ცენტრი განმარტავს, თუ რატომ არის სანქციები არაპროპორციულად მკაცრი, შეუსაბამო და არათანმიმდევრული.
ცნობისთვის, ბოლო თვეებში, უწყვეტი პროტესტის საპასუხოდ, “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით კიდევ უფრო გაამკაცრა კანონმდებლობა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაერთი მუხლი ცალკეული სამართალდარღვევებისთვის აბსოლუტურად განსაზღვრულ სანქციას ითვალისწინებს. ეს კი გულისხმობს იმას, რომ ნორმა იმპერატიულად აწესებს სახდელის ერთადერთ სახეს, მინიმალური და მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის ნაცვლად.
შესაბამისად, მოსამართლეს საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების საფუძველზე სახდელის შერჩევის შესაძლებლობა არ აქვს და მან ყველა შემთხვევაში კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სახდელის სახე და ზომა უნდა გამოიყენოს.
აბსოლუტურად განსაზღვრული სახდელის მქონე სამართალდარღვევებს კი მიეკუთვნება, მათ შორის, შეკრებებსა და მანიფესტაციაზე ნიღბის ტარება (ჯარიმა -2000 ლარი), გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა (ჯარიმა- 5000 ლარი), ვანდალიზმი (ჯარიმა-1000 ლარი), მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დამახინჯება (ჯარიმა-1000 ლარი) და სხვა. კოდექსში გვხვდება ისეთი მუხლებიც, რომელიც სახდელის ერთადერთ სახედ პირდაპირ განსაზღვრული ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს,“ – აღნიშნულია ცენტრის ინფორმაციაში.
როგორც შეჯამებაში ვკითხულობთ, მკაცრ სახდელებთან ერთად, პრობლემურია ისიც, რომ მოქმედი კოდექსით გათვალისწინებული სახდელები ერთმანეთთან შეუსაბამო და არათანმიმდევრულია. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა შეკრება-მანიფესტაციებზე ხშირად გამოყენებულ სამართალდარღვევებთან მიმართებით, რომლებზეც გაცილებით მკაცრი სახდელებია გათვალისწინებული, ვიდრე უფრო მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველ დარღვევებზე.
„მაგალითად, საპროტესტო აქციაზე ნიღბის ტარებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა (2000 ლარი) 10-ჯერ აღემატება ბავშვზე ძალადობის დამალვისთვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალურ ოდენობას. შეკრება-მანიფესტაციებზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა კი იმავე ოდენობის ჯარიმით (5000 ლარი) ისჯება, როგორც ლიცენზიის გარეშე განხორციელებული სამედიცინო საქმიანობა“, – აღნიშნავენ სოციალური სამართლინობის ცენტრში.
www.bpn.ge