პოლიციელი, როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
“შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ – ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ როლანდ მესხი დაინიშნა.
როლანდ მესხი მრავალი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ხოლო 2021 წლის ივლისიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა,” – წერია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს რუსთაველზე მოქალაქეები აღდგომის ღამეს დაკავებული ადამიანების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და გზა დღისითაც გადაკეტეს. რა დროსაც საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეები ძალადობრივად გადაიყვანეს გზის სავალი ნაწილიდან და რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავების დროს როლანდ მესხმა აქციის მონაწილე გოგოს თმა მოქაჩა.