ჩოხატაურის მერი ვოლოდიმირ ზელენსკიზე წერს – “ქვეყნის უბედურების ხარჯზე გამდიდრებული” – “ვაჭარი”

ჩოხატაურის მოქმედი მერი, დავით შარაშიძე, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და უკრაინის მოქმედ პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის ” ქვეყნის უბედურების ხარჯზე გამდიდრებულს”, “ვაჭარს” და “უკრაინელი ხალხისადმი გენოციდის მომწყობს” ეძახის:

“მეცოდება უკრაინა და უკრაინელი ხალხი, ამ მართლა ვაჭარი ზელენსკის ხელში, ვერ ვხვდები საკუთარი ქვეყანა ასე როგორ უნდა გაწირო, ჩვეულებრივი გენოციდი მოუწყო უკრაინელ ხალხს. ზელენსკი თავისი გადადგმული ნაბიჯებით, აზროვნებით და პოლიტიკით მაგონებს მიხეილ სააკაშვილს. ორივემ თავისი არასწორი პოლიტიკით, საკუთარი ქვეყანა ააოხრა, გაწირა, ომი ჰქონდა, ოჯახები გააუბედურა და ახალგაზრდა ვაჟკაცი ბიჭები მიწაში ჩააწვინა, ამ ყველაფრის ფონზე, მხოლოდ საკუთარი ჯიბეები გაისქელეს და ქვეყნის უბედურების ხარჯზე მხოლოდ თვითონ გამდიდრდნენ. ძალიან მალე თავად უკრაინელი ხალხი გამოუტანს ზელენსკის ვერდიქტს, ისევე როგორც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს. ისტორიას რომ გადავხედოთ რთულად თუ მოიძებნება ამ ორის მსგავსი პრეზიდენტი, რომლებზეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ არიან ერის, ქვეყნის მოღალატეები”

წერს ჩოხატაურის მერი, დავით შარაშიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ჩოხატაურში გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება” მომავალ ადგილობრივ არჩევნებში, ჩოხატაურის მერის პოსტზე დავით შარაშიძის კანდიდატურის დაყენებას აღარ აპირებს და როგორც ადგილზე ფიქრობენ, მოქმედი მერი ამ გზით ცდილობს, მმართველი პარტიის ბოსებს, საკუთარი ერთგულება დაუმტკიცოს და თავი შეახსენოს.

სურათზე” ჩოხატაურის მერი მარჯვნიდან პირველი

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share