„ხელი“ – ძველი ქართული ნიშანი
.
სეპარატისტული აფხაზეთის დროშაზე გამოსახული ხელი და მწვანე ზოლები უძველესი ქართული ნიშნებია, რაც გამოსახულია საქართველოს ტერიტორიასთან მიმართებაში ძველ ევროპულ პორტულანებზე (გუილემ სოლერის 1385 წლის, პიეტრო ვესკონტეს 1325 წლის და გაბრიელ დე ვალსეკას 1439 წლის პორტულანები), ამაზე ძალიან ბევრია დაწერილი და თავს არ შეგაწყენთ.
.
ალბად ხშირად გაგიგონიათ „ხელი დაადო“ ან „ხელდაუდებელი“ და ა.შ. რომლთა მნიშვნელობაც ყოველგვარი განმარტების გარეშეც საყოველთაოდ ცნობილია.
.
„ჴელის-დადება“-ს სულხან საბა განმარტავს შემდეგი სახით – „გინა დიდებულმან ვინ გინდა მიიბაროს და თვის(ი) საფარველს ქვეშ დაიფაროს, გინა ღირსმან ლოცვის მიღებად თავზე(დ) ჴელი დასდვას ვისმე“.
ანუ „ხელის დადება“ ნიშნავდა რისიმე ან ვისიმე მფარველობას ან/და პატრონობას, ანუ „ხელისდება“ ან „ხელის დადება“ უძველესი ქართული სოციალურ პოლიტიკური ტერმინია, რომელიც გარკვეულ ტერიტორიაზე სუზერენის ძალაუფლების აღნიშვნელიც გახლდათ.
.
ნიკო ბერძენიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით უთითებს შემდეგს – „ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის“ 1578 წლის დავთარში ვკითხულობთ: „ჯიმასტაროს წყაროს აქათ დიდი მუხა რომე დგას, ბატონის ალექსანდრეს და ბაგრატის ჴელიცა აზის და თარჯიცაჲ; იმ წყაროს აქეთ. საჯიმანშტარო არ არის, საქუთათლო არის“. ასევე ბერძენიშვილი უთითებს ბიჭვინთის ეკლესიისადმი სოლომონ მე-2-ის შეწირულობის წიგნის ტექსტს – „ამ მამულზე „ჴელი აემართა“ და ბიჭვინტის ღვთის მშობლისათვის „მოებარებია“, მან ეკლესიას არა მარტო ძველი დავთარი განუახლა, არამედ მამულის საზღვრის ნიშნებიც: ძველს თარჯებზე ახალი თარჯიც „დასძინა“ და „ჴელიც დასვა““
.
„მამულზე „ჴელის ამართვა“ ამ მამულის გამიჯვნაში გამოიხატებოდა. ზემოთ ჩვენ დავინახეთ, რომ მამულის გამიჯვნისას მასზე მასტერიალურ „ჴელს“ ამართავდნენ (ჯვარს დასვამდნენ); ეხლახან მოტანილ ორი („ცნობიდან ვხედავთ, რომ მამულის მიჯნებად ჴელს არა მარტო მიწაზე „ამართავდნენ“, არამედ, სადაც ეს მოსახერხებელი იყო, ხეზედაც „დაასვამდნენ“ აგრეთვე. ამასთანავე ამ საბუთებით, ისიც დასტურდება, რომ ჴელის ამართვა თუ დასმა უზენაესის ხელისუფლების საქმეა.“
.
შემდეგში „ხელი“ და „ჴელის ამართვა“ მამულის მიჯნების დადგენაში გამოიხატებოდა. ხელს გამოსახავდნენ ქვაზე ან ხეზე, გამოსახვის ფორმა შესაძლოა ჯვარიც ყოფილიყო – „მამულის საზღვრის მატერიალურ ნიშანს ზოგჯერ „ჴელი“ ეწოდებოდა და ამ ჴელს ჯვარის სახე ჰქონდა“ (ნ.ბ.).
.
“ამ ჩვეულების მოწმობა შეიძლება იყოს ჩვენში არა ერთ ადგილას აღნიშნული „ჯვარიანი ხე“ („ჯვარიანი მუხა, „ჯვარიანი ცაცხვი“, ჯვარიანი წიფელი“). კერძოდ, ჩვენ სოფელში, გოგოლესუბანში „ჯვარიანი წიფელი“, რომელზედაც მართლაც ჯვარი იყო ამოჭრილი, სასოფლო ტყეს სახელმწიფოსაგან ჰყოფდა.“ (ნ. ბ.)
.
აქვე ბერძენიშვილი კონკრეტულად ჯვარცხმა-ინტაბუეთის საზღვარზე არსებულ „ხელ-ფეხიან მუხაზე“ საუბრობს – „შესაძლებელია კიდევ უფრო საინტერესო იყოს „ხელფეხიანი მუხა“ ინტაბუეთს, გურიაში. შეიძლება ამ ბებერ მუხაზე – ის არა ერთი ასეული წლის უნდა ყოფილიყო მართლაც იყო ოდესმე ჯვარცმა-ინტაბუეთის საზღვრის ნიშნად „ხელი დასმული“ და შემდეგ, როდესაც ამ ხელის რეალური მნიშვნელობა აღარ ესმოდათ „ხელიანი მუხა“ „ხელფეხიანად“ იქცა და ლეგენდაც შეითხზა, თითქო იმ მუხაზე ადამიანის ხელფეხი ეკიდა?…“
.
– სულხან საბა ორბელიანი – ქართული ლექსიკონი (1884 წელი)
– ნ. ბერძენიშვილი „საქართველოს ისტორიის საკითხები“ (1966 წელი)
– გუილემ სოლერის 1385 წლის პორტულანის ფრაგმენტი; Guillem Soler Portolan 1385. Paris National Library

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა