რუმინეთში, განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში „რუმინელთა კავშირის ალიანსის“ (AUR) 38 წლის ლიდერმა, მემარჯვენე ნაციონალისტმა ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა.
4 მაისს გამართული არჩევნების პირველ ტურში სიმიონმა დაახლოებით ორჯერ მეტი ხმა (41%) მიიღო, ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა, ბუქარესტის მერმა ნიკუსორ დანმა (21%).
დასავლური მედიის ნაწილი სიმიონს რადიკალ მემარჯვენე ევროსკეპტიკოსად მოიხსენიებს, თავად ამ შეფასებას არ ეთანხმება. ის ხშირად აკრიტიკებს ბრიუსელს და ამბობს, რომ დაარღვევს ევროკავშირის კანონებს, რომლებსაც არ ეთანხმება, თუმცა ფიქრობს, რომ რუმინეთი ბლოკის შემადგენლობაში უნდა დარჩეს.
Politico-ს თანახმად, AUR-ის პოლიტიკური პოზიციების უმეტესობა ემთხვევა ტრამპის MAGA მოძრაობის პოზიციებს, დაწყებული სოციალური კონსერვატიზმიდან — რომელიც საკუთარ თავს პრო-ქრისტიანულად და ოჯახის მხარდაჭერად წარმოაჩენს — დამთავრებული უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებით. პარტიის მხარდაჭერა Covid-19 პანდემიის ფონზე გაიზარდა, AUR-მა კი ანტიმეცნიერული განწყობები გამოიყენა მთავრობის მიერ მიღებული ზომების წინააღმდეგ და სოციალურ მედიაში ვაქცინებთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიების გაღვივებით.
სიმიონს 2024 წელს სამი წლით აეკრძალა უკრაინაში შესვლა, რასაც კიევი „სისტემურ ანტიუკრაინულ საქმიანობას“ უწოდებს. მას ასევე არაერთხელ აუკრძალეს მოლდოვაში შესვლა. სიმიონი რუმინეთის და მოლდოვის გაერთიანების მომხრეა.
Reuters წერს, რომ რუმინეთის არჩევნების შედეგები ევროკავშირში დონალდ ტრამპის სტილის ნაციონალიზმის აღზევების ტესტად განიხილება.
„ჩვენ ვართ ტრამპისტული პარტია, რომელიც რუმინეთს ნატოში ძლიერ პარტნიორად და შეერთებული შტატების ძლიერ მოკავშირედ აქცევს“, — განუცხადა სიმიონმა უცხოურ მედიას საარჩევნო უბნების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე.
გარდა იმისა, რომ სიმიონმა რუმინეთის 47 საარჩევნო ოლქიდან 36-ში მოიგო, მან ასევე მიიღო დიასპორის ხმების 61%.
„ეს არ არის მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება, ეს რუმინეთის ღირსების გამარჯვებაა. ეს არის მათი გამარჯვება, ვინც იმედი არ დაკარგა, მათი, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა რუმინეთის — თავისუფალი, პატივცემული, სუვერენული ქვეყნის“, — განაცხადა სიმიონმა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რუმინეთში 18 მაისს გაიმართება.
რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის ნოემბერში, კალინ გეორგესკუმ, ულტრამემარჯვენე, ევროკავშირის მოწინააღმდეგე და მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კამპანიაში ფული არ დაუხარჯავს, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 5%-ზე ნაკლები მაჩვენებლის შემდეგ 23%-ით პირველ ადგილზე გავიდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნები მას შემდეგ გააუქმა, რაც სადაზვერვო დოკუმენტების თანახმად, რუსეთის გავლენის სავარაუდო ფაქტები გამოვლინდა, მათ შორის საარჩევნო IT სისტემაზე კიბერშეტევები და სოციალური მედიის ფართომასშტაბიანი გააქტიურება გეორგესკუს სასარგებლოდ.
გეორგესკუ, რომელიც ნებისმიერ სახის დარღვევას უარყოფდა, თებერვალში გამოძიების ობიექტი გახდა საარჩევნო ფინანსების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდების, ციფრული ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებისა და ფაშისტური ჯგუფების პოპულარიზაციის ბრალდებებით, ხოლო მარტში მას ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.