“ცის გახსნა” და “ჯვარის ძალი” გურულების რწმენით

“ცის გახსნა” და “ჯვარის ძალი”
.
ტარასი მამალაძის მიხედვით გურულების რწმენით ყოველი წლის ერთ დღეს ერთი წამით ცა იხსნებოდა, ცის გახსნისას ყოველგვარი მოძრავი უძრაობაში გადადიოდა – “მდინარის დინება ჩერდებოდა და წყალიც კი იძინებდა”. ერთი წამის მერე ცა დაიხურებოდა და ყველაფერი ისევ ამოძრავდებოდა. ცის გახსნა როდის მოხდებოდა უცნობი იყო, მაგრამ თუ კი ვინმეს გაუმართლებდა და ამ წამს შეიცნობდა და რაიმე სურვილის ჩათქმას მოასწრებდა ის აუცილებლად აუსრულდებოდა.
.
“გურულების რწმენით ცა იხსნება, მაგრამ ეს გრძელდება სულ ერთ წამს. თუ კი ვინმე ამ მოვლენას შეამჩნევს, მას ამ მომენტში შეუძლია თავისთვის ნებისმიერი რაიმე ისურვოს, ასეთ შემთხვევაში მას სურვილი აუცილებლად აუსრულდება.” (ტ.მ)
.
ცის გახსნა შეიძლება ზოგადად „ცისკართან“, ანუ ცის კარების გახსნასთან ყოფილიყო დაკავშირებული, რომლის შემდეგ ალბად იყო „ცა“, შემდეგ კი „ზეცა“, ზეცას ზოგჯერ „ზესკნელის“ მნიშვნელობითაც ამბობდნენ. სულხან საბას განმარტებით სკნელი არის – „ესრე არს ვითარცა დასასრული რაჲმე კიდეთა“, მისი განმარტებით ზესკნელი არის – „ზეით უმაღლესი კიდე“, ანუ ზესკნელი კი არის ადგილი სადაც არაფერი არ იყო და ადამიანს არსებობა არ შეეძლო.
.
მამალაძეს ასევე გადმოცემული აქვს გურიაში წარმართული რწმენისაგან შემორჩენილი ე.წ. „ჯვარის ძალი“, რომელიც გურულების რწმენით იყო ნათელ ღამით ციდან დედამიწისკენ დაშვებული 1,5 არშინის სიგრძის მქონე კონუსისებული ცეცხლის კაშკაშა ნათება. ციდან დაშვებული „ჯვარის ძალი“ აუცილებლად წიწვოვანი ხის თავზე ჩერდებოდა, ყველაზე უფრო ხშირად კი ურთხელის. ხე რომელსაც ჯვარის ძალი დააჯდებოდა ხელშეუხებლად ითვლებოდა და მისი მოჭრა აღარ შეიძლებოდა.
.
ასევე თვლიდნენ, რომ თუ ნათება ეზოში მდგარ ხის თავზე გაჩერდებოდა ეს იმ ოჯახისათვის კარგს არაფერს არ მოასწავებდა. ამიტომაც გურულები „ბრძნილობდნენ“ წიწვოვანი ხის ეზოში დარგვას.
.
– ქართული ფოლკლორი : მასალები და გამოკვლევები : ტომი XIV – 1984 წელი
– Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа – 1893 г (XVII т.). Тарас Мамаладзе
– სულხან საბა „ქართული ლექსიკონი“ 1884
შეიძლება იყოს ჰორიზონტი, ღრუბელი and ბინდი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share