რძეში, ხორცსა და კვერცხში დამაბინძურებლების კვლევაზე სესმა ტენდერი გამოაცხადა

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური წარმოშობის სურსათში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების კვლევაზე ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღების პერიოდი 23-28 აპრილია, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 322 515 ლარი.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად, გამოსაკვლევი ნიმუშების სავარაუდო რაოდენობაა 1339. დამაბინძირებლები და სხვა ნარჩენი ნივთიერებები უნდა გამოიკვლიონ მსხვილფეხა პირუტყვის, ცხვრის, ღორის, ბოცვრისა და ფრინველის ხორცში (839 ნიმუში), კვერცხში (200 ნიმუში) და რძეში (300ნიმუში).

დამაბინძურებლების და ნარჩენი ნივთიერებების ჩამონათვალი კი ასეთია.

პროჟესრეტონი, მედროქსიპროჟესტერონის აცეტატი, 17- β ესტრადიოლი, თრენბოლონი, ტესტოსტერონი, ზერანოლი, დაფსონი, ქლორამფენიკოლი, ფურაზოლიდონი (AOZ), ფურალტადონი (AMOZ), ნიტროფურაზონი (SEM), ნიტროფურანთოინი (AHD), მეტრონიდაზოლი (MNZ), დიმეტრიდაზოლი (DMZ), რონიდაზოლი (RNZ), ტეტრაციკლინი, ოქსიტეტრაციკლინი, ქლორტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი, ბენზილპენიცილინი, ამპიცილინი, კლოქსაციკლინი, სტრეპტომიცინი, კანამიცინი, ნეომიცინი, გენტამიცინი, ერითრომიცინი, ალბენდაზოლი, ლევამიზოლი, აფლატოქსინი M1.

მომსახურების მიწოდების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდია მიჩნეული. ერთ ნიმუშზე ლაბორატორიული კვლევის შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 სამუშაო დღეს.

ლაბორატორიული კვლევისათვის წარდგენილი ნიმუშების გამოცდა (ტესტირება) უნდა ჩატარდეს აღნიშნული შესყიდვით განსაზღვრული გამოსაკვლევი მაჩვენებლების ტესტირების სფეროში აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, აკრედიტირებული მეთოდებით; კვლევის ჩატარება ასევე შესაძლებელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აკრედიტაციის სფერო დამტკიცებული უნდა იყოს მიმდინარე ტენდერის წინადადების მიღების დამთავრებამდე

ტენდერის დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ პრეტენდენტის/მიმწოდებელის, მისი თანამშრომლების და ხელმძღვანელის საქმიანობაში არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი; პრეტენდენტი/მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი ხელმძღვანელი იქნება მიუკერძოებელი, ასევე მასზე და მის თანამშრომლებზე არ მოხდება კომერციული, ფინანსური ან სხვა რაიმე სახის ზეწოლა, რომელიც აისახება მათ გადაწყვეტილებაზე;პრეტენდენტის/მიმწოდებელის ხელმძღვანელი არ უნდა ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს მისი გადაწყვეტილების მიღების მიუკერძოებლობა და ნდობა კვლევებთან დაკავშირებით;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share