მჯერა, ბიზნეს სექტორი გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლაში – ელჩი

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება და მჯერა, რომ ბიზნეს სექტორი გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლაში, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირმა საქართველოს ბიზნეს კლიმატის 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ (EBA) მოამზადა. ანგარიშის თანახმად, საქართველოში მოქმედი ევროპული ბიზნესებისთვის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური არასტაბილურობაა, რომელიც განსაკუთრებით გასულ წელს გაიზარდა.

კვლევასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში რეფორმების მიმართულებით არსებული რეგრესი ბიზნესების განვითარების ერთ-ერთი წამყვანი შემაფერხებელი ფაქტორია. პაველ ჰერჩინსკი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ბიზნეს კლიმატზე ნეგატიურ გავლენას ახდენს სამუშაო ძალის პროფესიული უნარების დეფიციტიც, რომლის ეკონომიკური ეფექტიც აღნიშნულ კვლევაში დეტალურად არის შეფასებული.

“2023 წლის დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, იმ დათქმით, რომ შესრულდება ცხრა ძირითადი რეკომენდაცია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლებიც კანდიდატი ქვეყნისგან მოითხოვება. ევროკავშირში გაწევრიანება არჩევანია, მაგრამ გაფართოების პროცესი ეფუძნება დამსახურებას და დამოკიდებულია კანდიდატი ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე. ეს რეფორმები არ მატერიალიზდა, რის გამოც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები გაუარესდა. ჩვენ ძლიერ ვწუხვართ შექმნილი ვითარების გამო.

ევროკავშირი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა იმ ძირითადი ღირებულებებისგან უკან დახევის გამო, რომლებზეც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები იყო დაფუძნებული, ევროკავშირმა თავისი დახმარების დიდი ნაწილი შეამცირა. ამჟამად მიმდინარეობს მიმდინარე პროგრამების ძირეული გადახედვა. საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების შედეგად, ჩვენ ვერ შევძლებთ მრავალი წარმატებული პროექტის გაგრძელებას საქართველოში”, – აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

მისივე თქმით, ნეგატიური პოლიტიკური მიმართულება უარყოფითად აისახება როგორც ეკონომიკურ გარემოზე, ასევე იმ ბიზნესებზე, რომლებიც საქართველოში ოპერირებას ცდილობენ. როგორც ელჩი ამბობს, მრავალი კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოვიდა იმ მოლოდინით, რომ ქვეყანა ევროკავშირს უფრო მიუახლოვდებოდა. “დღეს კი მათ ლეგიტიმური კითხვები და ეჭვები უჩნდებათ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით, რადგან გაფართოების რეფორმების დღის წესრიგი არის სტრუქტურული, ინკლუზიური და მდგრადი ტრანსფორმაციის მთავარი ფაქტორი”- აღნიშნა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share