოემბერს, რუსების ამ საქციელს სხვადასხვა სახის განმარტებას აძლევენ, რომელიც ჩემი აზრით ნაკლებად სარწმუნოა, რისი თქმის საფუძველს მაძლევს 1905 წლის გურიის აჯანყებასთან დაკავშირებით ჩემს მიერ შეგროვებული საკმაოდ მნიშვნელოვანი მასალა.
.
ფაქტია, რომ გურიის 1905 წლის აჯანყებას ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის სხვა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიშნებიც აქვს მაგრამ ამჯერად 1905 წლის ნოემბერში რუსული ჯარის გურიიდან გასვლასთან დაკავშირებულ ორ ფაქტზე მინდა ვისაუბრო:
.
1. ფაქტი – 1905 წლის 28 ოქტომბერს ანუ გურიაში ჯარის გამოგზავნის დღესვე ტფილისის თავადაზნაურთა მარშალის ჯამბაკურ ორბელიანის მოწვევით შედგა თავადაზნაურთა შეკრება, სადაც იხილებოდა კავკასიის მთავარმართებელისადმი შუამდგომლობა გურიიდან ჯარის გაყვანაზე.
.
შეხვედრასთან დაკავშირებით გთავაზობთ გაზეთ ივერიაში გამოქვეყნებულ წერილის ფრაგმენტს – სხდომაზე რამდენიმემ განაცხადა, რომ თუ – „დეპუტაციით ვერას გავხვდებით, პირდაპირ და აშკარად შევატყობინოთ ნამესტნიკს, რომ, თუ იქედან ჯარს არ გამოიყვანს, ჩვენ და სულ ყველანი იარაღით წავალთ და ჩვენს სისხლსაც იქ დავღვრითო.“
.
2. ფაქტი – 1905 წლის ნოემბერში გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა იაკობ გოგებაშვილის წერილი „განმათავისუფლებელი საერთო ფონდი“, სადაც გოგებაშვილი აყენებს შემდეგ წინადადებას:
.
„იმ ფულს, რომელიც ახლა გროვდება გურულების სახელობაზე, არ შეშვენის შეწირულობის სახელი. ეს წმინდა ვალის გადახდაა და არა შეწირულობა, დახმარება. დიახ ჩვენ ყველანი ყელამდინ ვალში ვართ გურულების წინაშე. მათ პირველებმა გამოიღვიძეს, აირჩიეს გამათავისუფლებელი გზა, შეიმუშავეს ნამდვილი დემოკრატიული პროგრამა და ამ პრიგრამის განხორციელებას შეუდგნენ.“
.
„თუ ქართველი ერის მეტ-ნაკლებობით გატეხილი სახელი აღდგა და პატივით იხსენიება კავკასიასა, რუსეთსა და მთელს განათლებულ კაცობრიობაში ეს უმთავრესად გურულების დამსახურებაა“ აქვე „აქ საჭიროა სამუდამო ხარჯის კისვრა, ყოველთვიური გადასახადი. საჭიროა დაარსდეს განმათავისუფლებელი საყოველთაო ფონდი.“
.
ჩემი აზრით ეს ორი ფაქტი აჩვენებს, რომ 1905 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ქართული საზოგადოების მხარდაჭერა გურულების მიმართ იყო ძალიან დიდი, შესაბამისად ჯარის უკან დახევა გამოწვეული იყო აჯანყებულების გარშემო ქართული საზოგადოების კონსოლიდაციით, რაც დიდი ალბათობით შესაძლოა ერთიან ეროვნულ გამათავისუფლებელ აჯანყებაში გადაზრდილიყო.
.
როგორც შემდეგში აღმოჩნდა ჯარის უკან დაბრუნება მხოლოდ დროებითი მშვიდობა იყო და ნოემბერ-დეკემბერში რუსულმა ოხრანკამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა საზოგადოების გასათიშად, რის შემდეგაც 1905 წლის ბოლოს რუსული ჯარი გურიაში შევიდა და მოსახლეობა სასტიკად დარბია.
.
P.S. სამწუხაროდ დღევანდელ ქართულ საზოგადოებას გურიის 1905 წლის აჯანაყებასთან დაკავშირებული საკითხების რეალური აღქმა არა აქვს და ეს ყველაფერი საბჭოთა ან/და კომუნისტურ “გაუგებრობად” მიაჩნია
შეიძლება იყოს text that says '1906r.0 1906 г. Один из кварталов г.Овургети, г. разрушен- карательными BOj войсками ска ми ген. Алиханова. (ЦГАКФФД ГрССр. Репродукция Репро и8 подлинника).' გამოსახულება

კახა ჩავლეშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share